სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთში მოკლული და დაჭრილია 3000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო

8 hours ago 4

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად კურსკის ოლქში გაგზავნილი ჩრდილოკორეელი სამხედროებიდან მოკლულია სულ მცირე 300 და დაჭრილია დაახლოებით 2700.

ეს მონაცემები, როგორც სააგენტო Yonhap-ი წერს, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა წარუდგინა ქვეყნის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტს.

2025 წლის 5 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 3800 ჩრდილოკორეელი სამხედრო.

დღეს, 13 იანვარს სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს ტყვედ ჩავარდნის საფრთხის შემთხვევაში ხელმძღვანელობისგან თავის მოკვლა აქვთ ნაბრძანები.

11 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინელების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში დატყვევებული ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს ფოტოები. 12 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არიან ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს გადასცენ თავისი ჯარისკაცები, თუ მას შეუძლია რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებში მათი გაცვლის ორგანიზება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში იმყოფებიან, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, მათი რიცხვი 12 000-მდეა.

სრულად წაკითხვა