საქართველომ ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას მოაწერა ხელი

1 month ago 13

საქართველომ 5 სექტემბერს, ვილნიუსში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრთა კონფერენციაზე, ხელი მოაწერა ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ. კონვენციას ასევე მოაწერეს ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ისრაელმა, ანდორამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ და სან მარინომ. დოკუმენტი არის პირველი საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა, რომ ჩარჩო კონვენციის მიზანია უზრუნველყოს, რომ ხელოვნური ინტელექტის ზრდამ ხელი შეუწყოს და არა ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის სტანდარტებს. დოკუმენტი არის ღია ხელშეკრულება და მისი ხელმოწერის შესაძლებლობა სხვებსაც აქვთ. „იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი მრავალი ხელმოწერიდან და რომ მათ სწრაფად მოჰყვება რატიფიკაცია, რათა ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე შევიდეს ძალაში“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ბურიჩმა.

ჩარჩო კონვენცია უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს, ხელს უწყობს პროგრესსა და ინოვაციებს ხელოვნული ინტელექტის სფეროში და ამასთან, არეგულირებს რისკებს, რომლებიც შეიძლება მან გამოიწვიოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, ნათქვამია ევროპის საბჭოს პრესრელიზში. ჩარჩო კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 17 მაისს მიიღო. ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფო, ევროკავშირი და ევროპის საბჭოს 11 არაწევრი სახელმწიფო (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, კოსტა რიკა, წმინდა საყდარი, ისრაელი , იაპონია, მექსიკა, პერუ, ამერიკის შეერთებული შტატები და ურუგვაი) მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ხელშეკრულებაზე, სადაც დამკვირვებლების სტატუსით კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დოკუმენტს საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოაწერა ხელი. ახლა, როცა საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, წინ რატიფიკაციის პროცესია, რის შემდეგაც ის სამ თვეში ძალაში შევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა