საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

1 month ago 29
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2024 წელს პირველად სკოლაში მივიდა 50 ათასზე მეტი პირველკლასელი. სკოლაში ბავშვების მიღება 6 წლიდან ხდება. 2024 წელს პირველ კლასში დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებათ.
საჯარო სკოლებში ყველა პირველკლასელს, სახელმძღვანელოების გარდა, სპეციალური ნეთბუქები გადაეცემათ, რომელიც სწავლის პერიოდში გამოადგებათ. მასში ჩატვირთულია სხვადასხვა საგნის საგანმანათლებლო ინტერაქტიული პროგრამები.
პირველკლასელებისთვის სასწავლო პროგრამა დატვირთულია - პირველი კლასიდან ისწავლება როგორც ქართული, ისე ინგლისური ენები, ასევე ბუნებისმცოდნეობა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ჭადრაკი და სპორტი.
სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-10 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-11-დან მე-12 კლასამდე.
მოსწავლეთა შეფასება იწყება მე-5 კლასის მეორე სემესტრიდან. საქართველოს სკოლებში შეფასების 10-ქულიანი სისტემა მოქმედებს - 10 და 9 ქულა მაღალია, 7-8 საშუალოზე მაღალი, 6 და 5 საშუალო, ხოლო 5-ზე ქვემოთ დაბალი.
საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები არ ტარდება; მოსწავლეები მხოლოდ შუალედურ გამოცდებს აბარებენ. სკოლის მიერ დაწერილი შეფასებები გავლენას არ ახდენს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლებლობაზე, თუმცა, თუ მოსწავლის წლიური შეფასება 6 ქულაზე დაბალია, ის ვალდებულია აღნიშნულ საგანში გამოცდა შემოდგომაზე ჩააბაროს.
სრულად წაკითხვა