სენატორი შაჰინი: „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოში დიქტატურა იყოს და არა დემოკრატია

1 month ago 32

National Journal-თან ინტერვიუში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოელი აგენტის კანონის, ოქტომბრის არჩევნების და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დაპირების თაობაზე.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ-მა თავის შეშფოთება პირველად ერთი წლის წინ, კანონპროექტის პირველად ინიცირების შემდეგ გამოხატა, და რომ ვიზიტებმა საქართველოში, რა დროსაც ის და მისი კოლეგები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხვდებოდნენ, ცხადყო, რომ ეს წუხილი იქაც აქტუალურია.

„ის, რაც ამ ორგანიზაციებისგან გავიგეთ, არის მათი შეშფოთება, რომ ამ კანონის [ამოქმედების] შემდეგ ქვეყანაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ის რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, რასაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით არასამთავრობო ორგანიზაციების გადინება მოყვა. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოშიც“, – აღნიშნა სენატორმა და დასძინა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს და საგანგაშოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით.

სენატორმა შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კანონის მიღების საბაბად „გამჭვირვალობა“ დასახელდა. „მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. საუბარია ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობაზე“, – განაცხადა სენატორმა.

მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, სადაც საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობების „გაუარესებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში „სურვილის არარსებობას მოეგვარებინა გამოთქმული წუხილები“, კობახიძემ თხოვნით მიმართა ამერიკულ მხარეს, რომ „შეწყვიტოს ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“. შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის გზავნილი კობახიძის მიმართ ის იყო, რომ დემოკრატია „არ გულისხმობს განსხვავებული აზრისა და უთანხმოების ჩახშობას. ეს არის იმის აღიარება, რომ თქვენ საქმიანობას გააკრიტიკებენ, ეს დემოკრატიის ნაწილია“.

სენატორმა შაჰინმა აღნიშნა: „კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა იყოს და არა დემოკრატია“.

სენატორს ასევე ჰკითხეს, რამდენად შეშფოთებულია აშშ ოქტომბრის მოახლოებული არჩევნების გამო, რაზეც მან უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიულ უკუსვლას, რაც შეუსაბამოა იმასთან, რაც ქართველებს სურთ.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ დარჩება საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, სენატორი აღნიშნავს, რომ „თითოეული განცხადება, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის, ამასთან შეუსაბამოა“.

სენატორმა შაჰინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზზე ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადგილის მონახულებისას, იმ ადამიანებთან გასაუბრებისას, რომლებიც ოკუპაციის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, ასევე გორში სტუდენტებთან საუბრისას, რომელთაც უთხრეს მას, რომ ოკუპაციის გამო მათი ოჯახები გაყოფილია, იგი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მიუიხედავად იმისა, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, საქართველოს მაინც გადმოაქვს რუსული კანონები.

„მე მესმის, რომ საქართველო რთულ გეოგრაფიულ მდგომარეობაშია. მაგრამ ძნელი გასაგებია, რატომ ფიქრობენ ისინი, რომ მათი მომავალი რუსეთთან იქნება, როდესაც რუსეთს მათი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. და ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის რეალური შეშფოთება რუსეთის მიერ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავების პოტენციალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სენატორმა.

რაც შეეხება 95 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ „ახლა საქართველოს მთავრობის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეფასება მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ განახლდება თუ არა დაფინანსება, ამ შეფასების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გაუქმებული სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისას, სენატორმა განაცხადა: „ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ შეიარაღებული ძალების შემოყვანა და სამხედრო წვრთნების ჩატარება ხელისუფლებასთან, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები თქვენი ხელისუფლების დამხობას ცდილობს.”

„თქვენ გაქვთ შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა რაიმეს გაკეთება, რაც ამ შეთქმულების თეორიას შეუწყობს ხელს, ”- დასძინა მან.

ბოლოს სენატორმა შაჰინმა ქართველი ხალხის აქტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „არის რამდენიმე დებულება კანონპროექტიდან, რომლებიც შესულია ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში; ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ძირითადი დებულებები, მათ შორის სანქციები, მიღებულ იქნება. ჩვენ ველოდებით, როდესაც საბანკო კომიტეტი ხელს მოაწერს დებულებებს სანქციების შესახებ“.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით და სამოქალაქო საზოგადოების დამხობისკენ მიმართული სხვა მცდელობებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, იქნება თუ არა ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეშფოთებული ვართ იმით, რაც, როგორც ჩანს, არის ორკესტრირებული ძალისხმევა “ქართული ოცნების” მხრიდან, რათა დევნოს ოპონენტები, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას“, – განაცხადა სენატორმა და დასძინა: „ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც იმის გამო სცემეს, რომ მათ სურდათ ხელისუფლების წინააღმდეგ წასულიყვნენ. ჩვენ გვესმის სხვადასხვა ფრონტზე რეალური შეშფოთება იმის შესახებ, რასაც  ეს ხელისუფლება აკეთებს და რა რესპრესიებსაც ის ახორციელების თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა