“კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს.
პროკურატურა ამაღლობელს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. “კანონის უზენაესობის ცენტრი” განმარტავს, რატომ არ შეესაბამება ეს მუხლი ამაღლობელის ქმედებას.
“ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს პირის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. ქმედების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განხორციელების ხერხი, საშუალება, ვითარება, რა უძღოდა მას წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აუცილებელია დადგინდეს, რა შინაარსის ქმედებას ახორციელებდა დაზარალებული – ასრულებდა თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობას და პირის მიერ ჩადენილი იქნა თუ არა თავდასხმა დაზარალებულისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მინიმუმ უნდა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაზარალებულის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე და რომ არა პოლიციელის სამსახურებრივი და კანონისმიერი ქმედებები, მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ადგილი არ ექნებოდა.
საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცალსახად არ დგინდება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კავშირში იყო ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად სახეში ხელის გარტყმა ამ უკანონო და ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა. შესაბამისად, მზია ამაღლობელი მოქმედებდა მძიმე შეურაცხყოფისგან გამოწვეული წყენის გამო და არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული და იგი არ იყო მოტივირებული პოლიციელის საქმიანობით”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ქართული სამართალწარმოების პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ამ მუხლით დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდა სხვა, 126-ე მუხლზე, რაც ძალადობას გულისხმობს, “სწორედ იმის გამო, რომ ვერ დადასტურდა თავდასხმა პოლიციელის სტატუსიდან ან/და მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე”.
“კანონის უზენაესობის ცენტრი” დაუსაბუთებლად მიიჩნევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებასაც. მათი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქმედებებს აქვს რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათი, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას.
“სასამართლო სხდომაზე ვერ დასაბუთდა, რატომ იყო აუცილებელი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, რომელიც ყველაზე უკიდურესი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მოსამართლემ თავად გამორიცხა მიმალვის საფრთხის არსებობა და მხოლოდ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკზე აპელირებით გამოიყენა პატიმრობა, რომელიც აბსტრაქტულად, შაბლონურად და სუბიექტურად შეფასდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მოისმინეთ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელის, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას კომენტარი ამ საკითხზე.