ჯორჯ ჰიუიტი სიტყვით წარსდგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე

1 month ago 37

2024 წლის 25-27 სექტემბერს, საქართველო მეცნიერებათა აკადემიაში, სამეცნიერო კონფერენცია “საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი IV” გაიმართება [წყარო: მეცნიერება და აკადემიის ოფიციალური გვერდი, http://science.org.ge/?p=15915]. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ასევე არის ამერიკელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი ჯორჯ ჰიუიტი, რომელიც მოხსენებასთან ერთად, სხდომის თავმჯდომარეობასაც გასწევს.

ჯორჯ ჰიუიტი, საქართველოსა და ქართველებს კარგად იცნობს, ბოლოს და ბოლოს ის თბილისს პირველად ჯერ კიდევ 1975 წელს ესტუმრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში განაგრძო სწავლა. ჰიუიტი ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ცოლიც აქვე შეირთო, ოჩამჩირელი აფხაზი.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაძაბვასთან ერთად, ჯორჯ ჰიუიტი პირდაპირ ჩაერთო ქართულ-აფხაზურ აკადემიურ დავებში. 1989 წლის ზაფხულში, როცა აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული, მან აფხაზურ გაზეთში გამოაქვეყნა წერილი ქართველებისადმი, რომელშიც ის სრულად იმეორებდა აფხაზურ სეპარატისტულ ისტორიულ ნარატივებს. 15-16 ივლისს, აფხაზეთში დატრიალებული სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, წერილი, უკვე ქართულად გადმოთარგმნილი და დაიბეჭდა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” სათაურით – “უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებებზე – ღია წერილი ქართველებს”.

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ჰიუტი საკუთარ წერილში, ფაქტობრივად, იდენტურად იმეორებს აფხაზი ისტორიკოსების ნარატივებს, წარმოაჩენს აფხაზეთის ისტორიას როგორც ქართველების წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლად. საკუთარ წერილში ის გამოჰყოფს შემდეგ თემებს: ე.წ.ქართული ენის დაცვის პროექტი, რომლის შეფარული მიზანი ეთნიკური უმცირესობთათვის იდენტობის წართმევაა; სტალინის პერიოდში აფხაზური სკოლების დახურვა და აფხაზების გაქართველების პოლიტიკა; ქართველების მხრიდან, აფხაზების პერმამენტული ჩაგვრა; მეგრელების ქართველებისგან გამოყოფა; ავტორი, ასევე აკრიტიკებს ე.წ. ინგოროყვას თეორიასაც (პავლე ინგოროყვა საკუთარ წიგნში “გიორგი მერჩულე” აფხაზებს ჩამოსულ ტომად მიიჩნევს და აცხადებს მათ როგორც არამკვიდრს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თეორიას მრავალი ნაკლი აქვს და მეტწილად უარყოფილია თავად ქართველი ისტორიკოსების მიერ), რომელიც იმ დროს უკიდურესად პოპულარული იყო ქართულ ისტორიოგრაფიაში. თუმცაღა, ჰიუიტი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვა – კერძოდ ის შეფარულად ანვითარებს იმ რადიკალურ (და წამყვან) აფხაზურ თეორიას, რომელიც გამორიცხავს ქართველს აფხაზეთში.

ჰიუიტის სტატიას, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ტელევიზიასა თუ პრესაში, თითქმის ყოველდღიურად იბეჭდებოდა საპასუხო სტატიები. მხოლოდ “ლიტერატურულ საქართველოში” 9 საპასუხო წერილი გამოქვეყნდა (ავტორები: ბესარიონ ჯორბენაძე; ნანა დავითაშვილი, ოთარ წულეისკირი, ოთარ ჭილაძე და სხვები).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ დროინდელი ქართველი ისტორიკოსები თუ ინტელიგენციის წარმომადგენლები, ხშირად, თავადვე იყვნენ სხვადასხვა რადიკალური და აზრს მოკლებული იდეების განმავრცელებლები. სწორედ მათ მიერ უსაფუძვლოდ, მკაცრად, იქნა გაკრიტიკებული (და დაგმობილიც კი) ისტორიკოს რონალდ გრეგორ სუნის წიგნის “Making of the Georgia Nation. მოცემულ წიგნში, ავტორი, დასავლურ აკადემიურ სკოლებში შექმნილი მოდერნული თეორიებით, ცდილობდა ახლებურად წარმოეჩინა ქართველი ერის ფორმირების პროცესი. მსგავსი მიდგომა, დღემდე წამყვან თეორიულ ჩარჩოდ მიიჩნევა, საბჭოთა კავშირის ჩაკეტილობის გამო სრულად უცხო იყო ქართველი მეცნიერებისთვის. სწორედ ამიტომ, არასწორი მიმართულებით მოხდა ნაშრომის კრიტიკა. განსხვავებით რონალდ სუნის ნაშრომისგან, ჯორჯ ჰიუიტის სტატია არათუ არ წარმოადგენს ისტორიოგრაფიის დასავლურ სკოლას, არამედ ერთი-ერთში იმეორებს აფხაზი ისტორიკოსების ნარატივებს.

ჯორჯ ჰიუიტის ცალსახა ცალმხრივობა, განსაკუთრებით ცხადი ხდება აფხაზეთის ომისა და მის შემდგომ, როცა ის პირდაპირ და ღიად უჭერს მხარს აფხაზურ სეპარატიზმს. მეტიც, 1993 წლიდან ხდება აფხაზეთის საპატიო კონსული ბრიტანეთში; მრავალჯერ იმყოფებოდა აფხაზეთში, მეგობრობს ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებთან, მათ შორის ესწრებოდა რუსეთის მიერ, 2008 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისადმი მიძღვნილ ზეიმს; მისი სტატიები სავსეა შეფარული ქართველოფობიური იდეებით, ხოლო მის მიერ შექმნილი ინტერნეტ გვერდი Abkhazworld.com ფაქტობრივად ღიად და დაუფარავად ავრცელებს ანტიქართულ იდეებს.

ჯორჯ ჰიუიტი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ქართველებს შეეგუონ რუსულ ოკუპაციას – “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – საბჭოთა საქართველო აღარ არსებობს, ხოლო მისი ტერიტორიალური მთლიანობა აღარ აღდგება. რუსეთმა აღიარა ეს ფაქტი; საქართველომაც იგივე უნდა ქნას და იმოძრაოს პირდაპირ, სანამ კიდევ სხვა რეგიონი არ გამოეყოფა!” [წყარო: AbkhazWorld.com – George Hewitt: The accelerated recognition of Georgia helped to instigate the ethno-political conflicts]. თავის მხრივ, ჰიუიტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების იდეალური სცენარად მიიჩნევს, თუ საქართველო შეურიგდება აფხაზეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას (წყარო – Abkhazworld.com – Abkhazia, Georgia, and history: a response, by George Hewitt)

მაშ ასე, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, 2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ეწვევა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეცნიერი, რომელიც უკვე, თითქმის 35 წელია ებრძვის საქართველოს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ, მის მოხსენებას ასევე დაესწრებიან იმ ადამიანთა ნაწილნი, ვინც, ალბათ აკრიტიკებდა კიდეც 1989 წელს და ბრალს დებდა აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერაში.

სრულად წაკითხვა