1:3 ბარსელონასთან - კვარაცხელია და ნაპოლი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

2 months ago 55
  • ბარსელონა 3:1 ნაპოლი
  • გოლები: 1:0 ფერმინ ლოპესი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

ნაპოლისთვის ჩემპიონთა ლიგა ცუდი სეზონის გადარჩენის ბოლო შანსი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა.

ნეაპოლელები ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს მერვედფინალურ სტადიაზე გამოეთიშნენ. 3 კვირის წინ ნეაპოლში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ ნაპოლი ბარსელონას "ესტადიო მონტჟუიკზე" ესტუმრა, სადაც მარცხი განიცადა და ტურნირსაც დაემშვიდობა.

ნაპოლისთვის მატჩი კატასტროფულად დაიწყო. მე-17 წუთზე იტალიის მოქმედი ჩემპიონი უკვე ორბურთიან ჩამორჩენაში იყო. ჯერ ფერმინ ლოპესმა გაიტანა, ხოლო ორი წუთის მერე ჟოაო კანსელომ. პორტუგალიელმა რაფინიას მიერ დარტყმულ ბურთს დაამატა, რომელიც ძელს მოხვდა.

კოშმარული დასაწყისის შემდეგ ნაპოლიმ მოახერხა დამშვიდება და თამაშში შესვლა, რამაც შედეგიც გამოიღო. 30-ე წუთზე მატეო პოლიტანოს პასით ამირ რაჰმანიმ გაიტანა - 2:1. ტაიმიც ასე დასრულდა. პირველ ნახევარში ხვიჩა კვარაცხელია ჩრდილში იყო, ბარსელონას მცველები მის გაკონტროლებას კარგად ახერხებდნენ.

რაჰმანის გოლმა ნაპოლის ვერ უშველა

მეორე ნახევრის სტარტზე ხვიჩა ძალიან ახლოს იყო გოლთან, როცა შორეულ ძელს დაუმიზნა, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმა გამოუვიდა. შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა, უფრო მეტად მაინც ბარსელონა აქტიურობდა და თამაშსაც აკონტროლებდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

მატჩის მიწურულს კატალონიელებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს ნაპოლის უსუსურ დაცვაში, რობერტ ლევანდოვსკიმ ცარიელ კარში გაიტანა და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. დარჩენილ დროში ნაპოლის ორი მაგარი მომენტი ჰქონდა, ორივე კვარამ შექმნა: ჯერ იყო მისი კარგი პასის შემდეგ მატიას ოლივერამ ხარიხა შეაზანზარა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საჯარიმოს მისადგომებიდან ქართველმა დაარტყა და ძალიან მცირე მანძილით ააცილა - ტერ შტეგენი უშანსოდ იყო.

ამგვარად, ბარსელონამ 3:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:2 და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა, სადაც 2020 წლის შემდეგ პირველ ითამაშებს. ნაპოლიმ კი, ზედიზედ მეორედ ვერ მოახერხა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა. გარდა იმისა, რომ ფრანჩესკო კალცონას გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც დაკარგა, სადაც იტალიას ინტერი და იუვენტუსი წარმოადგენენ.

ბარსელონა მეოთხედფინალში დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში გოლი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში მან ამ ტურნირზე 8 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

საინტერესო ფაქტები

🟠 ამირ რაჰმანის სერია A-ში მოთამაშე მცველებიდან 2024 წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (3) და უკვე უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე 2023 წელს (2).

🟠 ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომლის ძირითად შემადგენლობაში პლეი ოფის სტადიის მატჩში ორი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც 17 წლის ან უფრო პატარა ასაკისაა: ლამინ იამალი (16 წლის და 243 დღის) და პაუ კუბარსი (17 წლის და 50 დღის).

ბარსელონა 3:1 ნაპოლი

გოლები: 1:0 ფერმინ ლოპესი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელო - ლოპესი (60. სერხი რობერტო), კრისტენსენი (60. რომეუ), გიუნდოგანი - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია (81. ჟოაო ფელიქსი).

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი (64. ოლივერა) - ანგისა, ლობოტკა, ტრაორე (78. რასპადორი) - პოლიტანო (64. ლინდსტრომი), ოსიმენი, კვარაცხელია (90. ნგონგე).

სრულად წაკითხვა