შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დღეს, 23:00 საათზე (თბილისის დროით) ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, რომელზეც საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს თავისი საკონკურსო სიმღერით Freedom. მარიამი მე-10 ნომრად გამოვა. მას კომპანიონობას გაუწევს „ერისიონის“ 4 მოცეკვავე.
საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, მეორე ნახევარფინალში გამოვლენ ავსტრალიის, ავსტრიის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მონტენეგროს, საბერძნეთის, სერბეთის, სომხეთის, ფინეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები. დღეს კონკურსზე ასევე იმღერებენ მომღერლები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც.
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ყველა კონკურსანტი შეასრულებს თავის სიმღერას და მუსიკალური ნაწილი დასრულდება. არამონაწილე ქვეყნებიდან ხმის მიცემას ESC.VOTE-ზე შეძლებთ. კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
წელს ევროვიზიის კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს. ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენელი გადავა.
შეგახსენებთ, რომ დასკვნითი – ფინალური შოუ 17 მაისს გაიმართება. პირველი ნახევარფინალის შემდეგ უკვე ცნობილია ფინალის 16 მონაწილე. მათ კიდევ ათი კონკურსანტი დაემატება, რომლებიც მეორე ნახევარფინალში გაიმარჯვებენ. დღეს მარიამის ამოცანაა ფინალში „გამსვლელ“ ათეულში მოხვედრა.
ბუკმეკერები გამარჯვებას შვედეთს უწინასწარმეტყველებენ (42%). მათ ჩამონათვალში მეორე ადგილზეა ავსტრია (21%)
ნუცა ყაველაშვილი