19 წლის გოგოებს პატიმრობა შეუფარდეს, როცა არცერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - გახარიას პარტია

3 days ago 2

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ბრალდებით აქტივისტი ახალგაზრდებისათვის პატიმრობის შეფარდებასა და დაჯარიმებას.

„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა“, - წერს გახარიას პარტია 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. - „ეს არის „ოცნების“ დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა“.

„ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არცერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ“, - წერს პარტია.

პარტიის განცხადებით, „უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება, უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება“ და „ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ თათია აფრიამაშვილს, რომელსაც შსს "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.

სასამართლომ თათია აფრიამაშვილის მსგავსად 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც, მესამე აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი კი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

ლაშხისა და პარტიის კრიტიკას გამოეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და ფეისბუკზე დაწერა:

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი. დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ“.

მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა.

ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა 23 მაისს.

დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს - მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

სრულად წაკითხვა