21 წლის სტუდენტი, მუსიკოსი მათე დევიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე მათე დევიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ. გირაოს გარდა, დაცვის მხარე მზად იყო სხვა ნებისმიერი, ნაკლებად მძიმე ფორმაზე.
დღეს მხარეებმა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. მას შემდეგ, რაც საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის ოქმები დაშვებულად ცნეს, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობა დაიწყო.
დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ რადგან ყველა მოწმე დაკითხულია, ფიზიკურად აღარ არსებობს მათზე ზეწოლის რისკი, ისევე როგორც მტკიცებულებების განადგურების, რადგან გამოძიება უკვე დასრულებულია და საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. ადვოკატები ამბობდნენ, რომ დევიძეების ოჯახი გირაოში ერთადერთ საცხოვრებელ სახლს დებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი გარანტია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში მათე არსად გაიქცეოდა, რადგან ოჯახს უსახლკაროდ არ დატოვებდა.
გარდა ამისა, ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს დაკავებულის ასაკი – ის 21 წლის ციხეში გახდა. ის არასდროს ყოფილა ნასამართლევი, არის მუსიკოსი.
პროკურორი ანი ხუბეჯიშვილი მის პატიმრობაში დარჩენას ორი საფუძვლით ითხოვდა. მისი თქმით, არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი და არსებობს მიმალვის რისკი. ამ უკანასკნელის არგუმენტად პროკურორმა ის დაასახელა, რომ ბრალდებულს კონტაქტები აქვს საზღვარგარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის განცხადებით, პროკურორის წარმოდგენილი არგუმენტები ტრაფარეტულია და არ ეფუძნება რეალურ საფრთხეებს, მოსამართლემ მაინც გაიზიარა ეს პოზიცია და მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა.
30 იანვარს საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე განახლდება.
თავად მათე დევიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები, მეგობრები და გიტარა ენატრება. მისივე თქმით, პატიმრობას არ იმსახურებს.
მათე დევიძის ბებიის, ეთერ მჭედლიშვილის თქმით, ოჯახის წევრები არ ელოდნენ, რომ მათეს გამოუშვებდნენ, რადგან აქციების დროს დაკავებული სხვა პირები კვლავ პატიმრობაში დატოვეს, თუმცა მისივე თქმით, არც იმ ბრალდებების მოსმენას ელოდნენ, რაც მათე დევიძის მიმართ სასამართლოზე გაჟღერდა.
მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, მას ბრალი წარდგენილი აქვს სამ პოლიციელზე თავდასხმისთვის, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.