4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებულმა კიდევ 12-მა პირმა დადო საპროცესო შეთანხმება — განაჩენი

6 hours ago 2

დღეს, 24 ივნისს, 4 ოქტომბრის 5 განაყოფი საქმიდან, მეოთხე ეპიზოდზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 12 მათგანი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს.

სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, გიორგი კირვალიძესა და კობა ეპიტაშვილს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, ერთწლიანი რეალური საპატიმრო სასჯელი [დრო, რომელსაც ციხეში გაატარებენ] შეეფარდათ. კიდევ 3 წელი კი, ციხის გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნებიან. საპროცესო შეთანხმება გააფორმა საბა კორძაიამაც, მაგრამ ის უკვე მსჯავრდებულია სხვა დამოუკიდებელ საქმეში და ამის საფუძველზე, მისი საპატიმრო სასჯელი არა ერთი წლით, არამედ წელიწადნახევრით განისაზღვრა.

მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა. მას მოსამართლე მახარობლიძემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ბატონო მოსამართლევ, დღეს აქ რაც ხდება, ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის სამარცხვინო, სატირალი და სასაცილო ერთდროულად. რატომ? ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ხალხი ვისჯებით და ე.წ. ხელისუფლების მიერ დადებულ პროვოკაციებში ეძებს პროკურატურა ჩვენს დანაშაულს.

როგორ შეუძლია ქართველს, რომ ქვეყნისთვის, ევროპული, ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი ხალხი გაასამართლოს და 5 წელი ციხეში ჩასვას. ეს [4 ოქტომბრის მოვლენები] იყო პროვოკაცია! და თუ არ იყო, რატომ არ იდგა სასახლის ღობის წინა პერიმეტრზე სპეცრაზმი და რატომ იდგა შიგნით?! რატომ იდგნენ გაბრაზებულ ხალხს შორის პროვოკატორები?

რატომ ვიდექით იქ, არავის გამოუძიებია. გაბრაზებული ვართ იმიტომ, რომ ყვავის კორუფცია, ნეპოტიზმი და პროპაგანდამ წალეკა ქვეყანა. არალეგიტიმური ხელისუფლება უკლავს ჩემს ხალხს ევროპულ მომავალს, აბსოლუტური უმრავლესობის ნება-სურვილს კლავს. ამისთვის უნდა დავისაჯო და ამისთვის უნდა მომაშორო ოჯახს და შვილებს? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?

ამ ყველაფრის ფონზე, ხალხში არის ნიჰილიზმი, უიმედობა და უპერსპექტივობა. სად იპოვა ამ ხალხმა გამოსავალი? მიდის ემიგრაციაში. ეს ქვეყნის სატკივარია, თქვენი სატკივარი არ არის? საშოვარზე წასული დედების შვილები, მარიხუანაზე შესხდნენ, გადავსებულია ციხეები და ადგილები არ არის. გამოდის ხელისუფლება და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

[…] როდემდე?! ასე უნდა იცხოვროს ამ ქვეყანამ? მე ვარ ნაცი? ასე აღარ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრება. 5 წელი უნდა ვიჯდე მე ციხეში, რომ მათ შორის, თქვენი შვილის მომავლისთვის ვიბრძვი? არ მეშინია მე ციხის, მაგრამ გულწრფელად დაფიქრდით, რატომ უნდა მიწევდეს მე ამ ყველაფრის ახსნა.

კი, დავარტყი პოლიციელს ხელი. არაა ეს სამაგალითო, მაგრამ დაიმსახურა, ოჯახს მაგინებდა, შვილებს და დავარტყი. 10 წელი რომ მომცენ, არ მეშინია, ის მდგომარეობაა საშიში, რაც ქვეყანაშია.

მე არ ვარ დამნაშავე. ისაა დამნაშავე, ვინც მომავალს უკლავს ამ ქვეყანას. მე წავალ ციხეში და მართალი ვიქნები ჩემი შვილების წინაშე“, — თქვა მანუჩარ მიქელაძემ, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.

4 ოქტომბრის საქმეების ბრალდებულები უკვე 8 თვეა, ციხეში სხედან. მთელი ის პერიოდი, რაც საქმეები სასამართლოში განიხილება. წინასწარ პატიმრობაში გატარებული თვეები მათ საპატიმრო სასჯელს გამოაკლდება. შესაბამისად, ის პატიმრები, რომელთაც საპროცესო შეთანხმება დადეს, რამდენიმე თვეში თავისუფლები იქნებიან და განაჩენით განსაზღვრულ დარჩენილ წლებს გარეთ, პირობითი მსჯავრის ქვეშ გაატარებენ.


განაჩენი გამოსატანია 4 ოქტომბრის მხოლოდ ერთ დარჩენილ საქმეზე, სადაც 4 ბრალდებულია, მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უპერი. გადაწყვეტილებას ამ საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, 24 ივნისს, ბრალდებულების საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ გამოაცხადებს.

4 ოქტომბრის საქმეებში პირველი განაჩენი 7 მაისს გამოიტანა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეებიდან მთავარი, ორგანიზატორების საქმე ებარა. მან პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს, 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ირაკლი შაიშმელაშვილს — პატიმრობა 2 წლით, ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძესა და გური ჟვანიას — პატიმრობა 5 წლით.

19 ივნისს, რიგით მეორე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა. დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, კონსტანტინე კოკაიას, გოგი ჩახუნაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილსა და ია დარახველიძეს მან 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას შეეშალა და თქვა, რომ ია დარახველიძეს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. შეცდომის და რეალური სასჯელის შესახებ ადვოკატს მოგვიანებით აცნობეს სასამართლოდან.

22 ივნისს გამოიტანა განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა და ზურა ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

4 ოქტომბრის ყველა საქმის ჯამში 64 ბრალდებულიდან, 34-მა პირმა დადო საპროცესო შეთანხმება. იმ 12 პირის გარდა, რომელთაც საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმეს და გარკვეული პერიოდის გატარება ციხეში ისევ უწევთ, დანარჩენი 22 პირი უკვე თავისუფალია.

სრულად წაკითხვა