Air Alamo: პოპოვიჩის ნდობის მოსაპოვებლად მამუმ ეს უნდა გააკეთოს

1 month ago 23
  • ამერიკული გამოცემა ქართველი კალათბურთელის მომავალზე წერს
  • ავტორის აზრით, მამუმ დაცვაში და სამქულიანებში უნდა მოუმატოს

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო არის დარჩენილი, სან ანტონიო სპურსი კი დასავლეთში ბოლო ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვს. ბოლო მატჩებში გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დროს აძლევს და ქართველი კალათბურთელიც ამტკიცებს, რომ უფრო მეტს იმსახურებს. მან ჯერ გოლდენ სტეიტ უორიორსთან შეასრულა ორმაგი დუბლი, შემდეგ კი იგივე შედეგთან დენვერთან შეხვედრაში იყო ახლოს.

ტექსასელების მთავარმა მწვრთნელმა უორიორსთან შეხვედრის შემდეგ ისიც აღნიშნა, რომ მამუ მისი საყვარელი კალათბურთელია, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამ სეზონიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 75 წლის სპეციალისტი მას არ ენდობა. ამერიკული გამოცემა Air Alamo სწორედ ამ თემაზე წერს და განმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს სანდრომ, პოპოვიჩის ნდობის მოსაპოვებლად.

"სან ანტონიო სპურსი სეზონს სამ კვირაში ასრულებს და სათადარიგო სკამის ისეთ მოთამაშეებს, როგორიც სანდრო მამუკელაშვილია, უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს. ის მიმდინარე სეზონში ხანდახან თამაშობდა, მაგრამ აჩვენა, რომ სასარგებლოა. 211 სმ კალათბურთელს ოთხ და ხუთ ნომერზეც შეუძლია თამაში და აქვს ბურთის ტარების ისეთი უნარი, რომ გამთამაშებლის როლშიც ეფექტური იყოს.

უორიორსთან ორმაგი დუბლი შეასრულა

ის თამაშის დროს ბევრს შრომობს, დაკარგულ ბურთებზე იბრძვის, ჭკვიანურად იქცევა და დროულად თავისუფლდება ისე, რომ სასროლ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ამ უნარების გამო, 10-დღიანი კონტრაქტის შემდეგ, მას გასულ სეზონში ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს. თუმცა, სპარსში გატარებული ერთი წლის შემდეგ, მას მუდმივი სათამაშო დროის გამომუშავება უწევს. 

ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც განსაზღვრავს მამუს როლს მომავალში არის დაცვა და სამქულიანები. მამუ შეიძლება შეცდეს ფარიდან შორს დიდი ხანი თამაშის შემთხვევაში და ფარქვეშ დაცვის დროსაც დიდი წვლილი ვერ შეაქვს. მაგრამ, პირველი და მესამე მეოთხედების ბოლოს და მეორე და მეოთხე მეოთხედების დასაწყისში ვიქტორ ვემბანიამასთან ერთად თამაშმა, შესაძლოა, ეს პრობლემები გამოასწოროს.

დენვერთან ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა

მის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ გოლდენ სტეიტ უორიორსთან მან პოზიციის მოპოვებისა და ბურთის მოხსნების უნარები აჩვენა და ამ შეხვედრაში 17 წუთში 11 მოხსნა დააგროვა. ეს დამაიმედებელია, მაგრამ შემადგენლობის სხვა მაღალი მოთამაშეებისგან გამოსარჩევად, ის სამქულიანების მაღალი დონის მსროლელი უნდა გახდეს.

გასულ სეზონში, 19 შეხვედრაში სანდრო სამქულიანებს საშუალოდ 23.3 წუთში 3.5-ჯერ ისროდა, მაგრამ მხოლოდ 26.2% სიზუსტით. თუ მან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე უნდა ითამაშოს, თამაშის დროს ჭკვიანურად გახსნაზე მეტი უნდა გააკეთოს. სანდრომ ასევე სივრცეები უნდა გაათავისუფლოს. საბოლოო ჯამში, მამუს აქვს იმის უნარები, რომ სპურსის როტაციაში იყოს, მაგრამ მან დაცვაში უკეთესად უნდა ითამაშოს და პერიმეტრიდანაც უფრო სახიფათო უნდა იყოს", - წერს Air Alamo.

სან ანტონიო სპურსი მომდევნო შეხვედრას 6 აპრილს ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გამართავს.

სრულად წაკითხვა