ხელოვნური ინტელექტის მოდელის განმავითარებელი ამერიკული კომპანიის, Anthropic-ის თანამშრომელმა, ჯეიკობ კოქსონმა კომპანია დატოვა და თავისი მოსაზრებები გამოთქვა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ, პოპულარულ პოსტში. თავისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კოქსონი ასახელებს იმ გარემოებას, რომ არც Anthropic-ი და არც კომპანია OpenAI - სადაც უწინ ასევე მუშაობდა - არ იქცევა პასუხისმგებლობით. "ისინი პირდაპირ მიექანებიან სუპერინტელექტისკენ, რომელიც საკუთარ თავს ხდის სრულყოფილს, და ჩვენი სიცოცხლით თამაშობენ".
კოქსონი წერს, რომ კონკურენციის პირობებში კომპანიები ივიწყებენ სიფრთხილის ზომებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. მისი სიტყვებით, "ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან, გულწრფელად მიაჩნიათ, რომ მას ჩვენი მოკვლა შეეძლება ათწლეულის ბოლომდე. ეს სამარკეტინგო სვლა არ არის. ბევრი აღმასრულებელი პირი და წამყვანი მკვლევარი პრესასთან ლექსიკას ხვეწს, რათა უფრო გონიერად გაიჟღეროს - მაგრამ ვიცი, რომ იგივე ადამიანები კერძო საუბრებში შიშს გამოთქვამენ. ადამიანის არც ერთი სხვა აქტივობა არ წარმოადგენს ასეთი ხარისხის საფრთხეს".
კოქსონის პოსტებიდან ყველაზე მეტად ეს ციტატა გავრცელდა - ისევე, როგორც მასზე რეაქცია ევან ჰაბინგერისგან, Anthropic-ის სპეციალისტისგან უსაფრთხოების სფეროში. მისი თქმით, კომპანიაში მართლაც მიიჩნევენ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა "ყველა ადამიანი დახოცოს".
ჰაბინგერი დასძენს, რომ უახლოეს 10 წელიწადში ასეთი განვითარების ალბათობა 10 პროცენტს აჭარბებს. მისი თქმით, კომპანიას ეს საფრთხე ესმის, თუმცა მას ამ ეტაპზე არ აქვს იმის მკაფიო გეგმა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს კონტროლის შენარჩუნება "ზე-გონებაზე" - ანუ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც საკუთარ თავს თავად აუმჯობესებს და თავის გადაწყვეტილებებში არ ხელმძღვანელობს ადამიანის ბრძანებებით.
სპეციალისტების განცხადებებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, იმ ცნობების ფონზე, რომ ექსპერიმენტების ფარგლებში მოდელებმა ისწავლეს ინტერნეტში შეღწევა მაშინაც, თუკი თავიდან ქსელში ჩართული არ იყვნენ და ადამიანის ბრძანებების გარეშე ჰაკერული თავდასხმების ორგანიზება.
"გათანასწორების" საკითხი - ანუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელოვნური შეზღუდვა - ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება.
ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე მომუშავე კომპანიების ზოგიერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეუზღუდავი განვითარების პირობებში შემაშინებელი შედეგების დადგომის ალბათობაზე ლაპარაკი თავისებური მანიპულაციაა ბაზარზე მოქმედი წამყვანი მოთამაშეების სასარგებლოდ.
ხელოვნური ინტელექტი ამჟამად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკის ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, მისი სამომავლო პერსპექტივა საზოგადოებებისთვის შფოთის წყაროდ იქცა.
აშშ-ში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს სფეროს რეგულირების შესახებ - როგორც უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, ისე იმ შეშფოთებიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბევრ ადამიანს სამუშაოს გარეშე დატოვებს, ხოლო მონაცემების ცენტრების მშენებლობები მოიტანს ელექტოენერგიის ფასის მკვეთრ ზრდას.
radiotavisupleba ახალი ამბები