Frecce Tricolori-ს შოუ რომის თავზე იტალიის რესპუბლიკის დღეს (ვიდეო)

1 day ago 6

2 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის 79-ე წლისთავზე, ტრადიციულად, რომის ცაზე იტალიის დროშა გამოისახა – სპეციალურმა საპილოტე ჯგუფმა 6 თვითმფრინავით დედაქალაქის ცაზე ქვეყნის დროშის ფერებით თვალწარმტაცი შოუ მოაწყო.

ეროვნული საპილოტე ჯგუფი, ოფიციალური სახელწოდებით 313º Gruppo Addestramento Acrobatico, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც  Frecce Tricolori, 1961 წელს შეიქმნა  – მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნათ მუდმივი ჯგუფი პილოტების კოლექტიური აკრობატული წვრთნისთვის.

რომში, ვენეციის მოედანზე ბევრი რომაელი და ტურისტი ბარიერებთან შეიკრიბა, რათა დასწრებოდა მოკლე ცერემონიას და შემდეგ კი აღლუმს ვია დეი ფორი იმპერიალზე (via dei Fori Imperiali), რომელიც დილის 10 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ სამშობლოს საკურთხეველი (Altare della Patria) დაფნის გვირგვინით შეამკო. ქვეყნის მეთაურს თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ დახვედრა მოუწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, სენატისა და პალატის პრეზიდენტები – იგნაციო ლა რუსა და ლორენცო ფონტანა, რომის მერი რობერტო გუალტიერი და სამხედრო და პოლიციის ლიდერები.

იტალიის რესპუბლიკის  79-ე წლისთავის ღონისძიება, ტრადიციულად, იტალიის ჰიმნით (Mameli) დასრულდა, რომელიც კავალერიის მეოთხე პოლკის მესაყვირეთა გუნდმა შეასრულა.

ნინო ხოშტარია

სრულად წაკითხვა