GADA: მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დისკვალიფიცირებულია

2 months ago 89
  • ლუკა მაისურაძემ დოპინგ-ტესტი ჩააგდო
  • მსოფლიოს ჩემპიონი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) საიტზე გამოქვეყნდა GADA-ს სადისციპლინო კომისიის 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო, ერთი წლით დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, ლუკა წლეულს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

"კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა(DCO) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (A ნიმუში), B1190309 (B ნიმუში). ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით. იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (WADA) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კიოლნი, გერმანია (ლაბორატორია).
ლაბორატორიამ, გაანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო
სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ანობოზარმი (ოსტარინი).
შედეგის შესახებ ლაბორატორიამ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს აცნობა 2023 წლის 9 ივნისს".

ოსტარინი WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არასპეციფიკურ) ნივთიერებად. სწორედ ივნისში წარედგინა სპორტსმენს ოფიციალური ბრალი და მას მიეცა დროებითი დისკვალიფიკაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც აგვისტოში გაუქმდა. 

5 დეკემბრის გადაწყვეტილებით: " საქართველოს ანტიდოპინგური წესების 10.6 მუხლის 10.6.1.2. პუნქტის შესაბამისად სპორტსმენს სანქციის სახით უნდა განესაზღვროს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია". დისკვალიფიკაცია ძალაში სწორედ 5 დეკემბრიდან შევიდა, თუმცა მხედველობაში იქნა მიღებული დროებითი დისკვალიფიკაციის პერიოდი (50 დღე). ასე რომ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონი დისკვალიფიცირებულია 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით. 

შეგახსენებთ, რომ ლუკამ 2023 წლის მაისში მსოფლიოს ჩემპიონატზე (დოჰა) ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და თანამემამულე ლაშა ბექაური დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. ვინაიდან მისი ტესტი მსოფლიოს ჩემპიონატამდეა აღებული, უცნობია, შეუნარჩუნდება თუ არა მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თუმცა ჯერჯერობით, ფაქტია, მას ეს ტიტული უნარჩუნდება. ლუკას 2 დეკემბერს ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ არსად უასპარეზია. 

ის, რომ მაისურაძეს, შესაძლოა, დოპინგტესტთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა ქართული სპორტის სამყაროში ბევრისთვის იყო ცნობილი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნებოდა, დუმდა ძიუდოს ფედერაციაც. 

სრულად წაკითხვა