Goal.com: ფრთხილად ბარსელონა, კვარადონა ბრუნდება!

2 months ago 45

ცნობილი საფეხბურთო პორტალი Goal.com ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლისა და ბარსელონას განმეორებით მატჩს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ესპანურ კლუბს ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ჩინებულ ფორმაში შესული ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება მოუწევს. პუბლიკაციასაც შესაბამისად ჰქვია: "ბარსელონა, ფრთხილად იყავი! კვარადონა ბრუნდება!". სტატიაში ვკითხულობთ:

"ნაპოლის ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე ისევ ჯადოქრობებს სჩადის და ეს ყველაფერი ბარსასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ხდება. როგორც მთლიანად სერია A-ს მოქმედ ჩემპიონ ნაპოლის, ასევე კვარაცხელიასაც რთული პერიოდი ჰქონდათ, თუმცა, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ის კვლავაც ძველებურად შედეგიანია.

უდავოა, რომ არსებობს გარკვეული კორელაცია კვარაცხელიასა და ნაპოლის სათამაშო კონდიციებს შორის. როდესაც ის კარგად თამაშობს, კლუბსაც ბევრი რამ გამოსდის. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის რამდენიმე მატჩში ხვიჩა მინდორზე უბრალოდ არ სჩანდა, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაში, სადაც მას სეზონში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს. ალბათ, იმის თქმაც შეიძლება, რომ მას ევროპაში საუკეთესო თამაში მას მერე არ უჩვენებია, რაც წინა სეზონში ნაპოლიმ აიაქსი 6:1 გაანადგურა და ყველა აალაპარაკა.

სხვა საქმეა, რომ ხვიჩა ერთადერთი არაა, ვისაც გასული სეზონის შემდეგ პრობლემები შეექმნა. მას მერე, რაც ლუჩანო სპალეტი აურელიო დე ლაურენტისს არცთუ ტკბილად დაშორდა, თავი არაკომფორტულად იგრძნო ვიქტორ ოსიმენმა. დიდი ენთუზიაზმი აღარ ეტყობოდათ სტანისლავ ლობოტკასა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსაც. შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ ნაპოლიმ ამ სეზონში უკვე 2 მწვრთნელის გამოცვლა მოასწრო რუდი გარსიასა და ვალტერ მაცარის სახით.

ხვიჩა კვარაცხელიამ ესტადიო მონტჟუიკის ბალახი უკვე მოსინჯა

არეული სიტუაცია კვარაცხელიას სტატისტიკაზეც აისახა და თუკი მას წინა სეზონში ყველა ტურნირზე 14 შედეგიანი პასი ჰქონდა, ახლა მხოლოდ 5 აქვს, არადა, უკვე მარტის შუაწელს ვუახლოვდებით. ამ ფონზე, შესაძლოა, გაგიკვირდეთ და ხვიჩას უკეთესი მაჩვენებლები აქვს საშუალოდ მატჩში დრიბლინგების, ჩაწოდებებისა და საგოლე მომენტების მხრივ. ასეა თუ ისე, მთავარი ისაა, რომ ბოლო პერიოდში კვარაცხელია კვლავაც შეუჩერებელია და მეტოქეებს ისევ ბევრ პრობლემას უქმნის. დაბრუნდა დამანგრეველი დრიბლინგიც, რის გამოც დაიწყო თავის დროზე მისი დიეგო მარადონასთან შედარებები.

ეს ყველაფერი ქართველი ფეხბურთელის სარგებლიანობაზეც შესაბამისად აისახა. კალიარისთან უფერული მატჩის მერე, ის, ფაქტობრივად, შეუჩერებელია: 2 გოლი და საგოლე პასი ჰქონდა სასუოლოსთან, გაუტანა იუვენტუსს და ბოლო ტურში ტორინოს კარიც დალაშქრა.

ეს ძალიან მაგარი ამბავია ნაპოლისთვის, რომელსაც შანსი გაუჩნდა კატასტროფული სეზონი გადაარჩინოს და ცუდია ბარსელონასთვის. სამიოდ კვირის წინ, "მარადონაზე" "ბლაუგრანამ", ალბათ, კვარაცხელიას ყველაზე ცუდი ვერსია იხილა, რომელიც შეცვალეს კიდეც, ახლა კი, შესაძლოა, მათ ხვიჩას საუკეთესო ვარიანტთან დაპირისპირება მოუწიოთ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონასა და ნაპოლის პირველი თამაში იტალიაში 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩს კი დღეს, 23:55 საათიდან ესტადიო მონტჟუიკი უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა