NBA | ისევ მაგარი თამაში! მამუკელაშვილი პოპოვიჩის ნდობას ამართლებს

1 month ago 23
  • დენვერ ნაგეთსი 110:105 სან ანტონიო სპურსი
  • სანდრო მამუკელაშვილს ისევ ძალიან კარგი თამაში ჰქონდა
  • ვიქტორ ვემბანიამა ახლოს იყო ოთხმაგ დუბლთან

გოლდენ სტეიტთან სეზონში საუკეთესო მატჩის ჩატარების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა დენვერთანაც შესანიშნავად ითამაშა და გრეგ პოპოვიჩის ნდობა ისევ სრულად გაამართლა.

მართალია, სპურსი ნაგეთსთან 105:110 დამარცხდა, მაგრამ ბოლო ადგილზე მყოფი გუნდისთვის ლიდერთან ასეთი თამაში დიდი მიღწევაა. მამუკელაშვილი ძალიან ახლოს იყო ზედიზედ მეორე ორმაგ დუბლთან: საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ამჯერად 24:07 წუთი ითამაშა და 10 ქულა და 9 მოხსნა (5 შეტევაში) დააგროვა!

მამუმ 8 სროლიდან 3 ჩააგდო, აქედან 2 სამქულიანი (4 მცდელობიდან) და 2 ჯარიმა (2/2). გარდა ამისა, მას 1 ასისტიც ჰქონდა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.


ამ მატჩის მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩის და ვიქტორ ვემბანიამას დუელი იყო. ზოგადად, ეს უახლოეს წლებში NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იქნება, ჯერჯერობით კი იოკიჩი ძალიან წინაა. სეზონის MVP-ობის მთავარმა კანდიდატმა სან ანტონიოს 42 ქულა (18/32) ჩაუგდო და 16 მოხსნაც გააკეთა (პლუს 6 ასისტი). იოკიჩი იყო ის კაცი, ვინც Crunchtime-ში არაერთი Big Play-თ გამოირჩა - მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამიანი მაიკლ პორტერმა ჩააგდო.

ვემბანიამასაც საოცარი თამაში ჰქონდა: 23 ქულა (9/29), 15 მოხსნა, 8 ასისტი და 9 დაფარება. ანუ, ძალიან ახლოს იყო უიშვიათეს ოთხმაგ დუბლთან. მან 4-ჯერ დაუფარა იოკიჩს!

დენვერს ისევ ვერ დაეხმარა ჯამალ მარი, რეჯი ჯეკსონს კი ცუდი საღამო ჰქონდა (9 ქულა, 4/13). 10-ქულიანი ზღვარი აარონ გორდონმა (24) და პორტერმა (15) გადალახეს.

სრულად წაკითხვა