აშშ-ში მცხოვრებმა, 77 წლის ქალმა მთელი ქონება გაყიდა და საცხოვრებლად გემზე გადავიდა. როდესაც შერონ ლეინი საკრუიზო გემ Villa Vie Odyssey-ზე ავიდა, მან მიხვდა, რომ მისი ოცნება ოკეანეში ცხოვრება იყო. შერონმა გადაწყვიტა მომავალი 15 წელი უზარმაზარ მცურავ სახლში გაეტარებინა და თან მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა.
Villa Vie Odyssey მოხუცი ქალის ახალი საცხოვრებელი და უნიკალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გთავაზობთ. ამასთან, მგზავრების უმეტესობას ტურისტები კი არა, მუდმივი მაცხოვრებლები შეადგენენ. ისინი გემის კაიუტებს გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე ფლობენ.
კომპანიის გენერალური დირექტორი, მაიკლ პეტერსონი ამაყად აღნიშნავს, რომ საკრუიზო გემზე უნიკალური საზოგადოება ჩამოყალიბდა. მგზავრებს შორის ნახავთ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ასტრონავტს, მეცნიერებსა და ექიმებს, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებენ.
გემზე ყველაზე ხელმისაწვდომი „შიდა კაიუტაა“, რომლის 15 წლით დაქირავება 129 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ამას ყოველთვიური გადასახადი ემატება – 2000 დოლარი ერთ ადამიანზე ორადგილიან კაიუტაში და 3000 დოლარი ერთადგილიანში. ამ თანხაში შედის კვება (ალკოჰოლის ჩათვლით), Wi-Fi, სამედიცინო მომსახურება, დალაგება, რეცხვა და ოთახის მომსახურება.