მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო! სექტემბერიც დაგვიდგა.
მიყვარს სექტემბერი, მისი ზომიერად მზიანი, რბილი, სასიამოვნო და მსუბუქი ამინდები, ცხოვრების რესტარტი და მის ფერხულში ახალი ძალითა და ენერგიებით ჩაბმა, და კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ სექტემბერში ჩემი დაბადების დღეა.
პირადად ჩემთვის სექტემბერი წლის დასაწყისია, როცა ახალი სუნთქვა უნდა გაგვეხსნას და განახლებული ენერგიებით სავსე, დასვენებულები, გალაღებულები შევუდგეთ წლის დასახული გეგმების შესრულებას.
სექტემბერი გარდამტეხი თვეა კანისთვისაც. ამ დროს კანი ზაფხულის რუჯს „იშუშებს“ და მზისგან გაუწყლოებულს განსაკუთრებული მიხედვა სჭირდება. შემოდგომის პირველივე თვიდან ხაზგასმული ზრუნვა სჭირდება კანის აღდგენას, კაბინეტურ წმენდას და, რასაკვირველია, დატენიანებას, დატენიანებას, დატენიანებას!
დატენიანებაზე როცა ვლაპარაკობთ, უკვე ყველამ იცით, ამ მხრივ სასწრაფო დახმარება ჩვენი მეგობარი ჰიალურონის მჟავაა. ვისი მიზანიც კანის სრულფასოვანი დატენიანებაა, გვერდს ვერაფრით ავუვლით ჰიალურონს, რომელიც კანის როგორც ეპიდერმულ, ანუ გარეგან, ასევე, ინტრადერმულ (ინიექციების სახით) მოვლის, გამოკვების და გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. სწორედ კანის მოვლის ამ უნივერსალურ კომპონენტზე მოგიყვებით დაწვრილებით რუბრიკაში „იცოდით?“
მოვლასთან ერთად არანაკლებ აქტუალურია განვიხილოთ საშემოდგომო მაკიაჟის ტენდენციები, ტრენდული პროდუქტები და ფერები, როგორ ვიყოთ მეიქაფ მოდურები სექტემბერში? ამ კითხვაზე პასუხსაც აუცილებლად იპოვით ქართულ ok!-ს სექტემბრის ნომრის ბიუთი რუბრიკაში.
დაბოლოს, მინდა შევეხო ყველასთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხს: ეპილაციას. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის ინდუსტრიის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ეპილაციის მრავალფეროვანი სპექტრით, აპარატებითა და სერვისებით, ხშირად მაინც პრობლემურია კარგი და ხარისხიანი მომსახურების მიღება. ასევე, ამ თემის ირგვლივ ბევრი აქტუალური კითხვა ტრიალებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენც გაინტერესებთ და მე შევეცადე ამ კითხვებისთვის პასუხი გამეცა.
ასე რომ, არ გამოგრჩეთ ჩვენი ბიუთი რუბრიკა და გაეცანით თქვენთვის საჭირო და სასარგებლო თემებს სექტემბრის თავის მოვლასთან დაკავშირებით.
თქვენი თაკო