#OK! LOVE STORY – გულწრფელობა – გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის სიყვარულის მთავარი ღირებულება

3 hours ago 1

სიყვარულის შესახებ საუბრისას გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი ყველაზე ხშირად სიტყვა „ნამდვილს“ ახსენებენ. ალბათ სწორედ ამ გულწრფელობის გამოა, რომ 16 წლის შემდეგაც მათი სიყვარულის ისტორია საზოგადოებისთვის ისევ ახლობელი და საინტერესო რჩება. ისინი ერთმანეთს უკრაინაში, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ, საღამოზე, რომელიც საბოლოოდ მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. გიგის დღემდე ახსოვს გოგო, რომელმაც ოთახში „შემოანათა“, მარინას კი მუსიკოსი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე Coldplay დაუკრა. სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული ხასიათისა და ცხოვრების რიტმის მიუხედავად, მათი ურთიერთობის მთავარი საფუძველი თავიდანვე გულწრფელობა იყო. ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლის გადაცემაც შვილებისთვის სურთ, სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემაა, სწორედ ის, რაზეც თავად ააშენეს საკუთარი ურთიერთობა. რუბრიკის წარმდგენია „ავერსი“.

ერთმანეთი უკრაინაში, დაბადების დღეზე გაიცანით. მარინამ დაბადების დღეზე წასვლის წინ თქვა: „დღეს მე ქმარი უნდა ვიპოვო“. გიგი, როგორ დაგამახსოვრდათ მარინა იმ პერიოდში – რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

გიგი: დაბადების დღეზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, როდესაც მარინა ოთახში შემოვიდა, თითქოს შემოანათა. ყველასგან განსხვავებული იყო: ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე ლამაზი, ეშხიანი და თამამი.

მარინა, როდესაც ამ ფრაზას ამბობდით, გიგის მოიაზრებდით, თუ უბრალოდ თქვით? რა დაგამახსოვრდათ პირველად გიგის ნახვისას?

მარინა: (იცინის) უბრალოდ ვთქვი, საერთოდ არ მჩვევია მსგავსი რაღაცების თქმა. არ ვიცი, რა დამესიზმრა იმ ღამეს, მაგრამ ალბათ ეს წინათგრძნობა იყო.

როგორც იცით, დაბადების დღეზე ვიყავით. იმ დღეს ისეთი დაღლილი ვიყავი, არსად წასვლა არ მინდოდა. მეგობარს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვერ მივიდოდი, თუმცა მან უცნაური პირობა წამიყენა: „თუ დღეს ჩემს დაბადების დღეზე არ მოხვალ, დაივიწყე ჩემი ნომერი“. ჰოდა, მეც იძულებული გავხდი, წავსულიყავი. იქ უამრავი ხალხი დაგვხვდა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რატომღაც, პირდაპირ გიგი გამაცნო. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი სიმაღლე იყო. მეც მაღალი ვარ და ბავშვობიდან ყოველთვის მაღალ ბიჭებს ვაქცევდი ყურადღებას. მახსოვს, გიტარაზე Coldplay-ს სიმღერა დაუკრა. ამ მომენტში მასთან ახლოს დავჯექი და ერთად ვიმღერეთ. მას შემდეგ ერთად ვართ.

გიგის გაცნობამდე საქართველოში ნამყოფი იყავით?

მარინა: არა, არასდროს. საქართველოზე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, მხოლოდ ის, რომ კარგი ღვინო გაქვთ და „მელაძე“ ქართული გვარია (იცინის). დედაჩემი პატარაობისას სულ კავკასიურ პრინცესობანას თამაშობდა, იმიტომ, რომ გარეგნობით თავადაც არ ჰქონდა ტიპური სლავური ვიზუალი, მეც მას ვგავარ. მერე სკოლის ჟურნალებიც კი გვაჩვენა, სადაც ქართული ეროვნული სამოსი აცვია. მიუხედავად ამისა, მე, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცოდი თქვენს ქვეყანაზე.

თუმცა, საქართველო და უკრაინა საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან. მენტალური განსხვავებები თუ იგრძნობოდა?

გიგი: მენტალობაში, რა თქმა უნდა, არის განსხვავებები, მაგრამ ამ მიმართულებით მარინასთან პრობლემა ყველაზე ნაკლებად მქონია. თავიდან უფრო სხვა რამეზე ვკამათობდით…

მარინა: თავიდან გიგის ჩემი დამოუკიდებლობა არ მოსწონდა.

გიგი: როგორ არ მომწონდა, ნუ იგონებ! (იცინის).

მარინა: თავიდან არა, აი ახლა კი მოგწონს. მე მგონი, ჩვენი პირველი ჩხუბის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ რაღაც გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მარტომ მივიღე.

გიგი, როდესაც მარინა საქართველოში ჩამოიყვანეთ, პირველად რა გააცანით?

გიგი: ოჯახი და მეგობრები – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, მუსიკალური ჯგუფები და თეატრი.

შეყვარებულობის პერიოდში ერთად ყოფნისას, ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარდათ ხოლმე?

მარინა: უბრალოდ, მარტო ყოფნა. მახსოვს, იმ პერიოდში ყველაზე და ყველაფერზე საშინლად ვეჭვიანობდი. მინდოდა, გიგი მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ ეს თითქმის არასდროს ხერხდებოდა. ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობდით. თბილისში რომ ჩამოვდიოდით, სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ აი, ახლა მაინც დავრჩებოდით მარტო, მაგრამ სულ მეგობრები, „მგზავრები“ ან მათი ცოლები გვახლდნენ. 16 წელი გავიდა და შემიძლია პირდაპირ ვთქვა: მაშინ ყველა მეზიზღებოდა (იცინის).

იმ პერიოდშიც გიგი საქართველოში ძალიან პოპულარული იყო. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ეგოისტური დამოკიდებულება გქონდათ, რამდენად რთული აღმოჩნდა ეს თქვენთვის?

მარინა: ასეთ რეალობას ნამდვილად არ ველოდებოდი. თავიდან უბრალოდ, მითხრეს, რომ გიგი საქართველოში მომღერალი იყო, ჯგუფი „მგზავრების“ სოლისტი. ვიფიქრე – ძალიან კარგი, მიხარია-მეთქი. მაგრამ თუ ასეთი მასშტაბით იყო ცნობილი, ნამდვილად არ ვიცოდი. თუმცა, დროთა განმავლობაში მივეჩვიე და ეს ძალიან სასიამოვნო მიჩვევა აღმოჩნდა.

რა ისწავლეთ მთავარი ამ სიყვარულისგან? და 15 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ეს სიყვარული?

გიგი: ალბათ, ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდი. სიყვარული ვისწავლე. მარინას გარეშე საერთოდ არანაირი საქმის კეთება არ წარმომიდგენია. დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მაშინ, თავიდან მიყვარდა.

მარინა: მეც ასე ვარ. ვეკითხები ხოლმე: „ხომ დღეს უფრო მეტად გიყვარვარ, ვიდრე გუშინ?“ (იცინის). დავღალე, ყოველდღე ამას ვეკითხები.

დღეს რისი კეთება გიყვართ ერთად ყველაზე მეტად?

მარინა: ჭამა, ძილი და მოგზაურობა. განსაკუთრებით ტაილანდს გამოვარჩევდით, თაფლობის თვე იქ გავატარეთ. ეს იყო ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა უცხო ქვეყანაში და აგერ, ამდენი წლის შემდეგაც ჩვენს ფავორიტად რჩება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის თქვენი სიყვარული საზოგადოებისთვის დღემდე ასეთი აქტუალური და რატომ უყვარხართ ხალხს ასე ძალიან?

გიგი: ვცდილობთ, ყოველთვის ნამდვილები ვიყოთ. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ბოლომდე გულწრფელი ვერ იქნები, ყველა ადამიანი რაღაც დოზით მაინც თამაშობს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ ის, ვინც ვართ.

მარინა: მე ვფიქრობ, რაც უფრო გულწრფელი ხარ, საზოგადოება ამას მით უფრო მეტად ამჩნევს და აფასებს. სანამ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ მე ეს მართლა მომწონს, მართლა მიყვარს და ჩემს თავს არ ვატყუებ, მანამ სხვასაც ვერ დავაჯერებ. ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ღირებულებაა და მგონია, ხალხიც სწორედ ამას გრძნობს.

საინტერესოა, რა მთავარი ღირებულებების გადაცემა გსურთ თქვენი შვილებისთვის?

გიგი: ოჯახური ტრადიციები, სიყვარული, ზრდილობა და იუმორი.

მარინა: როდესაც ლიზიკო პირველად წავიდა სკოლაში, ვუთხარი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი, რაც ცხოვრებაში უნდა ისწავლოს, სიკეთეა. იყავი კეთილი – ეს ჩვენთვის, შენი დედიკოსა და მამიკოსთვის, ყველაზე ღირებულია.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა