ამერიკელი კინორეჟისორი, “ოსკარის” მფლობელი, დევიდ ლინჩი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2024 წლის აგვისტოში ლინჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა დაუდგინდა. რეჟისორის თქმით, დაავადებამ მას მუშაობაში ხელი შეუშალა და სახლში გამოკეტა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაავადების შესახებ კინორეჟისორი გაცილებით ადრეც საუბრობდა, როგორც RadarOnline.com-თან საუბარში აღიარა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნიკოტინდამოკიდებულების შედეგად გამოწვეული ფილტვების დაავადების გამო, საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ხოლო ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეების უმეტესობისთვის დამატებითი ჟანგბადი ესაჭიროებოდა.
ლინჩმა სიგარეტის მოწევა 8 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა თავისი დამოკიდებულების სერიოზულობა მხოლოდ 2020 წელს გააცნობიერა, როდესაც ემფიზემა დაუდგინდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრისას მან აღიარა, რომ წინააღმდეგობრივი გრძნობები ჰქონდა: „დიახ, მე ემფიზემა მაქვს ხანგრძლივი მწეველობის გამო. უნდა ვთქვა, რომ სიგარეტის მოწევა ძალიან მომწონდა. მიყვარდა თამბაქოს სუნი, სიგარეტის დანთება და მოწევა, მაგრამ ამ სიამოვნებისთვის მაღალი ფასი გადავიხადე – ეს ფასი ემფიზემა გახდა“.
ბოლო თვეებში დევიდ ლინჩი სახლიდან აღარ გადიოდა. ექიმებმა უსაფრთხოების მიზნით მას საკუთარი სახლის დატოვება აუკრძალეს, რადგან უმნიშვნელო გაციებასაც კი შეიძლებოდა მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. მიუხედავად ამისა, რეჟისორი არ კარგავდა იმედს და აგრძელებდა მედიტაციის მნიშვნელობაზე საუბარს, რაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
საბოლოოდ ლინჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ დიდი ადამიანისა და მხატვრის, დევიდ ლინჩის გარდაცვალების შესახებ… მსოფლიოში ახლა დიდი ხვრელი გაჩნდა, როდესაც ის ჩვენთან აღარ არის“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მხატვარი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი კინოხელოვანი იყო. მისი უნიკალური სტილი, რომელიც აერთიანებს სიურრეალიზმს, ფსიქოლოგიურ დრამას და მისტიკას, მაყურებელში ყოველთვის იწვევს ფიქრს და მძლავრ ემოციებს. ლინჩი დაიბადა 1946 წლის 20 იანვარს, მისულაში, მონტანაში. მისი კინოსამყარო თავიდანვე განსხვავებული და არაორდინარული იყო. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ერაზერჰედი“ (1977), დღემდე კულტურული ფენომენია. თუმცა, მსოფლიო აღიარება და წარმატება ლინჩს 1986 წლის ფილმმა, „ლურჯი ხავერდი“, მოუტანა.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, სატელევიზიო სერიალი „ტვინ პიქსი“ (1990–1991), საკულტო მოვლენად იქცა. სერიალში ლინჩმა ყოველდღიური ცხოვრების იდილია და შოკისმომგვრელი მისტიკა ერთმანეთში გადააბა, რითაც ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ტელევიზიაში.
დევიდ ლინჩი ცნობილი არა მხოლოდ რეჟისორობით, არამედ მრავალმხრივი ნიჭითაცაა. ის მუშაობდა მუსიკაზე, ხატავდა და ქმნიდა სკულპტურებს.
ლინჩი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით დღემდე შთააგონებს რეჟისორებსა და ხელოვანებს მთელ მსოფლიოში. მისი ნამუშევრები ყოველთვის გვახსენებს, რამდენად ღრმა და უცნაური შეიძლება იყოს ადამიანის ფანტაზია.