#OK! Pabellón Hotel – სასტუმრო, რომელიც კახეთის წარსულსა და აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს

5 days ago 1

კახეთის გულში, ყვარლის მინდვრებს შორის, კაკლის ხის ჩრდილში გაჩნდა იდეა, რომელიც დღეს თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრიის ახალ სტანდარტს ქმნის. Pabellón Hotel მხოლოდ კომფორტული დასასვენებელი სივრცე არაა – აქ ბუნება, ისტორია და ხელოვნება ჰარმონიულად ერწყმის საერთაშორისო დონის სერვისს. რა აქცევს „პაბელონს“ განსაკუთრებულ ადგილად სტუმრებისთვის და როგორ აერთიანებს იგი ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვეობას – OK! გთავაზობთ ინტერვიუს სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, ოქსანა ხოდინთან.

როგორ დაიბადა Pabellón Hotel-ის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მიზანი ბიზნესის დაწყების დროს?

შუადღის მწველ სიცხეში, ყვარლის მინდვრებში ხეტიალისას, პატარა ილიკო ჩრდილს დაეძებდა და მაშინ იპოვა კაკლის ხე, რომელმაც შეიფარა, დააპურა და გულით გაუმასპინძლდა. სწორედ ეს ხე იქცა „პაბელონის“ ბრენდისა და ლოგოს ინსპირაციად, რომელიც წარსულსა და აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს.

გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სასტუმრო იქნებოდა, არამედ მრავალმხრივი გამოცდილების ადგილი – სადაც სტუმარი ერთდროულად იგრძნობს ბუნებას, ისტორიას, ხელოვნებას და თანამედროვე კომფორტს. მთავარი მიზანი იყო, შეგვეთავაზებინა ისეთი გარემო, სადაც თითოეული სტუმარი აღმოაჩენს კახეთის სილამაზეს და ქართულ სტუმარმასპინძლობას.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია საკმაოდ მასშტაბურია – იგი მოიცავს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. სრულად ქართული ინვესტიციებით აშენებული პროექტის მთავარი აქცენტი ხარისხსა და მდგრად განვითარებაზე გაკეთდა, რათა ობიექტი გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიან და რეგიონისთვის ღირებულ რესურსად ქცეულიყო.

დღეს ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. რა არის თქვენი სასტუმროს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?

განსხვავებული არქიტექტურა და ინტერიერი, საერთაშორისო დონის მომსახურება და საუკეთესო გამოცდილება ყველა სტუმრისთვის – ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს.

სასტუმრო მოიცავს 61 ოთახს, ქართულ რესტორან „მაკრინეს“ და ბარებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნესდარბაზს, სპას და გამაჯანსაღებელ სივრცეს, შეხვედრების 3 ოთახს. ასევე გვაქვს საბავშვო სივრცე, ღვინისა და სუვენირების მაღაზია.

ჩვენი მთავარი ღირებულება არის ავთენტური გამოცდილება. „პაბელონში“ სტუმარს შეუძლია დაესწროს ღვინის დეგუსტაციებს და მონაწილეობა მიიღოს გასტრონომიულ მასტერკლასებში ან, უბრალოდ, შეიგრძნოს ილიას ეპოქა და ქართული ისტორიის სული. ეს კომბინაცია – ძველი ქართული ადათ-წესებისა და თანამედროვეობის შერწყმა გვაძლევს უნიკალურობას.

ბიზნესის მართვაში რა პრინციპებს ეყრდნობით ყველაზე მეტად?

თანამშრომლების ზრდა და განვითარება, ეს არის წარმატებული ბიზნესის გასაღები. ვცდილობთ, თითოეული თანამშრომელი იყოს მოტივირებული და იგრძნოს, რომ ის არის ბრენდის მთავარი ნაწილი. ასევე ვხელმძღვანელობთ პრინციპით – სტუმრისთვის ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ხარისხსა და სერვისში ვდებთ ყველაზე დიდ რესურსს. სასტუმროს ესპანური სასტუმროების მმართველი კომპანია HCI – Hotel Collection International მართავს და ძლიერი მმართველი გუნდი ჰყავს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დასაქმებულთა 95%-ზე მეტი ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული, რაც რეგიონში დასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

თანამედროვე მოგზაურებისთვის ციფრული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ იყენებთ ტექნოლოგიებს სერვისში?

გამართული სასტუმრო და სარესტორნო სისტემები, სტუმრისათვის მარტივი დაჯავშნის პლატფორმა. ასევე, მონაცემების შეგროვება, კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე მოთხოვნის შეფასება და მონიტორინგი – გვაქვს შესაბამისი დამხმარე აპლიკაციები, რაც გვეხმარება და გვიმარტივებს ყოველდღიურობას.

რა სირთულეების გადალახვა გიწევთ ამ ბიზნესის მართვის დროს?

ყველაზე დიდი გამოწვევა არის მაღალი სტანდარტების მუდმივად შენარჩუნება. სასტუმრო ინდუსტრია ცვალებადია – მომხმარებელთა მოლოდინები სწრაფად იცვლება და საჭიროა მუდმივი ადაპტაცია. ასევე, გამოწვევაა სეზონურობა, რის გამოც გვჭირდება წლის სწორად დაგეგმვა და შემოქმედებითი მიდგომა სტუმრების მოსაზიდად სხვადასხვა პერიოდში.

გეგმავთ თუ არა ცვლილებებს Pabellón Hotel-ის განვითარებისთვის?

დამსვენებლებს შევთავაზებთ თიხაზე მუშაობის მასტერკლასებს, ხოლო მალე ამავე შენობაში გაიხსნება ღვინის საწარმო, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ „პაბელონის“ ღვინის წარმოების პროცესი. სასტუმროს ტერიტორიას აგრეთვე დაემატება სპორტული მოედნები და განახლებული საბავშვო სივრცეები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ჩვენთან სტუმრობის გამოცდილებას.

ტექსტი: მარიამ ჩოქური

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა