კვირას, ლოს-ანჯელესში, Paramount Studios-ში, Vogue World-ის ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა, რომლის წლევანდელი თემა მოდისა და კინემატოგრაფის კულტურული კავშირი იყო. გრანდიოზულ ჩვენებას ცნობილი სახეები დაესწრნენ, ხოლო პოდიუმზე კინოსა და მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავები გამოვიდნენ.
პოდიუმზე და დარბაზში წარმოდგენილი იყო როგორც საკულტო ფილმების ორიგინალური კოსტიუმები, ასევე კინოთი შთაგონებული ახალი დიზაინერული სამოსი.
საღამო ნიკოლ კიდმანმა გახსნა, რომელმაც რიტა ჰეიუორთის როლი მოირგო ფილმიდან „გილდა“. მატიე ბლაზის მიერ შექმნილ შავი ატლასის კაბაში გამოწყობილმა მსახიობმა სიმღერა „Put the Blame on Mame“ შეასრულა. კენდალ ჯენერმა კი სწორედ ნიკოლ კიდმანის ლუქი აირჩია „მულენ რუჟიდან“.
ჰანთერ შაფერს და ალტონ მეისონს სენდი პაუელის მიერ ტილდა სვინტონისთვის შექმნილი სამოსი ეცვათ ფილმიდან „ორლანდო“.
მსახიობ ჯულია გარნერს სოფია კოპოლას 2006 წლის ფილმით „მარი ანტუანეტა“ შთაგონებული კაბა ეცვა.
მოდელმა ბეტსი გეიგანმა თავისი გამოსვლა დაიან კიტონს მიუძღვნა, რომელიც 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. მან Ralph Lauren-ის კოსტიუმი მოირგო, რომელიც ფილმიდან „ენი ჰოლი“ მსახიობის ლეგენდარულ სამოსს იმეორებდა.
დოჯა კეტმა ტინა ტერნერის ხსოვნას პატივი მიაგო და მოირგო კოსტიუმი, რომელიც როკ-ენ- როლის დედოფალს ფილში „შეშლილი მაქსი“ ეცვა.
შთამბეჭდავი იყო Vogue World-ის შოუზე ქართველი მოდელების – მატილდა გვარლიანისა და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანის გამოჩენა. მოდელები ლოს-ანჯელესში Vogue World-ის სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ.


პოდიუმზე ასევე ჯულია გარნერი, ალექს კონსანი და ჰანთერ შეფერი გამოვიდნენ, ხოლო მაყურებელთა წინა რიგში ანა ვინტური, მაილი საირუსი, ჰეილი ბიბერი, დაკოტა ჯონსონი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ.
ტყავის სამოსში გამოწყობილი მაილი საირუსი და ჰეილი ბიბერი წინა რიგში გვინეტ პელტროუსა და Yves Saint Lauren-ის კრეატიული დირექტორის, ენტონი ვაკარელოს გვერდით ისხდნენ. 38 წლის ჰილარი დაფი ჩვენებაზე გამჭვირვალე ქვედაბოლოთი მივიდა, ხოლო ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი შავი შარვალ-კოსტუმებით პოზირებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებიდან შემოსული თანხა ლოს-ანჯელესში, იანვრის ხანძრის შედეგად დაზარალებული კინოინდუსტრიის მუშაკების დასახმარებლად გადაირიცხება.

1 day ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·