ალბერტ აინშტაინის საყვარელი ვიოლინო აუქციონზე 860 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. 1894 წლის Zunterer-ის ვიოლინო აინშტაინის პირველ ვიოლინოდ ითვლება.
ფარდობითობის თეორიის ავტორმა ინსტრუმენტი გერმანიაში 1890-იანი წლების შუა პერიოდში შეიძინა. 1930-იან წლებში, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ აინშტაინი აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა, თავისი ნივთები კი შესანახად, ფიზიკოს მაქს ფონ ლაუესთან დატოვა. ამ ნივთებს შორის იყო აინშტაინის პირველი ვიოლინო, ველოსიპედი და ფილოსოფიის წიგნი, რომელიც მამამ აჩუქა. ორი ათწლეულის შემდეგ, ფონ ლაუემ ეს ნივთები აინშტაინის მემკვიდრეობის დიდ თაყვანისმცემელს, მარგარიტა ჰომრიხს გადასცა. რელიქვია ქალბატონის ოჯახის საკუთრებაში 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა. მისი აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება ჰომრიხის შვილთაშვილმა მიიღო.
პატარა ალბერტმა ვიოლინოზე დაკვრა დედის, პაულინას თხოვნით დაიწყო და ეს გატაცება მთელი ცხოვრება გაჰყვა. ის მეგობრებისთვის მოცარტის, ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს ხშირად ასრულებდა. ფიზიკოსი აღნიშნავდა, რომ ვიოლინოზე დაკვრა აზროვნებაში ეხმარებოდა. ის თავის ვიოლინოებს, მათ შორის ინგლისში გაყიდულს, სიყვარულით „ლინას“ უწოდებდა.
ბრიტანული აუქციონის სახლის, Dominic Winter -ის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები The Daily Mail-ში გამოქვეყნდა.