#OK! ბოროტმოქმედებმა ეგვიპტის მუზეუმიდან მოპარული 3000 წლის სამაჯური გაადნეს და გაყიდეს

3 hours ago 1

ფარაონ ამენემოპეს 3000 წლის, ლაზურიტის მძივით გაფორმებული ოქროს სამაჯური, რომელიც კაიროს მუზეუმიდან გაუჩინარდა, ოქროს ზოდად გადაადნეს –  ამის შესახებ Reuters ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ეგვიპტის სიძველეთა და ტურიზმის სამინისტრომ მეფე ამენემოპე III-ის სამაჯურის გაუჩინარების შესახებ, რომელიც ეგვიპტეს დაახლოებით ძვ.წ. 1000 წელს მართავდა, 10 სექტემბერს განაცხადა.

ძვირფასი ექსპონატი კონსერვაციის ლაბორატორიის სეიფიდან 9 სექტემბერს გაუჩინარდა. ქურდობის შემდეგ, ლაბორატორიაში არსებული არტეფაქტების შესასწავლად სპეციალური კომიტეტი შეიქმნა და დაკარგული სამაჯურის სურათები ეგვიპტის აეროპორტების, საზღვაო პორტების და სასაზღვრო გამშვებ პუნქტების სიძველეთა დეპარტამენტებს გადაეგზავნა, რადგან მისი საზღვარგარეთ გატანის საფრთხე არსებობდა.

საბოლოოდ, ეგვიპტის პოლიციამ დაადგინა, რომ ფასდაუდებელი სამაჯური მუზეუმიდან რესტავრატორმა მოიპარა და ვერცხლის დილერს მიჰყიდა, რომელმაც ის კაიროს ისტორიულ საიუველირო რაიონში მდებარე სახელოსნოს მფლობელს გადასცა. სახელოსნოს მფლობელმა სამაჯური ოქროს მდნობელს მიჰყიდა, რომელმაც ის სხვა ნივთებთან ერთად გაადნო. ლაჟვარდის მძივის ადგილსამყოფელი უცნობია.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციით, ეჭვმიტანილები დააკავეს და გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაახლოებით 194 000 ეგვიპტურ ფუნტს (დაახლოებით 4 000 აშშ დოლარი) შეადგენს, ჩამოართვეს.

სრულად წაკითხვა