ემი უაინჰაუსის მამამ, მიტჩ უაინჰაუსმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც გარდაცვლილი შვილის მეგობრებს მისი ნივთების მოპარვაში ადანაშაულებს. უაინჰაუსის თქმით, მათ უკანონოდ გაყიდეს მომღერლის ნივთები, რომლებიც მათ არ ეკუთვნოდათ.
75 წლის მიტჩ უაინჰაუსი, რომელიც წლების წინ ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებდა კავშირს მის ორ უახლოეს მეგობართან – ნაომი პერისთან და კატრიონა გურლისთან, რომლებიც სხვადასხვა დროს ვარსკვლავთან ერთად ცხოვრობდნენ.

მომღერლის მამასა და მეგობრებს შორის განხეთქილება 2021 წლის ლოს-ანჯელესის აუქციონის შემდეგ მოხდა, სადაც წარმოდგენილი იყო ემის 700-მდე პირადი ნივთი, რომელიც აუქციონს ოჯახმა მიაწოდა. აუქციონიდან მიღებული თანხა ემი უაინჰაუსის საქველმოქმედო ფონდს უნდა გადასცემოდა, მაგრამ მომღერლის მამამ აღმოაჩინა, რომ შვილის მეგობრებმა დაახლოებით 150 ნივთი, ძირითადად ტანსაცმელი უკანონოდ გაყიდეს.
ორშაბათს, 8 დეკემბერს, მიტჩ უაინჰაუსმა, რომელმაც ქალიშვილის უანდერძოდ გარდაცვალების შემდეგ მისი მრავალმილიონიანი ქონება მემკვიდრეობით მიიღო, ლონდონის სამეფო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მომღერლის მამა უარყოფს, რომ მისმა ქალიშვილმა ამდენი ნივთი დაარიგა და ამტკიცებს, რომ ეს ნივთები მისი ქონების ნაწილია.
მიტჩი მოითხოვს, რომ შვილის მეგობრებმა აუქციონიდან მიღებული თანხა დააბრუნონ, რომ მან ემი უაინჰაუსის საქველმოქმედო ორგანიზაციას სენტ-ლუსიის კუნძულზე (კარიბის ზღვა) სკოლის მშენებლობისთვის გადასცეს.

“მისტერ უაინჰაუსმა მხოლოდ 2021 წლის აუქციონის დასრულების შემდეგ გაიგო, რომ მისის პერი და მისის გურლი 150-ზე მეტ სააუქციონო ლოტს ფობდნენ და მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის დატოვებას გეგმავდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ნივთები მათი საკუთრებაა, თუმცა მათი განცხადებები საბუთებს სრულიად არ შეესაბამება,” – განაცხადა მიტჩის ადვოკატმა, ჰენრი ლეგმა.
ემი უაინჰაუსი 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნიჭიერ ბრიტანელ მომღერლად აღიარეს. მას მიღებული აქვს ხუთი გრემი, მათ შორის, წლის საუკეთესო სიმღერის, დებიუტებისა და საუკეთესო პოპ-ალბომის (Back To Black) კატეგორიებში. უაინჰაუსი ბრიტანეთის 30 წლამდე უმდიდრეს მუსიკოსთა სიაში მეათე ადგილს იკავებდა. მისი ქონება 16 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
2011 წლის 23 ივლისს 27 წლის მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ის ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

16 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·