#OK! იოგა – სხეულის, გონებისა და სულის ჰარმონია

1 week ago 5

ინტერვიუ იოგას ინსტრუქტორ სოფო ბუაძესთან

ჯანსაღი ცხოვრების წესი ნებისმიერი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია გვსიამოვნებდეს და ჰარმონიას გვანიჭებდეს ამის კეთება. მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანი სხვადასხვა საქმესა თუ აქტივობაში პოულობს ამ ჰარმონიას. განსაკუთრებით კი იოგას პრაქტიკებში შეგვიძლია სხეულის, გონების და სულის ჰარმონიაში მოყვანა, რადგან იოგას პრაქტიკა არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ ჩვენი ფიზიკური, მენტალური, სოციალური თუ გარემოებრივი მდგომარეობების ერთობას მოიაზრებს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ იოგას ინსტრუქტორს, სოფო ბუაძეს, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ამ ფილოსოფიის სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ.

უპირველესად, გაგვეცანით.

მე სოფო ვარ, დილით – იოგას ინსტრუქტორი, შუადღეს – ქალების უფლებებისთვის, საღამოს კი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი. 5 წლის წინ, პროფესიით მარკეტერმა, მეგობრებთან ერთად შევქმენი ფემინისტური მედიაპლატფორმა GrlzWave. დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა ჩემი იოგით დაინტერესებაც და ბოლო ორი წელია, ვარ იოგას სერტიფიცირებული ინსტრუქტორი.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობისა და პროფესიის შესახებ.

იოგა – ეს არის სხეულის, გონების და სულის ჰარმონიაში მოყვანის გზა. მისი მიზანი არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეულის გავარჯიშება. ამ ფილოსოფიის სხვადასხვა სწავლება გვეხმარება სუნთქვის მართვაში, გონების დამშვიდებაში, ნატიფი სხეულის ენერგიების გაწონასწორებასა და საკუთარი, ნამდვილი „მე“-ს გაცნობაში.

ზოგადად, იოგას პრაქტიკა ძალიან ინდივიდუალური პროცესია და თითოეული პრაქტიკოსისთვის ეს აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი სხვადასხვა მიზანსცენით მიმდინარეობს. ხალიჩაზე ყველაფერი ხდება – გაწელვა, გამოხატვა, დაგროვილი ემოციებისგან გათავისუფლება, კონცენტრაცია, სილაღე და ღრმად ჩაყვინთვა. რამდენად დაღლილიც არ უნდა იყო პრაქტიკის დასაწყისში, ბოლოსკენ აღმოაჩენ ხოლმე, რომ მეტად ენერგიული და ნაკლებად დაძაბული ხარ.

როცა გაკვეთილს ვატარებ, ზოგჯერ მავიწყდება, რომ ეს ჩემი სამსახურია, იმდენად სასიამოვნო და საინტერესოა სწავლების პროცესიც. ყოველდღიურად ვუყურებ, როგორ იცვლება ადამიანების ხასიათი, ენერგია, წარმოდგენები საკუთარ თავზე, სიმშვიდის დონე და ცხოვრების ხარისხი. განსაკუთრებულ ჯილდოდ ვიღებ, როცა რაიმე ფიზიკური ტკივილით მოსული მოვარჯიშე მეუბნება, რომ აღნიშნული პრობლემა აღარ აწუხებს და საკუთარ სხეულში უკეთ გრძნობს თავს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მგონია ხოლმე იოგა ისეთ რთულ პერიოდებში, როგორშიც ახლა ვართ სრულიად ქვეყანა, როცა მოქალაქეებს მასობრივად გვიწევს სტრესში, დაძაბულობასა და ბრძოლის რეჟიმში ყოფნა, რაც ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე.

პირველად როდის დაინტერესდით იოგით?

„იოგარუმსში“ პირველად 6 წლის წინ მივედი. სქოლიოზი მქონდა, წელი მტკიოდა ხშირად და ყურმოკრულად მქონდა გაგონილი, იოგა უხდება მაგასო. ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ წელის ტკივილის დაამებასთან ერთად, ძალიან ფრთხილად იცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებები სამყაროს, ადამიანების და ყოველდღიური პრობლემების მიმართ. გავხდი უფრო კონცენტრირებული, გამოღვიძებული, უფრო მიმღები და მოქნილი იმის წინაშე, რასაც ცხოვრება მიმზადებდა სხვადასხვა საფეხურზე. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი იმის გაცნობიერებამდეც, რომ მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი იმ ცოდნაზე, რამაც ამდენად უკეთესი გახადა ჩემი ყოფა და როცა ჩემი მასწავლებლის დახმარებით მივხვდი, რომ მზად ვიყავი ამ ცოდნის გასაზიარებლად, უკვე ჩავატარე ჩემი პირველი გაკვეთილიც.

რა სახის პრაქტიკებს სთავაზობთ საზოგადოებას?

როგორც ვახსენეთ, იოგა ინდივიდუალიზმის გარეშე გარდაუვალია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხელი შევუწყო მოვარჯიშეს, იპოვოს თავისი პრაქტიკა.

ამჟამად ვასწავლი ორ ძირითად მიმართულებას:

  • მაისორის სტილი – ეს არის ინდივიდუალური ვარჯიშები ჯგუფურ გარემოში, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ სივრცეში მოსული რამდენიმე ადამიანი მიჰყვება თავის საკუთარ რიტმს, რაც წარმოუდგენლად უნიკალურ გამოცდილებას იძლევა.
  • ძალისმიერი, ე.წ. Power Yoga – ეს უფრო დინამიკური და ძლიერი ვარჯიშის ფორმაა. ხდება შედარებით ინტენსიური დატვირთვა სხეულზე და კუნთების მეტად აქტივაცია.

ამის გარდა, ვმუშაობ ინდივიდუალურად, პირად საჭიროებებზე მორგებული პროგრამით.

სად შეგვიძლია თქვენი პრაქტიკებით სარგებლობა?

მაისორის სტილი – „იოგარუმსში“, ძალისმიერი იოგა – „ჩემპიონთა აკადემიაში“. სხვადასხვა დროს მაქვს ონლაინგაკვეთილებიც, ან, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა, ვაკეთებ ხოლმე ვარჯიშებს საუკეთესო გარემოში, ღია სივრცეში, ბუნებასთან ახლოს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა