ლუვრში მომხდარმა ძარცვამ მთელი მსოფლიო შეძრა. ჯაჭვური ხერხებით შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა 7 წუთში მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში შეღწევა და უიშვიათესი ძვირფასეულობის გატანა მოახერხა. დაკარგულ ნივთებს შორისაა ანგულემის გრაფინიას 1819 წლის ტიარა, დედოფალი ევგენიას 1855 წლის გვირგვინი და ნაპოლეონის კოლექციის შვიდი სამკაული. ოფიციალური პირების განცხადებით, მოპარული ძვირფასეულობის ღირებულება 102 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა მისი კულტურული ღირებულება შეუფასებელია.

ერთკვირიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ეჭვმიტანილების პოვნა და დაკავება შეძლო. პარიზის პროკურორმა ლორა ბეკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი რუასი-შარლ დე გოლის აეროპორტიდან ალჟირში გასაქცევად ემზადებოდა. მეორე ეჭვმიტანილი ქალაქ სენ-დენიში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცების ასაკი დაახლოებით 30 წელია და ისინი სამართალდამცველებისთვის უკვე კარგად ცნობილები არიან.
ადგილობრივი გამოცემა Le Figaro იუწყება, რომ მძარცველებს სავარაუდოდ, მუზეუმის ერთ-ერთი მცველი დაეხმარა. შესაძლოა, მან მძარცველებს სათვალთვალო კამერების მდებარეობის, დაცვის მორიგეობის განრიგისა და მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამან მისცა დამნაშავეებს შესაძლებლობა, რომ ლუვრის მძლავრი დაცვის ბარიერები გადაელახათ და ძვირფასი ექსპონატები შეუფერხებლად გაეტანათ. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმიდან ნაძარცვით გასვლა შეძლეს, ბანდამ დანაშაულის ადგილზე ასზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის თითის ანაბეჭდები დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ლუვრის ძარცვა 19 ოქტომბერს, დილის 9:30 საათზე მოხდა. ბანდა ლუვრთან მოპარული სატვირთო მანქანით მივიდა, რომელიც მოძრავი კიბითა და ამწით იყო აღჭურვილი.

დამნაშავეებმა, რომლებსაც მუშების ამრეკლი ჟილეტები ეცვათ, თავდაპირველად ფანჯარა ჩაამტვრიეს, შემდეგ კი ლითონის საჭრელებით ძვირფასეულობით სავსე ორი სტენდი გახსნეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ. პოლიციამ ლუვრის სიახლოვეს იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ევგენიას დაზიანებული გვირგვინი იპოვა.

ძარცვის შემდეგ, ხელისუფლებამ მუზეუმის ყველაზე ძვირფასი ექსპონატების ნაწილი ლუვრის მახლობლად მდებარე საფრანგეთის ბანკში გადაიტანა. გამოძიების დასრულებამდე საგანძური 26 მეტრის სიღრმეზე არსებულ სპეციალურ სეიფში მოთავსდება. სწორედ იქ, სადაც საფრანგეთის უზარმაზარი ოქროს მარაგი და ლეონარდო და ვინჩის უიშვიათესი ხელნაწერები ინახება.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

4 days ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·