დღეიდან დამთვალიერებელს შეუძლია განახლებულ გარემოში გაეცნოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას. მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, 3 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20,000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს, ხოლო, კეთილმოწყობილი ეზო დამთვალიერებლებს სასიამოვნო ატმოსფეროში მასპინძლობს.
მუზეუმი, რომელიც 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და ოლღა დემურია-კოსტავას მხარდაჭერით დაარსდა, დღეს წარმოადგენს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის მნიშვნელოვან ცენტრს და რჩება ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლების იდეალების სიმბოლოდ — ადგილად, სადაც ისტორია ცოცხლდება და შთაგონებას აძლევს მომავალ თაობებს.
მისამართი: მ.ზანდუკელის №1
ყოველდღე,
10:00 – 18:00