#OK! მუსიკა ყველგანაა, სადაც ადამიანია – გიორგი არაბიძე

15 hours ago 3

„მუსიკის სიყვარული თითქოს თავისით მოვიდა. უბრალოდ ერთ დღეს მივმართე იმპროვიზაციას და მივხვდი, რომ მუსიკამ თვითონ მიპოვა. ის აცოცხლებს ემოციებსა და განცდებს, გადმოსცემს შენს სათქმელს, რაღაც აბსტრაქტულია, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ამოხსნი“, – ამბობს გიორგი არაბიძე, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი. 18 წლის ასაკში მას უკვე არაერთი მიღწევა აქვს.

გიორგი არის არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ბრიტანეთისა და საფრანგეთის საკომპოზიციო კონკურსების გამარჯვებული, საფორტეპიანო ნაწარმოებების ავტორი, ლონდონის ახალგაზრდა მუსიკოსთა კონკურსის ოქროს მედლის მფლობელი და სხვ. აღსანიშნავია მისი მუდმივი აქტიურობა და ჩართულობა მასტერკლასებზე ისეთი გამოჩენილი მუსიკოსებისა, როგორებიც არიან ელისო ვირსალაძე და ეთერ ანჯაფარიძე. ინტერვიუში იგი გვესაუბრება მუსიკის სიყვარულზე, სიძნელეებზე, მისი მოტივაციის წყაროსა და გამორჩეულ შემოქმედებზე.

გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით პიანისტი და კომპოზიტორი?

ჩემთვის მუსიკა ყოველთვის იყო საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის საშუალება. როდესაც დედამ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა, იქ არსებულმა გარემომ იმწამსვე მომხიბლა. მუსიკისადმი ინტერესი, მუსიკის შექმნის სურვილი თითქოს თავისით, არსაიდან მოვიდა. არასდროს მქონია პირდაპირი განზრახვა, “ახლა დავწერ მუსიკას”, უბრალოდ ერთ დღეს დავიწყე იმპროვიზაცია და მივხვდი, რომ რაღაც ახალი იბადებოდა ჩემში, თითქოს მუსიკამ თვითონ მიპოვა. შემსრულებლობა ჩემი პიროვნული საწყისის ბუნებრივი გაგრძელებაა.

როგორი იყო შენთვის პირველი კონცერტი და საჯაროდ გამოსვლის ემოციები?

ჩემი პირველი დებიუტი სასწავლებლის სცენაზე შედგა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი პედაგოგის, ჩემი თავის, აუდიტორიისა და თვით მუსიკის წინაშე, რაც ძალიან მაღელვებდა. როგორც კი როიალთან პირველი ბგერა ავაჟღერე, შფოთვა გაქრა და დარჩა მხოლოდ მუსიკა. ეს განცდა დღემდე მახსოვს…

რა გამოცდილება დაგიგროვდათ დღემდე სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობით?

საქართველოსა და უცხოეთის მასშტაბით არაერთი ეროვნულ-საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი გავხდი, რამაც მომცა საშუალება, მქონდეს ურთიერთობა ჩემი თაობის მუსიკოსებთან და არამარტო. ასევე აქტიურად ვიღებ მონაწილეობას მასტერკლასებში ისეთი მაღალი რანგის მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ელისო ვირსალაძე, ნელსონ გოერნერი, პასკალ ნემიროვსკი, მიშელ ბეროფი, ეთერი ანჯაფარიძე, გიორგი ჭიჭინაძე და ა.შ.

თქვენი პროფესიის სიძნელეები?

ყველაზე  დიდი გამოწვევა თავდაჯერებულობა, მოთმინება და ხელოვნებასთან ჭეშმარიტი ემოციური კავშირის დამყარებაა. ისევე როგორც ყველა სხვა დარგში, აქაც საკუთარი თავის რეალიზება რთული პროცესია, რადგან ასპარეზზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გხვდება.

რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ამ სიძნელეების მიუხედავად არ გაჩერდეთ?

ის, რაც განუწყვეტლივ მმატებს მოტივაციას, არის მუსიკის ბუნება, მისი უსასრულო შესაძლებლობები, მუდმივი ინტერესი და ძიების პროცესის სიყვარული. რთულ მომენტებში ყოველთვის მახსენდება, რომ ყველა ახალი დაბრკოლება არის ახალი გამოცდილება და აუცილებელი წინაპირობა განვითარებისთვის, მუსიკა ჩემთვის არა პროფესია, არამედ ყოფნის ფორმაა და სწორედ ეს შეგრძნება მაძლევს ძალას, რომ არასდროს გავჩერდე.

მუსიკის გარდა რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ვცდილობ ისეთი საქმიანობით დავიტვირთო, რაც შემოქმედებითად მავსებს. ხშირად ვკითხულობ ლიტერატურას, განსაკუთრებით პოეზიასა და ფილოსოფიურ ტექსტებს. ვიზუალური ხელოვნება და ბუნებაში სიარული კი მუსიკალურად მაცოცხლებს, მავსებს და ახლებურ ხედვას მმატებს კომპოზიციისთვის.

გყავთ თუ არა მისაბაძი მუსიკოსი, რომლის მსგავსიც გინდათ, რომ გახდეთ?

„მისაბაძი“ ალბათ ზედმეტად ზუსტი სიტყვა არ იქნება, მაგრამ არსებობს მრავალი შემოქმედი, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოახდინეს, მაგალითად, ბახი, შოსტაკოვიჩი, გალინა უსტვოლსკაია და პოლონელი იგნაცი იან პადერევსკი. ეს უკანასკნელი ჩემთვის განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს შემოქმედს, ჰუმანისტსა და მოაზროვნეს — ადამიანს, რომელიც მუსიკას საკუთარი ქვეყნისა და სამყაროს სულიერ განზომილებად აქცევს. შოსტაკოვიჩი კი ერთგვარი ფილოსოფიური სიმბოლოა — მისი მუსიკა გვასწავლის, რომ ჭეშმარიტება ხშირად იბადება წინააღმდეგობებში. ის თითქოს გვახსენებს, რომ შემოქმედება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, არამედ შინაგანი სამყაროს მოწმედ ყოფნა, ადამიანის სულიერი სინდისის გამოხატვა. მე არ ვცდილობ ვინმეს ვგავდე, უბრალოდ მინდა ამ დიდოსტატთა გამოცდილებებიდან ვისწავლო შინაგანი თავისუფლება, სიმართლისადმი ერთგულება და გამბედაობა.

ბოლოს, რა რჩევას მისცემდი მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს მუსიკაში და პიანისტობა ან კომპოზიტორობა უნდა?

მუსიკაში არ არსებობს მოკლე გზა. საჭიროა მოთმინება, თვითშემეცნება და საკუთარი საქმის სიყვარული.  არასდროს უნდა იფიქრო მხოლოდ შედეგზე, კონკურსებზე ან აღიარებაზე. მთავარი არის ის, რომ ყოველდღე ეძებო საკუთარი ხმა, თუნდაც ეს ძიება იყოს მტკივნეული. სწორედ აქ იწყება ნამდვილი შემოქმედება.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

სრულად წაკითხვა