#OK! ნატალია კუცია: ვახტანგ კუციას შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა

2 days ago 10

ფერადი სარეცხით აჭრელებული თბილისური ეზო, ძველ კიბე ჭრაჭუნით გაცილებს მასპინძელთან. გრძნობ, რომ აქ სტუმარი უყვართ. მაგიდაზე ისევ დგას სანათური, როგორც ადრე, როცა კარიკატურისტი ვახტანგ კუცია ქმნიდა შედევრებს, რომელთა წყალობით ორჯერ გახდა გინესის რეკორდსმენი. სახლში შემოქმედებითი სული ტრიალებს. კედლებს კარიკატურებთან ერთად ნატალიას ნახატებიც შეერია. ნატალია კუცია ფერმწერია. მამაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

ნატალია კუცია: კუციები შთამომავლობით მხატვრები ვართ, ბაბუაც ფერმწერი იყო, მამა –კარიკატურისტი, მე ფერწერა ავირჩიე. მთელი ბავშვობა სამხატვრო სამზარეულოში გავატარე. თვალს ვადევნებდი მამას მუშაობას, ყველაფერი ჩემ თვალწინ იქმნებოდა და ეს იყო დიდი ფუფუნება. პატარა კი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შთამბეჭდავი პროცესის მონაწილე ვიყავი და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. მამას სერიოზული გათვლები ჰქონდა ჩემზე და ჩემს დაზე, ბევრს გვასწავლიდა, მაღალი სტანდარტებით ითხოვდა და ბავშვისთვის ეს იოლი არ იყო. ნატურმორტის ხატვაც მამამ მასწავლა და ყველაფერი, რაც მხატვარმა უნდა იცოდეს, მამისგან ვისწავლე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მამის გვერდით გავატარე ბავშვობა – თითოეული წუთი არის ძალიან ძვირფასი. მუდმივად დაკავებული და მუზის მოციქული ადამიანი მაინც ცდილობდა, რომ ჩვენთვის დრო დაეთმო და რამე ღირებული მოეცა. რებუსების კეთება დავიწყე ჯერ კიდევ მაშინ, როცა წერა-კითხვა არ ვიცოდი. მამა ასოებს მიხატავდა და გაზეთში იბეჭდებოდა. უბედნიერესი ვიყავი, ჩემი შემოსავალიც მქონდა. თანამედროვე კარიკატურისტები აქტიურ კომუნიკაციაში არიან ჩემთან და კარიკატურულ ფესტივალებში ვმონაწილეობ, კუციას სახელი რომ ჟღერდეს – დიდი მადლობა მათ ამისთვის. თუმცა მაინც ფერწერისკენ ვიხრები.

მამისგან რაც ვისწავლე, ესაა უზომო შრომისმოყვარეობა. თავს არ ზოგავდა, წუთს არ აცდენდა – ეს მეც მაქვს მისგან. ერთი დღე რომ გავიდეს ისე, რომ არ დავხატო, არ შევქმნა, ვფიქრობ, რომ ის დღე დაკარგულია. მამა მათემატიკოსი იყო პროფესიით, ისე ჰქონდა გათვლილი ყოველი წუთი, დრო რომ არ დაეკარგა. „ორერასაც“ ასწრებდა, ღამეებს ათენებდა – ამიტომაც მოასწრო ამდენის შექმნა. მამისგან ვისწავლე დროის ფასი.

11 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. გული აწუხებდა. პატარა კი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ დიდი დრო არ გვქონდა. თითქოს იმ დროიდან ვაარქივებდი მამასთან დაკავშირებულ ემოციებს, დღემდე ძალიან მტკივნეულია ამაზე საუბარი. მიჭირს მის გარეშე ყველა ინტერვიუ და ყველა გამოფენა. მშობელი რომ გავხდი, მერე გავაანალიზე, რამდენი რამე მომცა მამამ. ნეტავ, შევძლო და მისნაირი მშობელი ვიყო. სანამ დროა, გაუფრთხილდით მშობლებთან ურთიერთობას – არავინ იცის, რამდენი დრო გაქვთ ამისთვის.

მახსოვს, ამ მაგიდასთან იჯდა და ხატავდა, მე ზურგს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვარ, რომ ეს მამაჩემია-მეთქი. დროულად დავიწყე ამ ემოციების დაარქივება.

ამ სახლში კარი არ იხურებოდა, „ორერას“ წევრები მოდიოდნენ, აქ რეპეტიციობდნენ და ზაფხულში, როცა ფანჯრები ღია იყო, ეზოში სამეზობლო იკრიბებოდა – „ორერას“ უფასო კონცერტი იყო. ზეიმი – მათი მოსვლა.

25 წლის იყო მამა, როცა „ნიანგის“ რედაქციაში მივიდა და მიიტანა კარიკატურებით სავსე დიდი ჩანთა. ნოდარ დუმბაძეს გაჰკვირვებია, ამ ასაკში ამდენის დახატვა როგორ მოასწარიო და სხარტულაც მიუძღვნია. პირველი დღიდან დამეგობრდნენ. ნოდარს სულ სიყვარულით იხსენებდა მამა.

ორჯერ გახდა გინესის რეკორდსმენი – პირველად 10 000 კარიკატურის დაბეჭვდით და მეორედ – საკუთარი რეკორდის გააუმჯობესით – წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი კარიკატურა დაიბეჭდა. ეს, რაც დაიბეჭდა, მაგრამ რასაც მე ვხედავდი, ბევრად მეტი იყო. ისტორიულ მაგიდასთან ვსხედვართ, აქ იქმნებოდა ყველაფერი, ენთო ეს სანათური, აქვე ედგა რადიო, რომელიც სულ ჩართული იყო, სულ ადევნებდა თვალს ახალ ამბებს. მაშინ ამდენი სამხატვრო მასალა არ იყიდებოდა, პატარა ქაღალდზე, ფანქრით მოხაზავდა ხოლმე და მერე მელნით ამუშავებდა. სხვათა შორის, როცა ვერ ასწრებდა, რამდენჯერმე მე დავასრულე მისი ნახატი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ საქმეს, სასიამოვნო იყო მასთან თანამშრომლობა.

ძალიან რთულად გადავიტანე მამის გარდაცვალება. ხელოვნებას აქვს უნარი, ადამიანი გადაარჩინოს. მე ხატვამ გადამარჩინა. პასუხისმგებლობაა, რომ კუცია ხარ. თამასა სულ მაღალია და ვცდილობ, ღირსეული შვილობა გავუწიო. მამას დამსახურებაა, რომ მე ამის აღქმა იმ პატარა ასაკშიც მქონდა – რაღაც საოცრება ხდება და მიდი, თვალი ადევნე. ძველი კინოფირივით ვახვევ და ვუყურებ – ამ ფირზე სულ ჩახუტებულები ვართ.

როცა მამა გარდაიცვალა, მუსიკაზე დავდიოდი. მამას მსგავსად, მე მუსიკის ნიჭი არ დამყვა და წავედი მხატვრობისკენ. ჩავაბარე აკადემიაში, დავოჯახდი, შვილები მყავს, მაგრამ ხატვა არ შემიწყვეტია. არ ვჩერდები, ვმართავ გამოფენებს და ჩემს ნახატებთან ერთად აუცილებლად იფინება მამას ნახატებიც. ჰარმონიულად ერთად მოვდივართ ეს წლები.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა