#OK! ნებულა – პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბი რეგიონში

1 day ago 1

სექტემბრის ნომერი ტექნოლოგიისა და შემოქმედების თანხვედრას მიეძღვნა. ტექნოლოგიას, რომელიც დღეს უკვე ცვლის ჩვენს რეალობას და მომავალს ახალ განზომილებაში აქცევს. ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაშია და გვაიძულებს თავიდან გადავაფასოთ წარმოდგენები ადამიანურ შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალმა OK!-იმ გადაწყვიტა მიემართა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანია „Nebula“-სთვის, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ დაფუძნდა და უკვე იქცა რეგიონში პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბად. სექტემბრის ნომერი სწორედ ერთობლივი პროექტის სახით განხორციელდა „Nebula“-სთან ერთად. გთავაზობთ ინტერვიუს Nebula AI Hub-ის დირექტორთან, ნატალია პატარიძესთან, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ორგანიზაციის სერვისებზე, მიზნებზე და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ნატალია, სანამ კომპანიის დაფუძნების ისტორიას მოგვიყვებით, გვიამბეთ ამ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ჟურნალ OK!-სა და „ნებულას“ შორის შედგა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ OK! Magazine-მა სექტემბრის ნომერი ტექნოლოგიებს მიუძღვნა, სფეროს, რომელიც დღეს გლობალური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მისი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

როგორ დაარსდა „ნებულა“?

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი შარშან სექტემბერში დაფუძნდა, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმა. სწორედ აქ დაიბადა იდეა ხელოვნური ინტელექტის ჰაბის შექმნის შესახებ. მოთხოვნა სწრაფად იზრდება, ტექნოლოგიური პროგრესი შეუჩერებელია და ჩვენი მთავარი მისიაა, ახალგაზრდებს შევთავაზოთ ისეთი პროფესიული შესაძლებლობები, რომლებიც მათ ქალაქში დატოვებს და, ამავდროულად, საერთაშორისო, მაღალანაზღაურებად საქმიანობაში ჩართავს.

რატომ გადაწყვიტეთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჰაბის დაფუძნება?

ხელოვნური ინტელექტი ჩვენი დროის მთავარი გამოწვევაა. გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისს სწორედ ამ მიმართულებით ჰქონოდა პოზიციონირება. პირველივე ეტაპზე დავიწყეთ თანამშრომლობა „კურსერასთან“ და გავხდით მისი სტრატეგიული პარტნიორი. წლის განმავლობაში 1 400 სტუდენტის გადამზადება გვაქვს დაგეგმილი. ასევე, პარტნიორობდა „მასტერქარდთან“, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები და HR სპეციალისტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გადავამზადეთ.

სწორედ ამ ახალგაზრდების მეშვეობით შეიქმნა „ნებულა“, ეიაი ჰაბი, ნამდვილად პირველი კავკასიური ხელოვნური ინტელექტის ჰაბი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მულტიფუნქციურია თავისი სუბსტანციითა და არსით.

რას გულისხმობს „ნებულას“ ეკოსისტემა?

ჰაბი მულტიფუნქციურია და გვაქვს:

აქსელერაციის პროგრამა – სტარტაპებს ვეხმარებით დაფინანსებასა და ეკოსისტემაში ჩართვაში;

ინკუბატორი – სადაც ნოვაციური იდეები ყალიბდება, ადგილზევე იღებს დაფინანსებას და სტარტაპად ყალიბდება;

სერვისები კერძო კომპანიებისთვის – ვაკეთებთ აუდიტს, ვიძლევით კონსულტაციებს და AI-ს გამოყენებას ვნერგავთ ბიზნესში.

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება AI-ის მიმართ?

ბუნებრივია, თავიდან სკეპტიციზმი არსებობდა, მაგრამ ეს შიშები ეფემერული აღმოჩნდა. როცა ხედავენ რეალურ შედეგებს, დამოკიდებულება იცვლება. ჩვენი მიზანია, დავანახვოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის საფრთხე – ის ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანებს აძლიერებს.

რა საერთაშორისო თანამშრომლობები გაქვთ?

„ნებულას“ უკვე ჰყავს მსხვილი პარტნიორები. ვმუშაობთ საფრანგეთთან და ვგეგმავთ ამერიკის ბაზარზე ინტეგრირებას. ავიაციის მიმართულებით ერთ-ერთ პირველები ვართ, ვინც ხელოვნური ინტელექტის ბაზრის განვითარებას იწყებს. ასევე, ვამზადებთ პლატფორმას ქართველი არტისტებისთვის – Nebula Art AI, რომელიც ნამუშევრებს კრიპტოვალუტაში საერთაშორისო აუქციონებზე გაყიდის.

რა შესაძლებლობები იქმნება ახალგაზრდებისთვის?

დღეს „ნებულაში“ დასაქმებულია 150 პროგრამისტი, რომლებიც სრულიად უფასოდ გადამზადდნენ. მათ შორის უმრავლესობა იმერეთიდანაა. სტუდენტებს ვთავაზობთ არა მხოლოდ სწავლებას, არამედ პრაქტიკასა და ფასიან სტაჟირებას.

რაც შეეხება ადამიანურ რეკრუტინგს, დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან განათლების პლატფორმა ჩვენთან აქტიურად მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ კადრებს ჰქონდეთ შემოქმედებითი განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ვამზადებთ ტალანტების კატალოგს, რომელიც ქართველ AI სპეციალისტებს საერთაშორისო კომპანიებთან დააკავშირებს დისტანციური დასაქმებისთვის. შესაბამისად, ქართველი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები თუ დისტანციურად დასაქმდებიან, არ მოუწევთ ქალაქების დატოვება, ეს კი, რა თქმა უნდა, დემოგრაფიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და ეკონომიკური განვითარების მიმართულებითაც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განათლების თვალსაზრისით თუკი რაიმე მიმართულება არსებობს ხელოვნური ინტელექტის განხრით, ჩვენ ყველა საფეხურს ვაკმაყოფილებთ და სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ფასიანი სტაჟირება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ნებულა“ ძალიან მოკლე დროში ინტეგრირდა ბაზარზე და ჰყავს ანგარიშგასაწევი პარტნიორები. მათ შორის პარტნიორი გვყავს საფრანგეთშიც, რომელიც აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ფრანგულ ბაზარზეც გამოჩნდეს და ინტეგრირდეს „ნებულა“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან ერთად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზე წარსადგენადაც. საერთაშორისო ბაზართან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ადგილობრივი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა ბაზარზე?

პირველ რიგში, ფასი, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობაზე. მეორე – ძლიერი პროგრამირების ბაზა, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მოდელების შექმნას. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის თულებს, თუმცა ეს დაშენებულია დეველოპმენტზე, ძლიერ პროგრამირებაზე, რაც განაპირობებს კონკრეტული მოდელების ხარისხს. მესამე – ჩვენი გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს კლიენტებს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კიბერუსაფრთხოებასაც. ანალოგები არის ძალიან მწირი იმიტომ, რომ ის პროგრამა, რაც საჭიროებაზეა მორგებული, ყოველთვის დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების დაცვა ჩვენთვის არის მთავარი კომპონენტი და ძლიერი მხარე, დაცულობა ინფორმაციისა, რომელსაც მოდელის გენერაციის შემთხვევაში ჩვენს დამკვეთს ვთავაზობთ.

როგორ მიგიღოთ საზოგადოებამ?

იყო სკეპტიკური განწყობები ჩვენგან, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებს ვეყრდნობოდით. არ ვიცოდით, რამდენად სწორად დაინახავდა ბაზარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სკეპტიკურობა აბსოლუტურად ეფემერული იყო.

როგორია „ნებულას“ როლი დღევანდელ რეალობაში?

„ნებულა“ დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონში. აქ ახალგაზრდებს აქვთ სწავლა-დასაქმების შესაძლებლობა, სტარტაპებს – დაფინანსება და განვითარება, კომპანიებს კი – ინოვაციური სერვისები. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც განათლებიდან ბიზნესამდე ყველა საფეხურს ფარავს.

სომხეთში ერთ წელში იქნება ხელოვნური ინტელექტის ჰაბი. რა თქმა უნდა, ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას მეზობელი ქვეყნების ჰაბსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ვინც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს და კვლევებს ატარებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო ქსელში „ნებულას“ პოზიციონირება და მოაზრება.

სერვისების შესახებ გვიამბეთ.

  • AI აუდიტი, სტრატეგია და პროცესების გაუმჯობესება

ვიწყებთ თქვენი კომპანიის ბიზნესპროცესების სიღრმისეული ანალიზით და ვქმნით AI სტრატეგიას, რომელიც ოპერაციებს ავტომატიზაციასა და ეფექტიანობას მატებს. ვიყენებთ ანალიტიკურ დაფებსა და ამოცანების მართვის სისტემებს, რათა მუშაობა გამარტივებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

  • AI სერვისების დანერგვა ინდუსტრიებში

თითოეულ ინდუსტრიას ვთავაზობთ მორგებულ გადაწყვეტილებებს. ენერგეტიკაში – განახლებადი ენერგიის პროგნოზირებას, ფინანსებში – თაღლითობის გამოვლენას, ლოგისტიკაში – მარშრუტების ოპტიმიზაციას. ჩვენი მოდელები ინერგება ისე, რომ თქვენს სისტემებს უშუალო სარგებელი მოუტანოს.

  • პროდუქტი, პლატფორმები და SaaS

ვქმნით ჭკვიან პლატფორმებსა და აპლიკაციებს SaaS მოდელით – ჩეთბოტებს, ხმოვან ასისტენტებს, რეკომენდაციის ძრავებსა და მორგებულ დეშბორდებს. გამორჩეული პროდუქტია „AI იურისტი“, რომელიც იურიდიული დოკუმენტების ანალიზსა და კონსულტაციას ავტომატიზებს.

  • AI კვლევა, ინოვაცია და მოდელების განვითარება

ვახორციელებთ კვლევასა და ინოვაციებს, ვქმნით ახალ ნერვულ არქიტექტურებს, ენობრივ მოდელებსა და პროგნოზირების სისტემებს. ჩვენი IP ლიცენზირებით კომპანიებს ვაძლევთ კონკურენტულ უპირატესობას.

  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანოტაცია

უზრუნველვყოფთ მონაცემთა შეგროვებას, გასუფთავებასა და ანოტაციას, რათა მოდელებმა მაღალი სიზუსტით იმუშაონ. საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ჩვენი მონაცემთა ჰაბის ლიცენზია ან მზა მონაცემთა ნაკრებების შეძენა.

  • საკადრო რესურსის ტრანსფერი და აუთსორსინგი

კომპანიებს ვაწვდით როგორც ცალკეულ სპეციალისტებს, ასევე სრულ გუნდებს – AI ინჟინრებს, Prompt Engineering ექსპერტებს, მონაცემთა ლეიბელირების გუნდებს. ჩვენი მეთოდოლოგია და ტრენინგები უზრუნველყოფს ხარისხსა და შედეგიანობას.

  • საჯარო სექტორი და რეგულაციები

ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან AI ინტეგრაციის, სმარტქალაქის გადაწყვეტილებებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით. ვეხმარებით პოლიტიკის შემუშავებას და ვამზადებთ ეთიკური სტანდარტების დოკუმენტებს.

  • გაცვლითი და კომუნიკაციური ტრენინგები

ვატარებთ კორპორაციულ ტრენინგებს, სერტიფიცირებულ კურსებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს. ასევე, ვთავაზობთ Study Tour-ებს AI ცენტრებში. განათლების სტანდარტი უზრუნველყოფილია პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

  • AI Human Capital

ვახორციელებთ სპეციალისტების გადამზადებასა და დასაქმებას. AI ინჟინრები და მეცნიერები ერთვებიან როგორც სტარტაპებში, ისე მსხვილ კომპანიებში. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან ლიცენზირებული საგანმანათლებლო პროგრამებით.

  • Creative AI და კულტურული ინტეგრაცია

AI-ს ვიყენებთ კრეატიულ სფეროებში: ვიზუალურ ხელოვნებაში, NFT-ებში, მუსიკასა და ვიდეოში. ვთავაზობთ მოდელებისა და ხელსაწყოების ლიცენზირებას, რათა კრეატიულ პროექტებს ინოვაციური ელემენტი შეემატოს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა