#OK! „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმს „პანოპტიკონს“ წარადგენს

2 hours ago 2

საქართველომ 2026 წლის „ოსკარზე“, საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში რეჟისორ გიორგი სიხარულიძის „პანოპტიკონი“ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ოსკარზე“ გასაგზავნი ფილმი 16 სექტემბერს, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.

კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი:

„ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი)

„პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე)

„პანოპტიკონი“ პროვოკაციული დრამაა, რომელიც იდენტობისა და თანამედროვე სამყაროში საკუთარი თავის ძიების საკითხებს იკვლევს. სიუჟეტის ცენტრში 16 წლის სანდროა (დათა ჩიჩუა), რომელიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდება. მამის გარეშე დარჩენილი  სანდროს დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მოზარდი კი ცდილობს ცხოვრებაში თავისი ადგილი  იპოვოს და საკუთარ გრძნობებსა და შეხედულებებში გაერკვეს. სანდროს ახალი მეგობრის დედის მიმართ ძლიერ ლტოლვას გრძნობს, რაც მის მდგომარეობას უფრო  ართულებს. სანდრო ხვდება, რომ მორალური დილემების წინაშეა.

“პანოპტიკონი” საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმში მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, ქეთევან შერვაშიძე, მალხაზ აბულაძე და ია სუხიტაშვილი ასრულებენ.

ქართველი კინემატოგრაფისტები 2023 წლის აგვისტოდან ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ, ამიტომ ბევრმა  რეჟისორმა „ოსკარზე” გასაგზავნი ფილმის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

სრულად წაკითხვა