#OK! პილატესი და აერობიკა გონებისა და სხეულის სინთეზი

5 days ago 1

კომბინაცია, რომელიც სხეულს მეტად მოქნილს ხდის, ავითარებს ბალანსსა და ამცირებს სტრესს. ჟურნალი OK!-ს სტუმარია საქართველოში მოღვაწე უკრაინელი სპეციალისტი, ტანია ბომბელიუკი. სატრენაჟორო დარბაზ „წრეს“ პილატესისა და აერობიკის ჯგუფური ვარჯიშების ტრენერი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და ფიტნესმიმართულებების დადებით მხარეებზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენ შესახებ.

გამარჯობა, მე ტანია ბომბელიუკი ვარ, 43 წლის. დავიბადე და გავიზარდე უკრაინის ქალაქ ოდესაში. ვსწავლობდი KNUFVS-ში (კიევის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნული უნივერსიტეტი), დავასრულე საერთაშორისო ტრენინგები TRX-ში, Procedos და Pilates მიმართულებით. 2020 წელს, პირადი მიზეზების გამო, საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად.

ამ ქვეყანამ ახალი შესაძლებლობები მომცა და ამასთანავე, საოცარი ადამიანები გავიცანი. უდიდესი მადლიერებითა და სიამაყით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ჩემი ცხოვრების გზა საქართველოში გრძელდება. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, განვლილი წლების განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე. გარკვეული პერიოდი ორსულ ქალბატონებთან ვმუშაობდი. პარალელურად, ვმონაწილეობდი სხვადასხვა სატელევიზიო შოუში, პრესაშიც ხშირად ვსაუბრობდი ფიტნესის მიმართულებებზე. ყოველთვის ვიცოდი, რომ არა მხოლოდ ადამიანების ვარჯიში, არამედ ვარჯიშის მიმდინარეობის დროს ამაღლებული განწყობის შექმნა მინდოდა. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა, ეს პროცესი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს, სადაც ყველა სინქრონულად და დინამიკურად მოძრაობს. ამ მომენტში განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება და ძალიან სასიამოვნო გრძნობა ეუფლება პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, მსგავს გარემოს კი ერთობლივად ვქმნით.

გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები ფიტნეს ინდუსტრიაში. როდის დაიწყეთ პილატესისა და ჯგუფური აერობიკის ვარჯიშების ჩატარება? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

აერობიკის საწყისი ეტაპი ძალიან ემოციური და მამოტივირებელი, ოდნავ უდარდელიც კი იყო. მახსოვს, როგორ ვვარჯიშობდი ღამით საბანზე, რომ მეზობლები არ შემეწუხებინა. ვახმოვანებდი ყველა ჩემს მოძრაობას და თითოეულ შესრულებულ ელემენტს, ვაწყობდი აერობულ იოგებს. ეს იყო დრო, როდესაც ჩემი ყოველი დღე რაიმე ახლის აღმოჩენასთან იყო დაკავშირებული. ფიტნესკონვენციები, საუკეთესო ტრენერებთან ვარჯიში, ძლიერი გუნდი, პირველი მომხმარებლები, ჟურნალები, გადაღებები, ვიდეოები – ეს ყველაფერი ერთიანად, დიდი ძალით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.

პილატესით შედარებით გვიან დავინტერესდი, სრულიად დაუგეგმავად. სატელევიზიო გადაცემაში ვმონაწილეობდი, მთავარი თემა ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო. ორი დღის განმავლობაში სასაუბრო ტექსტს ვწერდი. პრაქტიკას პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დავეუფლე. მანამდე პილატესის შესახებ სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა. საკმაო დროის გასვლის შემდეგ, გადავწყვიტე პილატესის საფუძვლიანად შესწავლა და დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა.

რა არის თქვენი ფიტნესდარბაზის უპირატესობა და მიმართულება, რომელიც მას სხვა ფიტნესკლუბებისგან გამოარჩევს. რა ხდის თქვენს კლასებს უნიკალურს?

დარბაზი „წრე“ მხოლოდ მულტიფუნქციური სივრცე არ არის, რომელიც სხვადასხვა წრეს აერთიანებს. ის არის სივრცე, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი კოლეგები საოცარი და ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. თითოეულს თავისი ხასიათი, მუშაობის სტილი და კლიენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მათი პროფესიონალიზმი და გულწრფელობა ქმნის განსაკუთრებულ „არასტანდარტულ“ ატმოსფეროს, რომელზე დაკვირვების დროსაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. მე მჯერა, რომ „წრე“ განსაკუთრებით ფასეულია იქ დასაქმებული ადამიანებისთვის – ასეთი განსხვავებული და ნათელი პიროვნებები უნიკალურობას და დიდ ენერგიას მატებენ ყოველდღიურობას. მადლიერი ვარ იმ გარემოებებისა და ადამიანების, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, რადგან სწორედ აქ შემიძლია საკუთარი თავის რეალიზება, როგორც ტრენერის, ცოდნის გაზიარება, სხვების შთაგონება და, რა თქმა უნდა, ერთობლივი შედეგების მიღწევა. მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არ არის საკმარისი. მე მათ სასარგებლო რჩევებს ვუზიარებ, ვუქმნი განწყობას და ვქმნი სივრცეს, სადაც შეგიძლია იცინო, იმოძრაო, გაერთო და სასურველი შედეგიც მიიღო. ჯგუფური ვარჯიშის ფორმატის მიუხედავად, შეუმჩნეველი არავინ რჩება. ყოველთვის ყველას ვხედავ და ვეხმარები მიზნების რეალიზებასა და ადაპტაციაში. საოცარი გრძნობაა, როდესაც მომხმარებლის ცვლილებას ვხედავ. ვამჩნევ, როგორ ხდება ის უფრო მეტად ძლიერი, გამძლე ფსიქიკითა და დიდი მოტივაციით გაიუმჯობესოს საკუთარი თავი. ჩემთვის „წრე“ არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი.

როგორ შეაფასებდით პილატესისა და აერობიკის განვითარებას საქართველოში? რამდენად მაღალია მოთხოვნა ფიტნესის ამ მიმართულებებზე?

ნამდვილად აღსანიშნავია ფიტნესის მზარდი და დადებითი დინამიკა საქართველოში. ძალიან ბევრი ადამიანი დადის სპორტდარბაზში, ისინი მათთვის კომფორტულ და მისაღებ გარემოს ირჩევენ, გრძელვადიან მიზნებს ისახავენ. არსებული სიტუაცია საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლიან მიდგომაზე მიუთითებს.

პილატესი და აერობიკა – ორივე თავის მომხმარებელს პოულობს. ნაწილი ემოციებისა და ენერგიის მისაღებად მოდის, ნაწილი კი ჰარმონიისა და სხეულის დაბალანსებისთვის.

როგორია საქართველოში ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. არის თუ არა ეს პროცესი სირთულესთან დაკავშირებული?

ფიტნესინსტრუქტორის პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილი პროფესიონალური ტრენინგებია. ტენდენციები იცვლება, ახალი მეთოდები ინერგება. ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე, დეტალურად არ ვიცი როგორ მუშაობს სერტიფიცირების სისტემა საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება სპეციალური დაწესებულებები და იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც სხვებს თავიანთ ცოდნას უზიარებენ. ვიცი, რომ ეტაპობრივად საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოდიან, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. მე ყოველთვის ვცდილობ, ინფორმაცია პირველადი წყაროდან მივიღო. ვისწავლო იმისგან, ვინც კონკრეტული მიმართულების სათავეებთან დგას. აქედან გამომდინარე, ნდობის გარანტია მაქვს და ვიცი, რომ მე ხალხს სწორ და უტყუარ ინფორმაციას ვაწვდი.

ჯგუფური ვარჯიშები სოციალური ურთიერთობის ადგილია, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციური მხარდაჭერასაც იღებენ. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს მსგავს მიდგომას ჯგუფურ ვარჯიშებში და როგორ აისახება ის საბოლოო შედეგზე?

ჯგუფური ვარჯიში გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ვარჯიში. ეს არის ჯგუფის ენერგია, როდესაც ადამიანები ერთად მოძრაობენ, იღიმიან, მხარს უჭერენ და ერთმანეთის ემოციებს იზიარებენ. ატმოსფერო უდიდეს როლს თამაშობს. ის გმუხტავს, შთაგაგონებს და გაიძულებს, რომ ბოლომდე დაიხარჯო. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე დამოუკიდებლად ვარჯიშის შემთხვევაში.

ერთ ჯგუფში სხვადასხვა ასაკის და ხასიათის ადამიანები არიან. ვიღაც სამუშაო დღის ბოლოს დაღლილი მოდის, ვიღაც მხიარული და ენერგიით აღსავსე. აქ მნიშვნელოვანი ზოგადი ტემპის, სწორი განწყობის შექმნაა. საჭიროა ისეთი გარემო, სადაც ყველა ერთიანი პროცესის შემადგენელ ნაწილად იგრძნობს თავს. შედეგად ჯგუფი მთლიან ორგანიზმად იქცევა, სადაც ადამიანები ერთმანეთში პოულობენ ძალას. მიღებული მოტივაცია და ამაღლებული განწყობა ყოველდღიური ცხოვრების რიტმზეც დადებითად აისახება.

ჩემთვის, როგორც ტრენერისთვის, განსაკუთრებული ბედნიერებაა იმის დანახვა, თუ როგორ იქმნება გუნდი ინდივიდებისგან, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ .

სამომავლო გეგმები.

ფიტნესის სამყარო მუდმივად ვითარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩერების უფლება არც მე მაქვს. თანაც, ამ გზაზე ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი ჩემი მომხმარებლები არიან. მათი ჩემდამი დამოკიდებულება პიროვნულ ზრდაშიც ძალიან მეხმარება. ამიტომ ჩემი გეგმა მარტივია. არ ვაპირებ შევწყვიტო ის, რაშიც ბოლომდე ჩართული ვარ. მინდა სხვებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა, გამოცდილება და არც მე შევწყვიტო კარიერული განვითარების პროცესი, რომელიც ყოველდღიურად შთამაგონებს და დიდ მოტივაციას მაძლევს.

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა