#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

17 hours ago 3

პაციენტების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება თამარ დარჯანიასთვის არც ბავშვობაში ყოფილა უცხო. პროფესიით დერმატოლოგი, დედის გვერდით გაზრდილი, პაციენტების მიმართ მზრუნველობის და სიფრთხილის მაგალითებს ყოველდღე ხედავდა. სამედიცინო განათლებასთან ერთად მიღებულმა საერთაშორისო სტაჟირებებმა კი, საბოლოოდ გაამყარა მისი პროფესიული არჩევანი – დერმატოლოგია და დერმატოქირურგია მისთვის იქცა სფეროდ, სადაც კლინიკური გამოცდილება, სამეცნიერო მიდგომა და ესთეტიკური ხედვა ჰარმონიულად ერთიანდება.

დღეს თამარისთვის დერმატოლოგია ადამიანზე ზრუნვის პროფესიაა, სადაც შედეგის გარდა მნიშვნელობა აქვს პროცესს – სწორ კომუნიკაციას, ინდივიდუალურ მიდგომას და გულწრფელობას. ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა, პროფესიონალიზმი და ეთიკური სტანდარტები მისი ყოველდღიური მუშაობის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ იმსახურებს პაციენტების ნდობასა და ერთგულებას.

პროფესიის შერჩევა – ოჯახური ღირებულება თუ შინაგანი მოწოდება?

თამარ დარჯანია: დედა პროფესიით დერმატოლოგია და მის გარემოცვაში ყოველდღიურად ვხედავდი, როგორ ზრუნავდა პაციენტებზე. მისთვის ეს იყო როგორც პროფესიული, ისე ადამიანური მისია და ჩემთვისაც ასეთად იქცა.

ბრიუსელში, პოლონეთში და ისრაელში მიღებულმა სტაჟირებებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ის სფეროები, რომელმაც ყველაზე მეტად მომხიბლა – დერმატოლოგია, დერმატოქირურგია და ესთეტიკური მედიცინა. ეს არის ჰარმონია სხეულსა და ფსიქოემოციურ მდგომარეობას შორის, რაც მხოლოდ გარეგნობაზე კი არა, მთლიანად ადამიანზე ზრუნვას გულისხმობს.

რა ხდება სილამაზის სფეროში დღეს? ტენდენციები, რომელიც ცვლის მიდგომებს…

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გავრცელებული იყო მასკულინური სტანდარტი, მაგალითად, მნიშვნელოვნად იყო მოთხოვნა მკვეთრი, გამოკვეთილი ნაკვთების მიმართ, ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როცა პაციენტები ითხოვდნენ არაბუნებრივად გამოკვეთილ, არაპროპორციულ ფორმებს, რაც მათ ვიზუალურად ერთმანეთს ამსგავსებდა და ინდივიდუალურობას აკარგვინებდა.

თუმცა, დღეს ტენდენცია იცვლება – არაბუნებრივობა უკან რჩება, წინ კი მოდის ავთენტური, ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმა. ძალიან ხშირად გვთხოვენ ფილერების დაშლას და ბუნებრივი ფორმების აღდგენას. რაც ყველაზე მეტად მახარებს, იზრდება რეგენერაციული თერაპიების მიმართ ინტერესი, რაც ფოკუსირებულია სხეულის საკუთარ რესურსებზე არსებული ქსოვილების შენარჩუნებასა და გაახალგაზრდავებაზე.

პაციენტებთან ურთიერთობის პრინციპები.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი და პაციენტის ხედვები, გემოვნება და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვეოდეს. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენ მათ სურვილებს და ვცდილობ, უკეთ გავიგო საჭიროებები. ჩვენ, ექიმებს, გვაქვს პასუხისმგებლობა, პაციენტებზე უკეთ გვესმოდეს მათი საჭიროებები.

თითოეული პაციენტის ისტორიისა და საჭიროების გაგების შემდეგ ინდივიდუალურ მოქმედების გეგმას და სტრატეგიას ერთად ვადგენთ – ეს არის მიზანმიმართული და დროში გაწერილი რუტინა, რომელიც მორგებული იქნება მის მდგომარეობასა და მიზნებზე, მისთვის საუკეთესო შედეგის მისაღებად.

შემოდგომა და ესთეტიკური პროცედურები

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და აქტიური სეზონია. პაციენტების უმრავლესობა ზაფხულში ერიდება ესთეტიკურ ჩარევებს სიცხისა და მზის ძლიერი ზემოქმედების გამო, ამიტომ სექტემბრიდან განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა კანის აღდგენის პროცედურებზე. ამ პერიოდს ვიყენებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის დაზიანებები, რაც კანს ზაფხულში მიადგა ნამზეურის, სიცხის და ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პიგმენტური ლაქების, სიწითლის და კანის გამოშრობის მკურნალობას. სეზონურად აქტიურდება ქიმიური და აპარატურული პილინგები, ინექციები ანტიოქსიდანტური მეზოკოქტეილებით, ბიორევიტალიზაცია.

ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი ინტერესი ინექციური ეგზოსომური თერაპიის მიმართ, არა მხოლოდ კოსმეტოლოგიაში, არამედ დერმატოლოგიასა და ტრიქოლოგიაშიც. ეს მეთოდი ძალიან მიმზიდველია, რადგან არ ვამატებთ სხეულში არაფერს უცხოს, არამედ ვასტიმულირებთ ქსოვილების რეგენერაციას, ვაუმჯობესებთ კანის სტრუქტურას, ფერს და საკუთარი რესურსების გამოყენებით კანს ახალგაზრდულ იერს ვაძლევთ.

რჩევა ახალბედა ექიმებს

ექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ხშირია არაკეთილსინდისიერი და მერკანტილური დამოკიდებულება, რამაც მნიშვნელოვნად შელახა ამ პროფესიის რეპუტაცია. ბევრი პაციენტი უკვე ტრავმირებულია არასაკმარისად კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რაც აფრთხობს მათ და ამცირებს ნდობას.

მათ, ვინც ამ სფეროში ახლა იწყებს კარიერას, მინდა ვურჩიო, იყავით გულწრფელები, პროფესიონალები, საფუძვლიანად შეისწავლეთ როგორც თეორია, ისე პრაქტიკა, მუდმივად განვითარდით და ყველა ეტაპზე სიფრთხილით მიუდექით სამუშაო გარემოს, პრეპარატებს, პროცედურებს, ყველაზე მთავარი კი – პაციენტის მიმართ დამოკიდებულების შერჩევაა.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა