დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი წარმოშობით სოხუმიდანაა. მისთვის სოხუმი, აფხაზეთი მხოლოდ დაბადების ადგილი არ არის, ეს არის ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, რომელიც ერთ დღესაც იძულებით დასრულდა. დევნილობის სიმძიმის მიუხედავად, მან შეძლო სილაღის შენარჩუნება და ცხოვრების დევიზად სხვების დახმარება აქცია. ეს არის ამბავი წარმატებულ ექიმზე, რომელიც ემპათიასა და პროფესიონალიზმს ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს.
ქართული OK!-ს სტუმარია ექიმი ქირურგი, ონკოლოგ-მამოლოგი, ანგიოლოგი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი – ირაკლი პაპასქუა, რომელიც საკუთარ ბავშვობაზე, დევნილობის გამოცდილებაზე, პროფესიის არჩევანსა და 20 წლის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნების შესახებ გვიყვება.

ირაკლი, წარმოშობით სოხუმიდან ხართ – პირველი ასოციაცია, რაც სოხუმზე გიჩნდებათ?
დავიბადე სოხუმში, 15 წლამდე ვიზრდებოდი გალში. ჩემთვის სოხუმი, აფხაზეთი დიდ მონატრებასა და ასევე, ხვალინდელ დღესთან ასოცირდება.
უბედნიერესი ბავშვობა მქონდა და ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდა. იმ დღიდან ჩვენ დავკარგეთ ბავშვობა და გავხდით იძულებით გადაადგილებული ადამიანები – დევნილები. მე და ჩემს უფროს ძმას მოგვიწია სხვა ქვეყანაში სასწავლებლად წასვლამ. ამ ყველაფერს დიდი სირთულე ახლდა თან, თუმცა გადავიტანეთ. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო მაქსიმალურად მიგვეღო ცოდნა, საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოვყალიბებულიყავით, შემდეგ კი ეს ცოდნა ჩვენი ქვეყნისთვის მოგვეხმარა.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
8 წლის ასაკში დაჭრილი ბეღურის გადარჩენას ვეცადე. მაშინ გავიაზრე შეგნებულად, რომ ექიმობა მინდოდა. მედიცინა ჩვენი ოჯახური ტრადიციაც იყო, ჩემს სანათესაოში ქალების უმეტესობა ექიმები არიან. ბავშვობიდან მიწევდა ექიმების გარემოცვაში ყოფნა, ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება არავის გაჰკვირვებია და მომავალ პროფესიაზე ბევრი არ მიფიქრია.

20 წლის შემდეგ დაბრუნდით აფხაზეთში, რა ემოცია გქონდათ?
ცოტა შორიდან უნდა დავიწყო ამ ამბის მოყოლა. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი და ვსაქმიანობდი, მე და დედაჩემი ვცდილობდით, ბევრ დევნილს დავხმარებოდით. სადაც იმ დროს ვმუშაობდი, მქონდა საშუალება, კვირაში ერთხელ სრულიად უფასოდ მიმეღო პაციენტები. დედაჩემი დღიურს აწარმოებდა და გვარების მიხედვით ვიბარებდით ამ ადამიანებს. ისინი ნათესავებთან ერთდ ჩამოდიოდნენ და ჩვენს სახლში რჩებოდნენ, რათა სასტუმროს ფული და კვების თანხა არ დაეხარჯათ. მკურნალობას ჩემთან, კლინიკაში გადიოდნენ, რეაბილიტაციას კი ჩემს სახლში. ასე ხდებოდა 12 წლის განმავლობაში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ჩამოვიდა აფხაზი ქალბატონი, რომელიც თანამდებობის პირი იყო და მითხრა, რომ მას შეღავათი არ სჭირდებოდა, უბრალოდ, სურდა მე გამეკეთებინა ოპერაცია, რამაც წარმატებულად ჩაიარა. შემდეგ ამ ქალბატონმა მითხრა, ვიცი, რომ თქვენთან აფხაზეთიდან პაციენტები ჩამოდიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაოდენობა, აჯობებს, თავად ჩახვიდეთ ხოლმე აფხაზეთში და იქ მიიღოთ პაციენტებიო. ძალიან მოულოდნელი იყო ეს შეთავაზება. როცა ჩავედი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დამახვედრეს… 20 წლის შემდეგ მშობლიურ მიწაზე დაბრუნებას შერეული ემოცია ახლდა თან, ერთი მხრივ, მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, მეორე მხრივ კი შიშის შეგრძნებაც მქონდა, თუმცა ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. პერიოდულად სამ-ოთხ თვეში ერთხელ ჩავდიოდი სოხუმსა და გალში, ვატარებდი ოპერაციებს. მადლიერი ვარ ამ ქალბატონის, რადგან რომ არა ის, მე ამას მხოლოდ ჩემი ინიციატივით ვერ გავბედავდი. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და აქ გავაგრძელე ჩემი საქმიანობა, მათ შორის დევნილების დახმარებაც.
50 წლის გახდით, რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ბევრი მადლიერი პაციენტია. ჩემი კარიერის გამავლობაში არ მქონია შემთხვევა, ოპერაცია ფატალურად დამთავრებულიყოს, ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა.

როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?
რა თქმა უნდა, ექიმი ყოველდღიურად უნდა ეცნობოდეს დარგის სიახლეებს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, თუმცა უმთავრესი მაინც ემპათიაა. ექიმს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია პაციენტთან, შეიძლება სიტყვითაც კი მოარჩინო. მას არ უნდა დაეუფლოს შიში, როცა საოპერაციოდ შეგყავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მოამზადო, სწორად მიაწოდო ინფორმაცია, შენი იმედი უნდა ჰქონდეს და უნდა იგრძნოს ექიმის მხარდაჭერა.
ძალიან წარმატებული კარიერა გაქვთ, როგორ შეძელით შეგენარჩუნებინათ ის უბრალოება და სილაღე, რაც ასე თვალში საცემია?
მადლობა ამ შეფასებისთვის. არ ვიცი რა გიპასუხოთ, ალბათ უპირველესია ადამიანობა, რაც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მნიშვნელოვანია ემპათია და თავმდაბლობა.

გაგვაცანით თქვენი ოჯახი…
ჩემთვის ჩემი ოჯახი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ოჯახის კულტი მშობლებმა ჩაგვინერგეს. ჩემი მეუღლე – მაია შუშანია-პაპასქუა – პროფესიით ონკოგინეკოლოგი, ჩემი კურსელი იყო. ისიც სოხუმელია. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. გვყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი – გვანცა პაპასქუა კოსმეტოლოგია, ნიკოლოზ პაპასქუა ეკონომიურ ფაკულტეტზე სწავლობს, ხოლო ვიქტორია პაპასქუა – ვებტექნოლოგიებზე. ბაბუაც ვარ, მყავს უსაყვარლესი შვილიშვილები 10 წლის სოფიო და 2 წლის ევა პაჭკორია (ევა და ბაბუ ერთ დღეს არიან დაბადებული). უზომოდ მიყვარს ჩემი დიდი ოჯახი – ძმები და ძმისშვილები.

თავისუფალ დროს
მიყვარს კულინარია. ამ მხრივ არ გამოვიჩენ თავმდაბლობას და გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვამზადებ. რა თქმა უნდა, უპირატესობას მეგრულ სამზარეულოს ვანიჭებ.
დაბოლოს, რას ეტყოდით მოზარდ ირაკლის, რომელმაც პატარა ბეღურა ვერ გადაარჩინა?
მართალია, ბეღურა ვერ გადავარჩინე, მაგრამ ბევრი ადამიანის გადარჩენა შევძელი. მიმაჩნია, რომ 50 წლის განმავლობაში სწორი გზა გავიარე და ალბათ იმავე გზას გავივლიდი, არაფერს შევცვლიდი. ირაკლი, შენ ყველაფერს შეძლებ, – ამას ვეტყოდი.
რაზე ოცნებობთ?
ჩემი შვილები, სამწუხაროდ, სხვა ქვეყანაში დაიბადნენ, თუმცა ძალიან უყვართ თავიანთი სამშობლო – საქართველო. ვოცნებობ, ახალ წელს ჩემი შვილები აფხაზეთში შეხვდნენ.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი

2 days ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·