Christian Louboutin -ის მოდის სახლი მამაკაცების კოლექციისთვის კრეატიულ დირექტორს პირველად ნიშნავს. როგორც გამოცემა WWD წერს, ის მსახიობ უილ სმიტის ვაჟი, რეპერი ჯეიდენ სმიტი იქნება.
სმიტი ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით ოთხ კოლექციას შექმნის. გარდა ამისა, ჯეიდენის მოვალეობებში ამ მიმართულებით სარეკლამო კამპანიების ხელმძღვანელობა, ორგანიზება და სხვა პროექტებზე მუშაობა იქნება. სმიტის პირველი კოლექცია 2026 წლის იანვარში, პარიზის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.
„ეს ერთ-ერთი უდიდესი ჯილდოა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ვნერვიულობ იმის გამო, რომ ასეთი სერიოზული როლი მერგო. როცა კრისტიანმა მომმართა, გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად ვგავართ ერთმანეთს და როგორ გვიყვარს ყველაფრის ერთნაირად კეთება,“ — განაცხადა ჯეიდენ სმიტმა.
ფრანგმა დიზაინერმა კი აღნიშნა, რომ ჯეიდენს პირველად 2019 წელს შეხვდა. მისი თქმით, სმიტი მას „ძალიან საინტერესო, ძალიან კეთილ, ძალიან მოკრძალებულ და უპირველეს ყოვლისა, ძალიან საინტერესო ადამიანად ეჩვენება.“ ლუბუტენს განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცის ჩაცმის სტილი და აზროვნების მანერა იზიდავს და აღიარებს, რომ ის საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებს.
„ჩაცმა მისთვის თავგადასავალი და ურთიერთობის ფორმაა. ის ამას გააზრებულად, მაგრამ თამაშით აკეთებს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია საგნების განლაგებით გამაოცოს“ — თქვა მან სმიტზე.
აღსანიშნავია, რომ Christian Louboutin-ში მამაკაცის ხაზისთვის კრეატიული დირექტორის ოფიციალური შერჩევა არასოდეს ჩატარებულა. ბრენდის დამფუძნებელს ამ პოზიციაზე თავიდანვე ჯეიდან სმიტის ხილვა სურდა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიდენ სმიტი უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ-სმიტის ვაჟია. ის 1998 წლის 8 ივლისს დაიბადა. ბავშვობაში არაერთ ფილმში გადაიღეს. მათ შორის: „ყველაფერი ტიპ-ტოპ ანუ ზაკისა და კოდის ცხოვრება“, „კარატე-ბიჭუნა“, „ბედნიერების ძიებაში“ და ა.შ. ახლა კი რეპერია.
რაც შეეხება მოდას, წარსულში მას საკუთარი ბრენდი MSFTSrep ჰქონდა, რომელიც თავის დასთან, ერთად დააარსა. ასევე იყო New Balance-ის ბრენდის ამბასადორი, მონაწილეობდა Louis Vuitton-ისა და სხვა ბრენდების კამპანიებში. გარდა ამისა, ჯეიდენი მოდის ღონისძიებებსა და ჩვენებებზე ხშირი სტუმარია, ხოლო წელს Met Gala-საც დაესწრო.