OK! ქუთაისი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე შეიყვარა. ახალი ნომერი მაისში გამოდის. ეს არის გამოცემა, რომელიც გვიყვება ქალაქზე და მის მცხოვრებლებზე, როგორც ნაცნობ ასევე აქამდე უცნობ ისტორიებს. და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ქუთაისი მხოლოდ ქალაქი არ არის, ეს არის ხმა, რომელიც არასდროს ჩუმდება, ის ყოველთვის ისმის საჭირო დროს და საჭირო ადგილას. OK! ქუთაისის ახალ ნომერზე უფრო ვრცლად მისი რედაქტორი – თეკლა ბაბუნაშვილი გვესაუბრა.
,, ქუთაისი – ქალაქია, რომელშიც დაბრუნება წინ სვლას ნიშნავს! როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ ყველაზე გულწრფელი ვარ. ჩემთვის ქუთაისი არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე – ეს არის ხმა, რომელიც ჩემშია და მუდამ გესმის, ამასთანავე, გრძნობ მის სურნელს, თვალნათლივ ხედავ მის ხეივნებს, ძველ კიბეებს, მეზობლის აივნებს, ბაღის კიდეზე ბამბის ნაყინს, თოჯინების თეატრს და ნაცნობ სახეებს.
ამ ჟურნალის რედაქტორობა არ იყო უბრალოდ კარიერული გადაწყვეტილება – ეს შინ დაბრუნებას და საკუთარ ბავშვობასთან შეხვედრას ჰგავს. თუ კი ადრე დავდიოდი როგორც ბავშვი, ახლა დავდივარ, როგორც თხრობითი ხაზი – ჩემი ქალაქის ამბების შემგროვებელი და გამზიარებელი.
გპირდებით საინტერესო და განსაკუთრებულ ნომერს, მოგიყვებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ქალაქის ხასიათს, გიამბობთ ქუჩებზე, რომლებშიც ბავშვობა იმალება და გაჩვენებთ სახეებს, რომლებშიც ყველა ჩვენგანი საკუთარ თავს დაინახავს. და თუ ოდესმე გითქვამთ: ,,ქუთაისი ჩემია”, ეს ჟურნალი ნამდვილად თქვენთვის იქნება.”- თეკლა ბაბუნაშვილი
შეგახსენებთ, OK! ქუთაისი პირველად 2023 წელს გამოვიდა. მოგეხსენებათ, რომ მაისში ქუთაისების დღესასწაულია, ტრადიციას არ ვარღვევთ და მაისში ისევ გპირდებით საინტერესო ჟურნალს, საინტერესო რესპონდენტებით და ისტორიებით.