ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი, რომელიც გასულ შაბათს გარდაიცვალა, არა მხოლოდ შესანიშნავად შესრულებული როლებით, არამედ არქიტექტურისა და დიზაინის სიყვარულითაც იყო ცნობილი.
Celebrity Net Worth-ის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების დროს მისი ქონება დაახლოებით 100 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. მედიის ცნობით, ქონება დაიანის ქალიშვილს დექსტერს და ვაჟს დიუკს გადაეცემა.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა ისტორიული სახლების რესტავრაციას და მათ მომგებიან ინვესტიციებად გადაქცევას უამრავი წელი მოანდომა. ის კალიფორნიაში უძრავ ქონებას ყიდულობდა, არემონტებდა და შემდეგ ცნობილ ადამიანებზე ყიდდა.
მაგალითად, 2007 წელს დაიანმა 8.1 მილიონ დოლარად შეიძინა 100 წლის სასახლე, რომელიც სამი წლის შემდეგ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ პროდიუსერს, რაიან მერფის 10 მილიონ დოლარად მიჰყიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში კიტონმა ბელ ეარში ძველი სახლი შეიძინა, მთლიანად გაარემონტა და სამი წლის შემდეგ დიდი მოგებით გაყიდა. კიდევ ერთი წარმატებული გარიგება იყო ლაგუნა-ბიჩში მდებარე სასახლე, რომელიც 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა და ორი წლის შემდეგ თითქმის ორჯერ ძვირად გაყიდა.
2017 წელს კიტონმა გამოსცა დიზაინის წიგნი სახელწოდებით „სახლი, რომელიც Pinterest-მა ააშენა“, რომელშიც მისი პროექტები და შთაგონებები იყო თავმოყრილი.
ახლობლების თქმით, ძალიან უცნაურად და საგანგაშოდაც კი მოეჩვენათ 2025 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ლოს-ანჯელესის სასახლის გაყიდვას ეხებოდა. მანამდე დაიანი მას უწოდებდა ადგილს, სადაც სამუდამოდ დარჩენა სურდა.
79 წლის დაიან კიტონი 11 ოქტომბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა.
დაიან კიტონს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Godfather, Annie Hall, Manhatten, Love and Death, The First Wives Club, Marvin’s Room, Something’s Gotta Give. 1978 წელს მიიღო ოსკარი ვუდი ალენის Annie Hall-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „ალ პაჩინოთი პირველივე დღეს მოვიხიბლე“ – დაიან კიტონის სამი რომანი და მარტოობა