დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, სოციალურ ქსელებში უამრავი „გასახდომი დიეტა“ იდება, რომელიც სწრაფ შედეგს გვპირდება, რთული ხდება გავარჩიოთ რა არის რეალურად ჯანსაღი და რა მავნე. ასეთ დროს კი ნუტრიციოლოგის როლი უმნიშვნელოვანესია, ის გვასწავლის საკუთარი ორგანიზმის მოსმენას, დაგროვილი მავნე ჩვევების შეცვლას და იმის გააზრებას, რომ სწორი კვება არ არის მოდური ტენდენცია, არამედ ჩვენი ცხოვრების ხარისხის ფუნდამენტური საფუძველია. ამ თემაზე უფრო ვრცლად სტომატოლოგიური კლინიკა „ბიომედი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნუტრიციოლოგი ელიზაბედ ჯალაბაძე გვესაუბრა.

როგორი იყო თქვენი გზა ნუტრიციოლოგობამდე?
სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 22 წლის ასაკში, ენთუზიაზმით სავსემ, გადაუდებელ თერაპიულ განყოფილებაში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში ექიმ-თერაპევტად დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ დავინახე, ნათლად, ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, ტერმინალურ ანუ თავის ძირითადი დაავადებისა და მრავალი გართულებების განვითარების ბოლო ეტაპზე. არ დაგიმალავთ, ეს ჩემთვის შოკი იყო. ძალიან განვიცდიდი ყოველი პაციენტის მდგომარეობას. ვხედავდი, თუ როგორ პროგრესირებდა მათი დაავადება, მხოლოდ წამლები არ იყო საკმარისი. გაწერის დროს დანიშნულებაში ჩემი ნებით ჩავამატე პუნქტები, რომელიც მოიცავდა კვებას, მცენარეებს, გარკვეულ მინიმალურ ფიზიკური აქტივობას, სუნთქვით ვარჯიშებს. შემდეგ გადავწყვიტე, დილით, პაციენტების შემოწმების დროს, წამეკითხა თემები დაავადებების განვითარების მიზეზებზე. მინდა გითხრათ, რომ ყველას ძალიან მოსწონდა და ინტერესით უსმენდნენ. ამ პერიოდში მივხვდი, რომ არსებობს წერტილი, რომლის გადაკვეთის შემდეგ ორგანიზმის ბრძოლის რესურსი ბოლომდე ამოწურულია, ამის შემდეგ უკვე რთულია ორგანიზმმა დაიბრუნოს თავისი საწყისი ჰომეოსტაზი. მახსოვს, რომ ყველაფრის აზრი დავკარგე, ვერ ვხედავდი ლოგიკას ჩემს საქმეში. დიახ, ჩვენ პაციენტებს ვუწევდით პირველად დახმარებას, მაგრამ გლობალურად მის ცხოვრების ხარისხს ვერ ვცვლიდით. ჩემი პირვანდელი ენთუზიაზმი და სიხარული ისევ დამიბრუნდა, როდესაც მივხვდი, რომ ადამიანების დახმარება შემიძლია, ოღონდ დაავადების სხვა ეტაპზე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია არ დავუშვათ დაავადების ჩამოყალიბება, ან არსებული დაავადების პროგრესი.
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ნუტრიციოლოგს ვეწვევით?
უპირველესად, დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც სწრაფი შედეგი მოაქვს. ვერასოდეს შეინარჩუნებთ შედეგს თუ არ მოხდება მავნე ჩვევების კორექტირება. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენმა გარკვეულმა მოქმედებებმა გამოიწვია ეს შედეგი და ამიტომ ისევ გვჭირდება საპირისპირო მოქმედებები, რათა შევცვალოთ მდგომარეობა. უნდა ვიყოთ მზად, რომ მოგვიწევს მუშაობა. მაგრამ აქ იწყება ნუტრიციოლოგის მთავარი როლი, რომელმაც სწორად უნდა ახსნას, მიაწოდოს ინფორმაცია, აჩვენოს მიზეზ შედეგობრივი კავშირი პაციენტს, რომ თავად პაციენტის გადაწყვეტილება იყოს მოქმედება.
როგორ გავლენას ახდენს კვება ადამიანზე?
„საკვები გახდეს შენი წამალი, წამალი კი შენი საკვები“, – გვითხრა ჰიპოკრატემ ჯერ კიდევ 460 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამის შემდეგ, დამიჯერეთ, არაფერი შეცვლილა, გარდა მარკეტინგის პროგრესირებისა, რომლის შედეგად ადამიანის რაციონის დიდ ნაწილს შეადგენს დამუშავებული, ცარიელი, რაფინირებული, საშიში დანამატებით სავსე საკვები. იყავით დარწმუნებულები, რომ ორგანიზმში არსებული ჰომეოსტაზის დარღვევა იწყება, როდესაც ადამიანი იღებს ასეთ პროდუქტს.
ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანია გამოვკვებოთ უჯრედი, რომელიც შემდეგ ამ მიწოდებული „მასალით“ გამოიმუშავებს ჩვენთვის ენერგიას. ეს არის საკვების მთავარი მისია ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც ჩვენ ვიკვებებით „ცარიელი“ პროდუქტებით, როგორიცაა „ხლოპიები“, ძეხვეული, სნეკები, საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ. კალორიული შემცველობა არის, მაგრამ უჯრედი რჩება „მშიერი“. ამიტომ ისევ მოდის ტვინიდან სიგნალი და ადამიანი კვლავ შიმშილს გრძნობს. ამის ფონზე, ცხადია, განვითარდება დეფიციტები, რომელსაც ვადასტურებთ ლაბორატორიული გამოკვლევით. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიღებული საკვებით ჩვენი უჯრედის გარდა ვკვებავთ სიმბიოტურ (ჩვენი „მეგობრული“ ბაქტერიები) ან პათოგენურ (ბაქტერიები, სოკო, პარაზიტები) ფლორას.
ყველაზე სწორი მიდგომა და საკუთარ თავთან უმაღლესი იდილია ამ საკითხში არის ინტუიციური კვება. ამ დროს ადამიანი იკვებება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად გრძნობს შიმშილს. ჩვენი ორგანიზმი არ არის ადაპტირებული იმისთვის, რომ მუდმივად მივიღოთ საკვები.

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?
დღეს ყველა ლაპარაკობს ჯანსაღ კვებაზე ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ რა არის სინამდვილეში. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე იქნება ყველაზე მოსაწყენი, რადგან ჯანსაღი კვება არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, უბრალო პროდუქტებისგან შედგენილი კვება. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ სამი რამ, პირველი – ყოველთვის ვეცადოთ მოვიძიოთ მეტად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, იდეალურია ჩვენი მოყვანილი მოსავალი, თუმცა, რადგან უმეტესობას ასეთი ფუფუნება არ გვაქვს, მივენდოთ სანდო მწარმოებელს. მეორე, ეს პროდუქტი უნდა დამზადდეს უსაფრთხო ჭურჭელში, ტოქსიკური დანამატების გარეშე, როგორიც არის თუჯი, უჟანგავი ფოლადი, სინჯით stainless steel 18/0 ან 18/10, ემალი (ნაკაწრების გარეშე) ან შუშა. მესამე კი, საკვები უნდა მომზადდეს ისეთი ტექნოლიგიით, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი ყველა სასარგებლო თვისება. დავუშვათ, ყველა ბოსტნეული უნდა იყოს მომზადებული ალ დენტე ან დავუშვათ, არ შეგვიძლია ავიღოთ ხმელი ლობიო და პირდაპირ მოვხარშოთ, წინასწარ აუცილებლად უნდა დავტოვოთ ძმრიან (1ს.კ.) წყალში მინიმუმ 24 საათი, რათა მოხდეს ფიტინის მჟავის ნეიტრალიზაცია. მხოლოდ ასე დამუშავებული ლობიო არის ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების წყარო.
ჩვენი თეფში კი უნდა იყოს წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქტებით (ყვითელი, მწვანე, წითელი, თეთრი, იასამნისფერი და ა.შ.), ასე შევძლებთ მივაწოდოთ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერება და გავაძლიეროთ ჩვენი მიკრობიომი.
გაგვიზიარეთ რამდენიმე რეკომენდაცია ჯანსაღი კვების რაციონის შედგენასთან დაკავშირებით.
კვების ყველაზე ზუსტი სქემა შეგვიძლია შევადგინოთ მხოლოდ ადამიანის დნმ-ს ანალიზის პასუხის მიხედვით. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, არ არსებობს რაიმე შაბლონი, რომლის მიხედვითაც ყველა შეჭამს ერთ საკვებს, მიიღებს წყლის ერთ გარკვეულ რაოდენობას და იქნება ბედნიერი. უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი: სქესი, ასაკი, ცხოვრების რიტმი, საქმიანობა, თანმხლები დაავადებები და ა.შ. თუმცა, არსებობს ზოგადი სქემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით და შევინარჩუნოთ სხეულის საუკეთესო ფორმა.
დაივიწყეთ კალორიების თვლა, იფიქრეთ მხოლოდ იმაზე როგორ გავამდიდროთ ნუტრიენტებით ჩვენი კერძი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა.
საუზმეზე მიიღეთ ხარისხიანი ცხიმი, ცილა და უჯრედისი. სადილის შედგენის დროს შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ „ჯანსაღი თეფშის წესით“, რომელიც შედგება ¼ ცილისგან, ¼ მარცვლეულისგან და ½ ბოსტნეულისგან, ასევე ვამატებთ სასარგებლო ცხიმს. ეცადეთ ვახშამი მიიღოთ 3-4 საათით ადრე ვიდრე დაიძინებთ. მთავარი როლი კი უჭირავს ადვილად ათვისებად ცილას (თევზი, ქათამი, კვერცხის ცილა) ბოსტნეულთან ერთად, რომელიც არ შეიცავს სახამებელს (ცუკინი, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ყვავილოვანი და ა.შ), ასეთი ვახშამი აღადგენს თქვენს ძალებს და ამზადებს ორგანიზმს შემდეგი დღისთვის.
ტექსტი: სოფო მალანია

2 weeks ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·