PREVIEW | ამ ფინალის მნიშვნელობა გასაგებია, საქმეზე ვილაპარაკოთ

1 month ago 41
  • 📅 26 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V საბერძნეთი
  • საქართველოსთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კვარაცხელიას დაბრუნება
  • მთავარი ბრძოლა ჩვენს მარცხენა ფლანგზე იქნება
  • საქართველოს სქემა მეტოქეს ტაქტიკური დილემების წინაშე აყენებს
  • ციმიკასის შეზღუდვა სანიოლის გუნდს გაუჭირდება

დამოუკიდებელი საქართველოს 34-წლიანი საფეხბურთო ისტორიის მანძილზე ვინმეს ჩვენთვის რომ ეთქვა, ისტორიის დაწერამდე ერთი მატჩის მოგება გვაშორებს, ისიც საბერძნეთთან და თბილისში, ვეტყოდით, რომ ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ძალა ყველას გვესმის, ეს ის შანსია, რომლის არგამოყენება არ შეიძლება. ეს თამაში მხოლოდ ერთჯერადად ისტორიის დაწერის საშუალებას კი არ მოგვცემს, არამედ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქართული ფეხბურთის განვითარებას შემდეგ წლებში. ამაზე მეტს აღარც ვიტყვი - ამ მატჩის მნიშვნელობა, მისი ისტორიული მასშტაბი ყველას გვესმის, ბევრი ლაპარაკი არც არის საჭირო.

როგორ ვხვდებით ფინალს?

ფინალს ვხვდებით კარგ ხასიათზე, რადგან მგონია, რომ ლუქსემბურგთან მატჩში ფსიქოლოგიური წნეხი ჩვენს გუნდზე უფრო მეტი იყო. ლუქსემბურგთან წაგებას საქართველოში ვერავინ გაიგებდა და აიტანდა. იყო ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათების ისტორიაც. ფინალის წაგება ტრაგედიაა, ლუქსემბურგთან მარცხი კი სირცხვილი.

ზოგადად, ხვიჩას გარეშე საქართველოს ნაკრები თითქმის არ გვინახავს და ამის წარმოდგენაც კი რთული იყო. გამოჩნდა, რომ სანიოლის გუნდმა ფსიქოლოგიური წნეხი, ზეწოლა კარგად დაძლია, ლიდერის გარეშე თამაშის ამოცანაც გადაჭრა და მეტოქე სოლიდურად, საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. საქართველო კარგ ხასიათზე და კარგ ფორმაშია.

პრობლემა ის არის, რომ ნახევარფინალებში ისე გამოჩნდა, თითქოს, ჩვენი მეტოქე არანაკლებ, შესაძლოა უფრო მეტადაც, ფორმაში და ხასიათზეა. პოიეტის გუნდმა ყაზახეთს გადაურბინა. ძალიან იოლად, ძალების დაძაბვის გარეშე მოუგო ისე, რომ 5 გოლი გაუტანა, ბურთის ფლობა 63 პროცენტი ჰქონდა და მეტოქის კარისკენ 21-ჯერ დაარტყა. ეს საბერძნეთის ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო თამაში იყო. თუ საქართველოს გამარჯვება იყო სოლიდური, საბერძნეთის მოგება იყო ლაღი და ტრიუმფალური.

საბერძნეთის ნაკრებზე ცალკე სტატია დავწერეთ და აქ დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ. ერთადერთი იმის თქმა გვინდა, რომ ეს გუნდი მზარდი და პროგრესირებადია, ახალი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის ხელში თამაშების 57 პროცენტი მოიგო და ბურთების სხვაობა +20 აქვს.

საქართველოსაც აქვს თავისი უპირატესობები - პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი და საშინაო ტრიბუნებია.

ჩვენი უპირატესობები

ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავობა სწორედ საბერძნეთთან თამაშში დავიჯერე. მაშინ, სალონიკიში, სანიოლის გუნდმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, დომინანტურად, პირველ ნომრად ითამაშა, ბურთიც ჰქონდა და ტერიტორიაც, მომენტებიც შექმნა. მეტოქეზე აშკარად უკეთესი ვიყავით. მაშინ, როცა საბერძნეთი ვერაფერს ქმნიდა, ისინი ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით, მატჩის ბოლოსკენ დაწინაურდნენ. ყველას გაგვიჩნდა ისევ ის განცდა, რომ დაწყევლილები და უიღბლოები ვართ და რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც წავაგებთ. მარცხისთვის ვართ განწირულები.

ამ დროს, შემდეგ შეტევაში, ბურთი ხვიჩამ მიიღო, ნახევარი საბერძნეთი მოატყუა და მარტომ გაიტანა. მის კარიერაში უკვე ბევრი მაგარი გოლია და ეს მაინც ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) გამორჩეულია. მერე საქართველომ საერთოდ მოსაგებად გაიწია და თითქოს, იმ თამაშშიც გამოჩნდა, რომ ხასიათით და განწყობით ეს სხვა გუნდია, სხვანაირი საქართველოს ნაკრებია.

ხვიჩა ბრუნდება და ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

იმ თამაშის მერე საქართველო უფრო ძლიერიც გახდა. პრობლემა ის არის, რომ კიდევ უფრო სწრაფად პროგრესირებს საბერძნეთი მისი ახალი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის ხელში. ისე, რომ წინა შესარჩევში ბოლო მომენტამდე ნიდერლანდებს ეჭიდავებოდა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც მაშინ სალონიკიში აშკარად დავჩაგრეთ.

თუმცა, ხვიჩა მაინც და კვლავ გადამწყვეტი ფაქტორია. შესაძლოა, საბერძნეთს უფრო მეტი გამოცდილება აქვს და მოთამაშეების საერთო კლასით ჩვენზე ცოტა წინაც იდგეს, მაგრამ საუკეთესო მოთამაშე მაინც საქართველოს შემადგენლობაში იქნება. ასეთ შეხვედრებში ეს დიდი უპირატესობაა. თუ ვინმეს შეუძლია არაფრიდან, ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად გოლი შეაგდოს და ზოგადად, თავისი ინდივიდუალიზმით თამაშში გარდატეხა შეიტანოს, ეს ხვიჩაა.

'ბერძნებს ცოტა ბინძური, ხისტი, წვალებით თამაშის გამოცდილება სისხლში აქვთ. ათენური დერბი როცა გითამაშია, მერე ბევრის არაფრის გეშინია'

საბერძნეთმა დაცვაში დგომა იცის. მასიური და ათლეტური გუნდია, სტანდარტებზეც თავს კარგად იცავს და მეტოქის მასირებული შეტევისაც არ ეშინია. მოკლედ, ასეთ თამაშებში გატანა ისედაც რთულია, მით უმეტეს, საბერძნეთთან. ხვიჩა ის ფაქტორია, რომელიც მისი არასტანდარტულობით ყველაზე მეტ შანსს გვაძლევს.

არის საშინაო მოედნის უპირატესობაც. საბერძნეთი უფრო სახლის გუნდია. მეეჭვება ის სილაღე, რაც ათენში ყაზახეთთან ჰქონდათ, ჩვენთანაც იოლად გადმოყვეთ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არც ლუქსემბურგია, რომელთანაც ტრიბუნებს მართლა ძალიან განსხვავების მიცემა შეეძლოთ. ბერძნებს ცოტა ბინძური, ხისტი, წვალებით თამაშის გამოცდილება სისხლში აქვთ. ათენური დერბი როცა გითამაშია, მერე ბევრის არაფრის გეშინია. ამიტომ მხოლოდ ემოციით და ტრიბუნებით მათი შეშინება არ გამოვა.

იმ შესარჩევში, ბათუმში მათთვის ჩვეულ სტილში მოგვიგეს - არაფერი შეგვაქმნევინეს და მატჩის ბოლოს გაიტანეს. ზოგადად, საბერძნეთთან თითქოს თანაბარი თამაშები ბევრჯერ წაგვიგია. ამ შეხვედრაშიც გოლი გვჭირდება - 0:0-ზე, 120 წუთი ბერძნებთან ჭიდაობა, საკმაოდ უსიამოვნო სცენარია.

სტანდარტიდან, მეტოქის შეცდომიდან გოლის გატანა საბერძნეთმა ძალიან მაგრად იცის. ხვიჩა ის ფაქტორია, რომელსაც ეს გოლი ყველაზე მეტად შეუძლია შექმნას. ამ ტიპის სხვა მოთამაშეებიც გვყავს - ჩაკვე, ფორმაში მყოფი ბუდუ, რომელსაც ბოლო პერიოდია სულ გააქვს, თუნდაც გიორგი მიქაუტაძე, რომელიც არასტანდარტულად მოძრაობს, მაღალი რეალიზაცია აქვს და მეტოქის დაცვისთვის საკმაოდ უსიამოვნო მოთამაშეა.

გადამწყვეტი ფლანგი

ძალიან საეჭვოა, რომელიმე მწვრთნელმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალოს. ასევე ნაკლებად მოსალოდნელია სქემის ცვლილება - დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებენ.

პოიეტი ალბათ შეინარჩუნებს მის 4-3-3-ს და გამარჯვებულ შემადგენლობას. ჩვენს ნაკრებში აუცილებლად ველოდებით კვარაცხელიას, რომელიც, სავარაუდოდ, მიქაუტაძეს შეცვლის, რადგან წინა მატჩში ორგოლიანი ბუდუს ადგილი ძირითადში გარანტირებული ჩანს.

ბუდუ ზივზივაძე ლუქსემბურგთან მატჩის მთავარი გმირი იყო

თუ ცვლილებას სადმე ველოდებით, შეიძლება, ნახევარდაცვაში და იმ შემთხვევაში, თუ სანიოლმა უფრო დაცვითი სტილის ერთი მოთამაშის დამატება გადაწყვიტა. თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე წინა შეხვედრაში საქართველოს სამივე ნახევარმცველი კარგი იყო და ნაკლებია იმისი ალბათობა, რომ სანიოლმა რამე მნიშვნელოვნად შეცვალოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შემტევი და აგრესიული მარცხენა ფლანგი ეყოლება. შენგელიას გარდა, მარცხენა ნახევარმცველის როლს ასრულებს ჩაკვეტაძე და აქეთ იწევს კვარაცხელია. ამ ფლანგის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი საქართველომ მარცხნივ უპირატესობა ვერ მოიპოვა და მეტოქეს არ აიძულა დაცვაში გაატაროს მატჩის დიდი ნაწილი, საბერძნეთს თავად უყვარს მარჯვენა ფლანგიდან შეტევა. აქ მასურასი თამაშობს, მეტოქის ყველაზე სახიფათო შემტევი, რომელსაც ეხერხება ხოლმე ფლანგიდან ცენტრში შემოწევა. წინა შეხვედრაშიც მან ორი საგოლე პასი შეასრულა და თანაგუნდელები 6-ჯერ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. ყაზახეთთან საბერძნეთმა თავისი შეტევების თითქმის ნახევარი, 48 პროცენტი სწორედ მარჯვნიდან აწარმოა. ამ ფლანგს ეხმარება ხოლმე, მასურასთან ერთად, ალბათ საუკეთესო ბაკასეტასი, რომელიც ნომინალურად მეტოქის 4-3-3-ში მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა გუნდს, ფაქტობრივად, ის ათამაშებს და შეტევაში ჩართვაც კარგად ეხერხება. ისე გამოდის, რომ ორივე გუნდის ყველაზე სახიფათო მოთამაშეები ერთ ფლანგზე არიან განლაგებულები.

საქართველოს არც კლასიკური, დაცვითი საყრდენი ჰყავს და ჩვენს მარცხენა ფლანგზე მეტოქე თუ არ ვაიძულეთ, რომ დაცვაში ითამაშოს და ბურთი დიდი ხანი არ ვაკონტროლეთ, შეუძლებელია, მათ საფრთხე არ შექმნან. ჩაკვეს ძირითადი საქმე შეტევების ორგანიზებაა, კიტეიშვილი ბურთითაც ძალიან კარგია და ართმევაც ეხერხება, თუმცა კლასიკური საყრდენი მაინც არ არის და ამიტომ ამ ზონებში სივრცეები ჩვენც შეიძლება დაგვრჩეს.

მეტი ნაკრების თემაზე

ზოგადად, ეს საბერძნეთი ძალიან სწრაფად და აგრესიულად უტევს და სივრცეებს ძალიან კარგად იყენებს, ამიტომ, კომპაქტურობის შენარჩუნება, სიფრთხილე და ბურთის დიდი ხანი კონტროლი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კარგი ის არის, რომ ხვიჩას ფაქტორის გამო, მეტოქესაც სავარაუდოდ სიფრთხილე მოუწევს. შენგელია-კაკაბაძის წინააღმდეგ, ფლანგებზე მეტოქეს ორი ოპცია აქვს - მათ წინააღმდეგ ითამაშოს ან განაპირა მცველებით, ანდაც განაპირა შემტევებით. თუ მცველები ამოწიეს, ეს ნიშნავს, რომ პოიეტი ძალიან გარისკავს და დაცვის ცენტრში მათი მცველები და ჩვენი შემტევები ორი-ორზე დარჩებიან. ეს ყოველთვის შემტევებისთვის კარგი ბალანსია, მით უმეტეს, როცა ხვიჩა გყავს. ამიტომ მგონია, რომ პოიეტი ჩვენი ფლანგების წინააღმდეგ ისევ განაპირა შემტევებს ათამაშებს. ანუ ბურთი თუ გვექნება, მაშინ იგივე მასურასს შენგელიას დევნაში უფრო უკან დაწევა მოუწევს. ზოგადად, 3-5-2 სქემა 4-3-3-ის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა.

მეორე ფლანგზე ციმიკასის და მისი სტანდარტების საკითხია გასათვალისწინებელი. აქ უკვე საქართველო დგას დილემის წინაშე. ვის აწევს ციმიკასზე, რომელიც ფლანგიდან თამაშობს, თუმცა გამთამაშებელივითაა. თუ კაკაბაძე აიწია, მაშინ ბერძნების ფლანგის შემტევს რჩება სივრცეები და სოლომონ კვირკველიას მოუწევს უჩვეულოდ სიღრმეში, გადაიწიოს ფლანგზე. თუ ქოჩორაშვილმა აიწია ციმიკასზე, მაშინ უკვე მეტოქე დარჩება მოედნის ცენტრში სამი ორზე.

ციმიკასი ძალიან მაგრად აწვდის სტანდარტებს, შესაბამისად, დიდი რაოდენობით კუთხურებს და ჯარიმებს აუცილებლად უნდა ავცდეთ.

როგორ უნდა ვითამაშოთ?

ამ თამაშში ძალიან დიდ უპირატესობას და ცალკარას არ უნდა ველოდეთ. თან საბერძნეთს კონტრშეტევებზე თამაშიც ეხერხება. არც მთელი თამაში დაცვაში დგომაა ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი. ამიტომ, ალბათ ყველაფერს აჯობებს, რომ ბურთი დიდხანს და საფუძვლიანად ვაკონტროლოთ, ტემპი დავაგდოთ და თუ ჩვენს კართან რისკებს შევამცირებთ, მეტოქის დაცვაში ხვიჩა, ჩაკვე და ბუდუ რამეს შექმნიან.

ამ ტემპის თამაშში ვერც 120 წუთს და პენალტებს გამოვრიცხავთ. ამ სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ...

საინტერესო ფაქტები

🟠 ევროპის ჩემპიონატს ყოველთვის ჰყავდა მინიმუმ 1 დებიუტანტი მაინც. ევრო 2024-ზე კი, ერთადერთი შანსი, რომ დებიუტანტი იყოს, საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა. სხვა შემთხვევაში, გერმანიაში ისეთი 24 ნაკრები ითამაშებს, რომელსაც ევროფორუმზე აქამდე უთამაშია.

🟠 ნაკრების ისტორიაში უდიდესი სხვაობით მოგებაც და წაგებაც ვილი სანიოლის მწვრთნელობისას მოხდა. მეტიც, ორივე 2023 წელს, ერთთვიანი შუალედით: მოგება ტაილანდთან 8:0 და მარცხი ესპანეთთან 1:7. 

🟠 საქართველოს ნაკრებმა 281 მატჩი ითამაშა: 90 გამარჯვება, 59 ფრე, 132 მარცხი. ბურთების შეფარდება: 340:396.

🟠 ევროპის ჩემპიონატის ეგიდით (კლასიკური საკვალიფიკაციოები და პლეი ოფი) ნაკრებმა 79 მატჩი ითამაშა. 22 მოგება, 12 ფრე და 45 წაგება. ბურთები: 85:119. მოგების პროცენტული მაჩვენებელი 34.6%.

🟠 ნაკრების ბოლო 5 გოლი ორი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას და ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა.

🟠 გიორგი მიქაუტაძეს შანსი აქვს ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ჯაბა კანკავას გაუთანაბრდეს. მიქაუტაძის აქტივში ამჟამად 9 გოლია (22 შეხვედრაში). ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც პოკერი აქვს შესრულებული (ტაილანდთან).

🟠 საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის გამოცდილება აქვს. 2020 წელს, ნახევარფინალში ბელარუსი 1:0 დაამარცხა, ფინალში კი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო. ქართველებმა მეორე ნახევარფინალიც მოიგეს ლუქსემბურგთან, ახლა კი, ფინალში ეცდებიან პირველად მოგებას.

🟠 საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში 3-ჯერ აქვს ნათამაშები. 2010 წლის მუნდიალზე გასასვლელად უკრაინა დაამარცხა (0:0, 1:0), 2014 წლის მუნდიალის პლეი ოფში რუმინეთს აჯობა (3:1, 1:1), ხოლო 2018 წლის მუნდიალის პლეი ოფში ხორვატიასთან წააგო (1:4, 0:0).

🟠 ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საშინაო კედლებში 15 შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა მხოლოდ სამ მატჩში ვერ შეძლო - კოსოვოსთან (0:1), საბერძნეთთან (0:2) და ბულგარეთთან (0:0).

🟠 მას შემდეგ, რაც საქართველომ საბერძნეთთან ბათუმში წააგო, 2021 წლის 9 ოქტომბერს (0:2), შინ 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 წააგო (ესპანეთთან 1:7). ამ პერიოდში იყო 8 მოგება და 3 ფრე. ბოლო ოთხ მატჩში საქართველო საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა.

🟠 საბერძნეთის ნაკრებს ბოლო 7 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება აქვს გიბრალტარისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ (1 ფრე, 4 წაგება).

🟠 საქართველოს ნაკრებს 26 მარტს ოთხჯერ აქვს ნათამაშები: 2011 წლის ამ დღეს ლევან კობიაშვილის გოლით ხორვატია დავამარცხეთ, მაგრამ 2005 წლის 26 მარტს, "მიხეილ მესხზე" სწორედ საბერძნეთის წინააღმდეგ წავაგეთ (1:3). გარდა ამისა, 26 მარტს, კიდევ ორჯერ ვითამაშეთ: 2019 წელს საქართველო ირლანდიაში 0:1 დამარცხდა, ხოლო 2008 წელს ჩრდილოეთ ირლანდიასთან სპარინგი დასრულდა წაგებით (1:4).

🟠 მატჩს პოლონელი შიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს, რომელსაც საქართველოს ნაკრების მატჩზე აქამდე ერთხელ აქვს ნამუშევარი. ბედად, სწორედ საბერძნეთის წინააღმდეგ 2021 წლის 31 მარტს. სალონიკიში გამართული მატჩი ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1:1 დასრულდა. მარჩინიაკმა იმ შეხვედრაში 4 ბერძენი და 3 ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა.

🟠 შიმონ მარჩინიაკი იყო მსოფლიოს ჩემპიონატის (არგენტინა V საფრანგეთი) და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების (მანჩესტერ სიტი V ინტერი) მთავარი მსაჯიც.

🟠 ვილი სანიოლი და გუსტავო პოიეტი ბორდოს მთავარ მწვრთნელად მუშაობდნენ. ფრანგი 2014-2016 წლებში, ურუგვაელი - 2018 წელს.

🟠 საბერძნეთის ნაკრებს ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 3 წაგება აქვს, ისიც ნიდერლანდებთან (ორჯერ) და საფრანგეთთან, რაც მოსალოდნელიც იყო. დანარჩენ 8 შეხვედრაში გუსტავო პოიეტის გუნდი დაუმარცხებელი დარჩა.

🟠 საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 9 მატჩში 0 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. ორივე ფრე იყო სტუმრად - 2010 წელს, პირეოსში (1:1) და 2021 წელს, სალონიკიში (1:1). საქართველოში საბერძნეთს ყველა მატჩი მოგებული აქვს (4/4).

🟠 ურთიერთშეხვედრების ბურთების ბალანსი ბერძენთა სასარგებლოდაა - 17:6. საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისთვის ერთ მატჩში ერთ გოლზე მეტი არასდროს გაუტანია.

🟠 ამგვარად, საქართველომ საბერძნეთს 9 მატჩიდან 6-ში გაუტანა თითო გოლი. აღსანიშნავია, რომ 5 შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ შეინარჩუნა (1 ფრე, 4 წაგება). ერთადერთი გამონაკლისი, როცა საქართველომ ბერძნებს გოლი გაუტანა და ის ანგარიშის გამხსნელი გოლი არ იყო, 2021 წლის 31 მარტით თარიღდება - ხვიჩა კვარაცხელიას გამათანაბრებელი გოლი (1:1).

🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ კი ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 საბერძნეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ამ ნაკრებების 9 დაპირისპირებაში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 6-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კანკავა (ან ქოჩორაშვილი), კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - ზივზივაძე.

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი - ბალდოკი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი - ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი - მასურასი, იოანიდისი, პელკასი.

სრულად წაკითხვა