PREVIEW | ატლეტიკოს რთული მისია - ინტერი ძალიან საშიშია

2 months ago 34
  • 📅 13 მარტი | 🏟 ვანდა მეტროპოლიტანო | ⌚ 23:55 | ⚽ ატლეტიკო V ინტერი
  • ატლეტიკოს ინტერთან აუცილებლად მოსაგები აქვს
  • იტალიური გუნდი საოცარ ფორმაშია და ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელით დასრულდება: მადრიდის ატლეტიკო მილანის ინტერს უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ფავორიტზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მაინც ალბათ, რეალობიდან გამომდინარე, ამჟამად იტალიური კლუბის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე ესპანურის. გარდა იმისა, რომ ინტერმა ატლეტიკოს პირველი მატჩი მოუგო (1:0), რაც საშუალებას აძლევს სამიდან ორი შედეგი მის მხარეზე იყოს, სიმონე ინძაგის გუნდი გაცილებით მაგარ ფორმაშია, ვიდრე დიეგო სიმეონეს გუნდი.

ინტერმა 2024 წელს აბსოლუტურად ყველა თამაში მოიგო! 13-დან 13 გამარჯვება. "ნერაძური" წარმოუდგენელ სეზონს ატარებს და შარშანდელზე უფრო ძლიერი არის, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ფინალში გავიდა. ბევრის აზრით, 2010 წლის ინტერზე უკეთესი გუნდიცაა, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა. ეს ცხადია, მხოლოდ მოსაზრებაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ "ნერაძურიმ" მიმდინარე სეზონში ორი მატჩი წააგო, ორივე შინ - სასუოლოსთან სერია A-ში და იტალიის თასზე ბოლონიასთან დამატებით დროში. სტუმრად მილანური კლუბი სულაც დაუმარცხებელია.

ინტერი ძალიან მაგარ ფორმაშია

ინტერის 13-დან 13 მოგება ვახსენეთ, საპირისპიროდ კი, ატლეტიკო საშინელ ფორმაშია. "როხიბლანკომ" ბოლო 8 მატჩიდან 5 წააგო! (2 მოგება, 1 ფრე). მადრიდელები ურთულესი ამოცანის წინაშე არიან, თუმცა, ეს მაინც ჩოლოს ატლეტიკოა, რომლისგანაც არასდროს არაფერია გამორიცხული.

ორივე გუნდშია დანაკლისი. ინტერს სტეფანო სენსი და ხუან კუადრადო დიდი ხანია ლაზარეთში ჰყავს, ბოლოს მათ კარლოს აუგუსტო და მარკო არნაუტოვიჩი შეუერთდნენ. სწორედ ავსტრიელმა ფორვარდმა გადაწყვიტა ამ გუნდების პირველი მატჩის ბედი. თუმცა, ხსენებული ფეხბურთელებიდან არც ერთი მიიჩნევა ინტერის ძირითადი შემადგენლობის წევრად. ატლეტიკოს სესარ ასპილიკუეტა, ვიტოლო, ხოსე ხიმენესი და ტომა ლემარი ჰყავს ტრავმირებული. ანტუან გრიზმანსაც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ფრანგმა, სავარაუდოდ, თამაში უნდა მოახერხოს.

ინტერისთვის თუ ჩემპიონთა ლიგაში წარმატება მიმდინარე სეზონის სუპერბონუსი იქნება, ატლეტიკოსთვის ეს ტურნირი ბოლო შანსია, სეზონი რომ უკეთესი გახადოს, რადგან ლა ლიგაში პრობლემები აქვს, ესპანეთის თასიდან კი უკვე გავარდნილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინტერს სერია A-ში 16-ქულიანი უპირატესობა აქვს, რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სკუდეტო" უკვე ჯიბეში უდევს, შესაბამისად, ძალიან თავისუფლად შეუძლია სრულებით კონცენტრირდეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს.

საინტერესო ფაქტები

🟠 ინტერი და ატლეტიკო აქამდე ორჯერ შეხვედრიან. ინტერმა 3 კვირის წინ 1:0 მოიგო, ხოლო 2010 წელს, ევროპის სუპერთასზე მადრიდელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

🟠 ინტერს ჩემპიონთა ლიგაში ესპანურ გუნდთან ბოლო 10 საგარეო მატჩი არ მოუგია (3 ფრე, 7 წაგება). ბოლოს "ნერაძურიმ" ესპანეთში 2004 წლის ოქტომბერში მოიგო, ვალენსიასთან 5:1.

🟠 ატლეტიკოსთვის ინტერთან პირველ მატჩში წაგება მე-6 შემთხვევა იყო ჩემპიონთა ლიგაში, როცა პლეი ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხდა. მადრიდელებმა საწყის ორ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლეს (ლევერკუზენთან 2015 და ბარსელონასთან 2016 წელს), მაგრამ ბოლო სამ შემთხვევაში ასპარეზობას გამოეთიშნენ (რეალთან 2017 წელს, ჩელსისთან 2021 წელს და მანჩესტერ სიტისთან 2022 წელს).

🟠 ინტერმა 8-დან 7 შემთხვევაში მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი მატჩი მოიგო. ერთადერთი გამონაკლისია 2005/06 წლების სეზონში ვილიარეალთან დაპირისპირება, როცა ჯერ შინ 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ სტუმრად 0:1 წააგო.

🟠 მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში ატლეტიკომ ლივერპული 3:2 დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 5 შეხვედრაში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა, მათ შორის, ბოლო სამ თამაშშიც (ინტერთან და გასულ სეზონში სიტისთან ორ დაპირისპირებაში).

🟠 ინტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ ორჯერ აქამდე მხოლოდ ორჯერ იყო გასული: 2004/05 – 2005/06 და 2009/10 – 2010/11 წლების სეზონში. ახლა შეუძლია, იგივე მესამედ გააკეთოს.

🟠 ინტერი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (4 მოგება, 3 ფრე), მას მერე, რაც გასულ სეზონში ფინალი წააგო. ბოლოს ამაზე უკეთესი წაუგებელი სერია "ნერაძურის" 2003 წლის დეკემბრიდან 2005 მარტამდე ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში (9 მატჩი).

🟠 "ნერაძურიმ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (8 გამარჯვება, 5 ფრე). აქედან 9 შეხვედრაში იტალიურ გუნდს გოლი არ გაუშვია.

🟠 ატლეტიკოს პირველ მატჩში კარში არ დაურტყამს. ბოლო შემთხვევა, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ერთი მეტოქის წინააღმდეგ კარში ორ შეხვედრაში ვერ დაარტყა, 2003/04 წლების სეზონის ნახევარფინალით თარიღდება. მაშინ ლა კორუნიის დეპორტივომ პორტუს კარში ვერც ერთ მატჩში დაარტყა.

🟠 ეს იქნება დიეგო სიმეონესთვის 50-ე საშინაო მატჩი ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოს მწვრთნელის რანგში. ჩოლო მე-7 მწვრთნელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია. წინა 49 საშინაო შეხვედრიდან სიმეონემ მხოლოდ 5 წააგო (31 მოგება, 13 ფრე).

🟠 ინტერმა 2024 წელს ყველა მატჩი მოიგო - 13 (10 სერია A-ში, 2 იტალიის სუპერთასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაში).

🟠 ინტერი სტუმრად ბოლო 20 მატჩია არ დამარცხებულა (16 მოგება, 4 ფრე). სიმონე ინძაგის გუნდმა გასვლაზე ბოლოს გასული წლის 21 მაისს, ნაპოლისთან წააგო (1:3).

🟠 ატლეტიკოს საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში 20 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (18 მოგება, 1 ფრე). მათ შორის, სამივე შეხვედრა მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.

🟠 ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს გოლების 18% გაიტანა - 31 გოლი 169-დან. იმ გუნდებიდან, რომელთაც სულ მცირე, 100 გოლი გაიტანეს ტურნირზე, უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს ბარსელონას რიგებში - 120/561-დან ანუ 20%.

🟠 ჯგუფურ ეტაპზე ინტერზე უკეთესი დაცვა მხოლოდ მანჩესტერ სიტის, რეალ სოსიედადს და არსენალს ჰქონდა.

🟠 ლაუტარო მარტინესს ინტერის მაისურით ლიგაზე 12 გოლი აქვს გატანილი. ის მალე ხულიო კრუსს (13) და ადრიანოს (14) დაეწევა.

🟠 ჩემპიონთა ლიგაში ატლეტიკოს ბოლო 9 მატჩიდან ექვსში ანგარიში საწყის 10 წუთში გაიხსნა.

🟠 ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ინტერის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ამ გუნდების წინა ორ მატჩში, ორივეჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმა ვერც ერთხელ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი - ვიტსელი, გაბრიელი, ერმოსო - მოლინა, დე პაული, კოკე, საული, სამეულ ლინო - მორატა, გრიზმანი.
ტრავმა: ასპილიკუეტა, ხიმენესი, ლემარი, ვიტოლო.

ინტერი (3-5-2): ზომერი - პავარი, აჩერბი, ბასტონი - დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ლაუტარო, ტურამი.
ტრავმა: არნაუტოვიჩი, კარლოს აუგუსტო, კუადრადო, სენსი.

სრულად წაკითხვა