PREVIEW | გაიმეორებენ მამარდაშვილი და ვალენსია შარშანდელს? რეალს ლაიპციგი ელის

2 months ago 28
  • 📅 2 მარტი | 🏟 მესტალია | ⌚ 23:55 | ⚽ ვალენსია V რეალ მადრიდი
  • რეალი ვალენსიას ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ სტუმრობს
  • მესტალიაზე რეალთან მამარდას ბოლო დაპირისპირება წარმატებული გამოდგა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

თუ გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია უმეტესწილად ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, წელს ბარახას გუნდი ექვსეულისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და მიზნამდე სულ რაღაც 6 ქულა აშორებს. ამ ჩამორჩენის შესამცირებლად მომდევნო ტურში გუნდს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს - კარლო ანჩელოტის რეალი, რომელიც ამ თამაშს ლა ლიგაში 20-მატჩიანი წაუგებელი სერიითა და ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობით ხვდება.

"ღამურები" მესტალიაზე კარგად გამოიყურებიან. 12 საშინაო შეხვედრიდან მამარდაშვილის გუნდმა 7-ჯერ იმარჯვა და 24 ქულის მოგროვება შეძლო, რაც წინა წლის შემდეგ ნამდვილად კარგი მიღწევაა. გასულ სეზონში ვალენსიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი მე-16 პოზიციაზე დაასრულეს, რაც 1985-86 სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი გახლდათ, მაშინ "მესტალიის" მკვიდრნი ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონსაც კი დაემშვიდობნენ.

ქართველი მეკარის გუნდის საშინაო შეხვედრებში კარგი თამაშის საპირისპიროდ, მათი მეტოქე "სამეფო კლუბია", რომელსაც სტუმრად ჩატარებულ მატჩებში საუკეთესო შედეგი აქვს. ანჩელოტის გუნდმა 13 გასვლით მატჩში 30 ქულის დაგროვება შეძლო.

ვალენსიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ბარახას გუნდმა გასულ ტურში გრანადასთან მატჩი გამოტოვა და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმედღიანი დასვენების გამო მეტოქესთან შედარებით უკეთეს სათამაშო კონდიციაშიცაა.

"მესტალიაზე" ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება რომ გავიხსენოთ - ვალენსიამ მადრიდის რეალი დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი ფანტასტიკურად ითამაშა. თუმცა, მატჩი სხვა მხრივაც მოექცა ყურადღების ცენტრში. თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, რადგან ვალენსიელი ქომაგები ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მატჩის გაგრძელების შემდეგ ბრაზილიელთან გიორგი მამარდაშვილმაც იკამათა, ყველაფერი კი ვინისიუსის გაძევებით დასრულდა, რეალის 7-მა ნომერმა უგო დუროს სახეში ხელი ჩაარტყა.

ბოლო სტუმრობა მესტალიაზე რეალისთვის მარცხით და ვინის წითელი ბარათით დასრულდა

საბოლოოდ ამ ამბის ირგვლივ აჟიოტაჟი დიდხანს გაგრძელდა, მამარდაშვილმა კი ვინისიუსის არაერთ განცხადებას ასე უპასუხა: "ყველა ადამიანი თანასწორია. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და უპირველესი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუს, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვასა და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ".

მოკლედ, ლაიპციგთან გასამართი ჩემპიონთალიგური მატჩის წინ ანჩელოტის გუნდი ხასიათის შენარჩუნებას და რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ ტრავმიდან დაბრუნებულ ლიდერთან, ჯუდ ბელინგემთან ერთად ვალენსიასთან სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. თუმცა "მესტალიაზე" ქართველი მეკარისა და მისი გუნდის სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ეს მარტივი ნამდვილად არ უნდა იყოს.

საინტერესო ფაქტები

🟠 მამარდაშვილის გუნდი რეალთან დაპირისპირებას მესტალიაზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება ( 5 მოგება, 3 ფრე).

🟠 სამეფო კლუბი ლა ლიგაში ზედიზედ 20 შეხვედრაა არ მარცხდება.

🟠 ბელინგემი ტრავმიდან დაბრუნებას ცდილობს - რეალის ლიდერი შეიძლება მესტალიაზეც ვიხილოთ.

🟠 მადრიდის რეალი ლა ლიგის ბოლო ცხრა გასვლით მატჩში დაუმარცხებელია და ექვსი მოგება აქვს.

🟠 ვალენსიას 2009 წლიდან წლიდან დღემდე ყველა ტურნირზე რეალთან სულ ექვს მოგება აქვს და ექვსივე მესტალიაზე.

🟠 'ღამურებმა' ლა ლიგის 25 ტურში 29 გოლი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს.

🟠 რეალის დაცვა ლა ლიგაში კარგად გამოიყურება, ანჩელოტის გუნდმა 26 შეხვედრაში მხოლოდ 16 გოლი გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-4-2): მამარდაშვილი - ფოლკიე, დიახაბი, მოსკერა, გაია - პერეზი, გილამონი, პეპელუ, კანოსი - ჰუგო დურო, იარემჩუკი.
ტრავმა: კორეია

რეალი (4-3-3): ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, ნაჩო, მენდი - ვალვედრე, კროოსი, ჩუამენი - დიასი, როდრიგო, ვინისიუსი.
ტრავმა: კურტუა, მილიტაო, ალაბა, ხოსელუ, ბელინგემი (?)

სრულად წაკითხვა