PREVIEW | კვარას და ნაპოლის შანსი: ბარსელონას პრობლემები აქვს

2 months ago 50
  • 📅 12 მარტი | 🏟 ესტადიო მონტჟუიკი | ⌚ 23:55 | ⚽ ბარსელონა V ნაპოლი
  • ჩემპიონთა ლიგა ორივე გუნდისთვის სეზონის გადარჩენის შანსია
  • ბარსელონას ბევრი ტრავმირებული ჰყავს, ნაპოლის - არა
  • ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში 17 თვეა, არ გაუტანია
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩს ძალიან კარგ ფორმაში და საუკეთესო ხასიათზე მყოფი ხვდება. ეს სეზონის ზუსტად ამ ნაწილშია ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც ნაპოლისთვის, ისე, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებისთვის.

იტალიის თასსა და სუპერთასზე უტიტულოდ დარჩენისა და სერია A-ში კატასტროფული მდგომარეობის ფონზე, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში ერთადერთი გზაა, რომ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი ოდნავ მაინც "გააფერადოს".

ფრანჩესკო კალცონას იდეებს გუნდი ნელ-ნელა მოერგო და ბოლო დროს თამაშის ხარისხიც გამოასწორა და შედეგებიც. მართალია, ლუჩანო სპალეტის ფორმაციის ნაპოლი გაცილებით უკეთესად თამაშობდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც რუდი გარსიას ან ვალტერ მაძარის დროს ხდებოდა. თუმცა ფაქტია, რომ კვარას და კომპანიას ბარსელონაში ურთულესი თამაში ელით - მართალია, არა "კამპ ნოუზე", არამედ "მონტჟუიკზე", მაგრამ მაინც. 

კვარას ჩემპიონთა ლიგაზე უგოლო სერია დასასრულებელი აქვს

ორივე გუნდს მძიმე სეზონი აქვს: ნაპოლი სერია A-ში მხოლოდ მე-7 ადგილზეა 44 ქულით, ხოლო ბარსელონა ლა ლიგაში 61 ქულით მესამეა, მაგრამ ლიდერთან ჩამორჩენა სოლიდურია (8 ქულა). ორივე გუნდს თასის მოგების (იტალიის და ესპანეთის) შანსი დაკარგული აქვს. შესაბამისად, არა მარტო ნაპოლისთვის, არამედ ბარსელონასთვისაც, ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომლითაც როგორც სამხრეთიტალიელებს, ისე კატალონიელებს, გულშემატკივრებისთვის ხასიათის გამოკეთება შეუძლიათ.

რთული სათქმელია, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ნაპოლიმ ან ბარსამ ეს ტურნირი მოიგონ, მაგრამ რაც უფრო შორს გააღწევენ, რა თქმა უნდა, მათთვის უკეთესი იქნება. ისე კი, ბოლო დროს ორივე გუნდს კარგი სერია აქვს: ბარსა 27 იანვრის მერე არ დამარცხებულა (5 მოგება, 3 ფრე), ხოლო ნაპოლიმ ბოლოს 11 თებერვალს, მილანთან წააგო (2 მოგება, 4 ფრე).

სხვათა შორის, ნაპოლისთვის ამ მატჩს კიდევ ერთი რამის გამო აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა: ბარსელონას ბარიერის დაძლევა და შესაბამისად, მეოთხედფინალში გასვლა, ნაპოლის ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საგზურს თითქმის გაუნაღდებს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში ახალი ფორმატით გაიმართება. ეს კლუბისთვის დამატებით 100 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალს ნიშნავს. მართალია, ნაპოლის შემდეგ მეოთხედფინალშიც დასჭირდება ერთი მატჩის მოგება ან ფრე მაინც, რათა საჭირო ქულები მოაგროვოს მუნდიალზე გასვლისთვის, მაგრამ ფაქტია, მიზანს ძალიან მიუახლოვდება. თუ ნაპოლი ბარსას ვერ აჯობებს, მაშინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ინტერთან ერთად იტალიას იუვენტუსი წარადგენს, ამის თქმა გადაჭრით შეიძლება. სწორედ ამიტომ, აურელიო დე ლაურენტისმა 10 მილიონი ევრო პრემიაც გამოუყო ფეხბურთელებს ბარსელონასთან დუელის წინ.

ბარსელონაში მატჩამდე

ბარსელონას ნაპოლისთან კარგი ისტორია აქვს: ეს კლუბები პლეი ოფში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთხელაც ევროპალიგაზე და მომდევნო ეტაპზე ორჯერვე ბარსელონა გავიდა. 2019/20 წლების სეზონში 3:1, 1:1, ხოლო 2021/22 წლების სეზონში 1:1, 4:2.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია. მშრალი სერიის დასრულებას კვარა ბარსას წინააღმდეგ ეცდება და ნაპოლის ახლა ისე სჭირდება ნამდვილი კვარაცხელია, როგორც არასდროს. მით უფრო, რომ ბოლო დროს ხვიჩა მაგარ ფორმაში შევიდა, ფრანჩესკო კალცონასთან თითქოს მძიმედ დაწყებული ურთიერთობა მართლაც იდეალურად გაგრძელდა. კვარამ სასუოლოს (დუბლი), იუვეს და ტორინოს გაუტანა, თანაც სამივე მატჩში მოედანზე საუკეთესო იყო. კვარაცხელიას ნაპოლიში 24 გოლი აქვს გატანილი, რომლებიც 21 მატჩზე ნაწილდება. საინტერესო ისაა, რომ ამ 21 თამაშიდან, რომელშიც მან თავი გამოიჩინა, ნეაპოლელებმა 20 მოიგეს! ამგვარად, შეიძლება ითქვას, როცა ხვიჩას გოლი გააქვს, იმ მატჩს ნაპოლი იგებს.

კვარამ ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა

ნაპოლიში საკადრო პრობლემები თითქმის არ არის: მხოლოდ იან კაიუსტი და სირილ ნგონგე არიან ლაზარეთში, ამირ რაჰმანის თამაშის საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა. პიოტრ ჟელინსკი კი, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კლუბის გადაწყვეტილებით არ არის. სამაგიეროდ, ბარსელონას ლაზარეთი სავსეა: ფერან ტორესს, მარკოს ალონსოს, ალეხანდრო ბალდეს და გავის, პედრი და ფრენკი დე იონგი შეუერთდნენ. ამგვარად, ჩავის განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები ნახევარდაცვაში აქვს, სადაც გუნდის მთავარი დასაყრდენები ვერ ითამაშებენ.

საინტერესო ფაქტები

🟠 ბარსელონას არასდროს წაუგია ნაპოლის წინააღმდეგ: 5 მატჩი, 2 მოგება 3 ფრე. ამ ხუთ შეხვედრაში ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა - სამჯერ 1:1 დაფიქსირდა, ხოლო კატალონიელებმა 4:2 და 3:1 მოიგეს.

🟠 ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ეს გუნდები მერვედფინალში შეხვდნენ 2019/20 წლების სეზონში და ესპანელებმა ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგეს.

🟠 ასევე, ნაპოლისა და ბარსელონას შორის დაპირისპირება 2021/22 წლების სეზონში შედგა ევროპისლიგაზე. ნეაპოლში ბარსამ 4:2 მოიგო, ხოლო მანამდე "კამპ ნოუზე" გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ (1:1).

🟠 ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩი იტალიური გუნდის წინააღმდეგ არ მოუგია (2 ფრე, 2 წაგება). ამ ოთხ მატჩში "ბლაუგრანამ" იმდენივე მარცხი განიცადა, რამდენიც მანამდე იტალიელებთან ჩატარებულ 19 შეხვედრაში (11 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება).

🟠 ნაპოლის შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში მეორედ გავიდეს. თუმცა, ესპანურ მეტოქეებთან ცუდი სტატისტიკა აქვს: ესპანელებთან ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (6 ფრე, 9 წაგება).

🟠 ლამინე იამალი შეიძლება გახდეს პირველი 16 წლის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გოლს გაიტანს.

🟠 ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას 12-მატჩიანი უგოლო სერია აქვს. ბოლოს მან აიაქსის წინააღმდეგ 2022 წლის 12 ოქტომბერს გაიტანა. ზოგადად, ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე აიაქსის კარში.

🟠 თუმცა, კვარა ახლა კარგ ფორმაშია და სერია A-ს ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა (1 საგოლე პასი). მის იტალიურ კარიერაში მეორედ მოხდა, რომ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი.

🟠 ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება გახდეს პირველი ქართველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე გოლს გაიტანს.

🟠 ნაპოლიმ მოიგო 20 მატჩი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც ხვიჩამ გაიტანა და ნაპოლიმ ვერ მოიგო, პარასკევს იყო - ტორინოსთან (1:1).

🟠 როდესაც ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი მატჩი არ წააგო, მომდევნო ეტაპზე გავიდა 21-დან 20 შემთხვევაში. ერთადერთი გამონაკლისია 2002/03 წლების სეზონის ნახევარფინალი, როდესაც სტუმრად იუვენტუსთან 1:1 ითამაშა, მაგრამ შემდეგ შინ 1:2 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

🟠 11 შემთხვევაში, როდესაც ნაპოლიმ ევროთასის პლეი ოფში პირველი მატჩი ფრედ ითამაშა, ყველა ჯერზე ასპარეზობას გამოეთიშა. ბოლოს ეს სწორედ ბარსელონასთან მოხდა, როდესაც პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო მერე ესპანელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

🟠 ბარსელონას 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 3 ფრე), ნაპოლის კი 6-მატჩიანი (2 მოგება, 4 ფრე).

🟠 პირველ მატჩში თავის გამოჩენით ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი დაუგროვდა, რაც ნიგერიელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია ობაფემი მარტინსთან ერთად (ასევე 9 გოლი).

🟠 ბარსელონას ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 3-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ხოლო 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების 5 დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ხუთჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, ინიგო მარტინესი, კანსელო - კრისტენსენი, ფერმინ ლოპესი, გიუნდოგანი - იამალი, ლევანდოვსკი, ჟოაო ფელიქსი.
ტრავმა: ბალდე, გავი, პედრი, დე იონგი, ალონსო, ფერან ტორესი.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი (?), ჟუან ჟეზუში, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: კაიუსტი, ნგონგე.

სრულად წაკითხვა