PREVIEW | ნაპოლისთვის ეს კარგი შანსია - იუვენტუსი საშინელ ფორმაშია

2 months ago 44
  • 📅 3 მარტი | 🏟 მარადონა ⌚ 23:45 | ⚽ ნაპოლი V იუვენტუსი
  • იუვენტუსი საშინელ ფორმაშია, ნაპოლიში სასუოლოსთან 6:1-ის კარგ ხასიათზე არიან
  • ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს კარგი შანსი აქვს, სეზონი ოდნავ მაინც შეცვალოს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ნაპოლიმ შეიძლება სეზონი ჩააგდოს, უმნიშვნელო მიზანსაც ვერ მიაღწიოს, მაგრამ თუ იუვენტუსს დაამარცხებს, ის სეზონი "აძურის" ტიფოზებისთვის მაინც დასამახსოვრებელია.

სერია A-ს 27-ე ტურში ნაპოლის სწორედ ეს შანსი აქვს, რომ ძალიან მძიმე სეზონი ტურინულ გრანდთან გამარჯვებით გააფერადოს. ცხადია, ამით ვერ წაშლის ყველა იმ პრობლემას, რაც ჰქონდა და აქვს, მაგრამ ფაქტია: იუვენტუსთან მოგებას ნეაპოლში სხვა გემო აქვს.

ფრანჩესკო კალცონას ხელში ნაპოლიმ 3 მატჩი ითამაშა. თუკი ბარსელონასთან და კალიარისთან ნეაპოლელთა თამაშის ხარისხი საგანგაშო იყო, ბოლოს, რეჯო ემილიაში სასუოლოსთან ბევრს ლუჩანო სპალეტის ნაპოლი გაახსენდა: აქტიური პრესინგი, ლამაზი კომბინაციები, დომინანტობა და 6:1. რაც მთავარია, დაბრუნებული ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია. ნიგერიელმა 3 გოლი და ასისტი, ქართველმა კი დუბლი და ასისტი მიითვალა. მოკლედ, იუვენტუსთან თამაშს ნაპოლის ფანები იმედით ხვდებიან, რადგან უკანასკნელმა შეხვედრამ მათში ენთუზიაზმი გააღვიძა.

ბევრი ფიქრობს, რომ "ბიანკონერისთან" მატჩი "აძურისთვის" საკვანძო და გარდამტეხი იქნება. სასუოლოსთან მოგებამდე იტალიის მოქმედ ჩემპიონს 4 წარუმატებელი თამაში ჰქონდა. არავინ იცის, გუნდმა მოახერხა თუ არა გამოღვიძება, რადგან აუტსაიდერ და უბრალოდ ამაზრზენ ფორმაში მყოფ სასუოლოსთან კარგი თამაში დასკვნების გასაკეთებლად ნამდვილად ვერ გამოდგება. ფაქტი ისაა, რომ ნაპოლის ქულები ძალიან სჭირდება, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა. კალცონას გუნდი ამჟამად მე-9 ადგილზეა 40 ქულით და თითოეული შეცდომის ფასი ძალიან დიდია.

პირველ წრეში იუვე-ნაპოლის მატჩის ბედი ამ გოლმა გადაწყვიტა

იუვენტუსმა 21 ტურის განმავლობაში ტოლი არაფერში დაუდო ინტერს, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, "სკუდეტოსთვის" იბრძოდა, მაგრამ ბოლო 5 ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდი რელსებიდან გადავიდა. შედეგად, ის, რასაც ტურინელები ნახევარ სეზონზე მეტი აშენებდნენ, ერთ თვეში დაინგრა. ახლა იუვე 12 ქულით ჩამორჩება ინტერს და უკვე აღარავინ საუბრობს ჩემპიონობაზე. პირიქით: ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა ამოცანაა და იმის მიუხედავად, რომ უპირატესობა კომფორტულია, მაინც სიფრთხილე მართებთ, რადგან იუვე მართლაც ძალიან ცუდ ფორმაშია, პირველ რიგში მენტალურად.

"ბებერმა ქალბატონმა" სამ აუტსაიდერთან, ემპოლისთან, უდინეზესა და ვერონასთან (აქედან ორჯერ შინ ითამაშა) იმდენი მოახერხა, რომ მხოლოდ 2 ქულა აიღო. ამას დაემატა ინტერთან საგარეო წაგებაც. ბოლო ტურში ტურინელებმა შინ კიდევ ერთ აუტსაიდერ ფროზინონეს ძლივს მოუგეს, ბოლო წუთზე ცენტრალური მცველის, დანიელე რუგანის გოლით. მოკლედ, იუვენტუსი ნეაპოლში მისთვის ყველაზე არაკომფორტულ სიტუაციაში ჩადის. თან, "სტადიო მარადონაზე" შავ-თეთრებს თამაში ძალიან უჭირთ - ბოლო ოთხ სეზონში იუვე ნეაპოლიდან შინ უქულოდ დაბრუნდა...

სათამაშო ფორმას და მენტალურ მდგომარეობას ემატება საკადრო პრობლემები - იუვეს ლაზარეთი გადავსებულია. ტრავმა აქვს მატია დე შილიოს და მატია პერინის დანაკლისი თუ საგანგაშო არ არის, სამაგიეროდ, დანილოს, ვესტონ მაკკენის და ადრიენ რაბიოს არყოფნა უდიდესი დანაკლისია. ტურინელთა სუსტი რგოლი ნახევარდაცვაა, სადაც გუნდმა ფროზინონესთან შეხვედრაში ორივე ნათელი ფიგურა დაკარგა - რაბიოს და მაკკენის გარეშე როგორ ითამაშებს იუვე, რთული წარმოსადგენია, რადგან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა მიმდინარე სეზონში და ალეგრის არც სათადარიგო სკამზე ჰყავს მათი ხარისხიანი შემცვლელები. პოლ პოგბა და ნიკოლო ფაჯოლიც (ასევე ნახევარმცველები!) რომ დიდი ხანია ვერ თამაშობენ, ეს ძველი ამბავია. ესეც არ არის ყველაფერი: ვარჯიშზე ალექს სანდრომ ფედერიკო კიეზას წინააღმდეგ იუხეშა და იტალიელის თამაშიც საეჭვოა. მან ბოლო ვარჯიში გამოტოვა და ძალიან დაბალი შანსია, რომ ფედერიკო სათადარიგო სკამზე მაინც მოხვდეს. ნაპოლის ლაზარეთი კი პრაქტიკულად ცარიელია, მხოლოდ იენს კაიუსტი და სირილ ნგონგე ვერ ითამაშებენ, რაც განსაკუთრებული დანაკლისი ნამდვილად არ არის.

იუვესთვის ნეაპოლში ბოლო სტუმრობა კოშმარული იყო

პირველ წრეში იუვენტუსმა ნაპოლის შინ ფედერიკო გატის გოლით 1:0 აჯობა (8 დეკემბერს), ნეაპოლში ბოლო სტუმრობა კი ტურინელებისთვის კოშმარული გამოდგა - 1:5. ის მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისი იყო, რადგან ქართველმა გოლიც გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. ხვიჩას პირველ წრეში ტურინშიც შეეძლო გატანა, მაგრამ მაშინ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვერ იხეირა. კვარას სასუოლოსთან კარგი პერფორმანსის შემდეგ შეუძლია განწყობა კიდევ უფრო გამოიკეთოს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ კრისტიანო ჯუნტოლი - იუვენტუსის სპორტული დირექტორი, რომელიც გასულ ზაფხულს ნაპოლიდან შეუერთდა იტალიურ გრანდს. სწორედ ჯუნტოლიმ ააშენა ის გუნდი, რომელმაც შარშან "სკუდეტო" მოიგო. კრისტიანო მეტოქის რანგში პირველად ბრუნდება ნეაპოლში.

საინტერესო ფაქტები

🟠 პირველ წრეში მოგებული მატჩის შემდეგ (1:0), იუვენტუსს შანსი აქვს ნაპოლისთან სეზონში ორივე თამაში 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგოს. გარდა ამისა, "ბიანკონერის" შანსი აქვს, ნეაპოლელთა წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში შეინახოს კარი მშრალად პირველად 1994/95 წლების სეზონის შემდეგ.

🟠 ნაპოლი-იუვენტუსის სერია A-ს ბოლო 11 დაპირისპირებაში თანაფარდობაა: 5-5 მოგება ორივე გუნდს, 1 ფრე, ხოლო ბურთების ბალანსი ნეაპოლელთა სასარგებლოდ - 18:16.

🟠 ნაპოლის სერია A-ში იუვენტუსთან ბოლო 4 საშინაო მატჩი მოგებული აქვს და თავის ისტორიაში ზედიზედ 5-ჯერ ტურინული გრანდი საკუთარ მოედანზე არასდროს დაუმარცხებია.

🟠 სასუოლოსთან 6:1-ის შემდეგ ნაპოლის შანსი აქვს სერია A-ში ზედიზედ ორი მატჩი მოიგოს გასული წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც უდინეზესა და ლეჩეს აჯობა.

🟠 იუვენტუსმა სერია A-ს ბოლო 5 მატჩში გოლი გაუშვა (1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). "ბიანკონერის" ამაზე ცუდი სერია გაშვებული გოლების მხრივ 2022 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია (8 მატჩი მაშინდელ შემთხვევაში).

🟠 ვერონასთან 2:2-ის შემდეგ იუვენტუსმა სტუმრად ზედიზედ ორჯერ შეიძლება ითამაშოს ფრედ საგარეო შეხვედრებში 2022 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, როცა სამპდორიას და ფიორენტინას დაუზავდა.

🟠 იუვენტუსი სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ერთადერთი გუნდია, რომლის კარში პენალტი არ დანიშნულა. ერთადერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგ პენალტი სეზონში არ დანიშნულა სერია A-ში, ინტერია (2008/09 წლების სეზონში).

🟠 ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის მხოლოდ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ ოთხ სეზონში მოახერხა მინიმუმ 10 გოლის გატანა, დიეგო მარადონას (1984-1988) და ატილა სალუსტროს (1929-1933) შემდეგ. ნიგერიელმა აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა გოლი და ასეთი კარგი სერია გასული წლის მაისი-აგვისტოს შემდეგ არ ჰქონია.

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ "სტადიო მარადონაზე" იუვენტუსის წინააღმდეგ ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 ასისტი, გასული წლის 13 იანვარს). სერია A-ში მხოლოდ სასუოლოსთან ჰქონდა ქართველს უკეთესი შედეგი საკუთარ მოედანზე ჩატარებული მატჩებიდან (4).

🟠 დუშან ვლაჰოვიჩი არის ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ტოპ ხუთ ჩემპიონატში (9 გოლი 7 მატჩში). იუვენტუსის ისტორიაში მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ გაიტანა უფრო მეტი გოლი იანვარ-თებერვალში სერია A-ს ეგიდით (2020 წლის პირველ ორ თვეში 11 გოლი).

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 4-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში 155-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 68 მატჩი იუვემ მოიგო, 39 ნაპოლიმ, ხოლო 48-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგორი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: ნგონგე, კაიუსტი.

იუვენტუსი (3-5-2): შჩესნი - გატი, ბრემერი, რუგანი - კამბიაზო, ალკარასი, ლოკატელი, მირეტი, კოსტიჩი - ილდიზი, ვლაჰოვიჩი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: დანილო, დე შილიო, მაკკენი, პერინი, კინი, რაბიო, ფაჯოლი, პოგბა.

სრულად წაკითხვა