PREVIEW | საქართველო V პორტუგალია - ნაცნობ მეტოქესთან განსაკუთრებული მოტივაციით

2 months ago 44
  • 📅 17 მარტი | ⌚ 23:55 | 🏟 სტად ჟან ბუინი | 🏉 საქართველო V პორტუგალია | 📺TV იმედი
  • რიჩარდ კოკერილი ეცდება, ბორჯღალოსნებთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვოს
  • პორტუგალიას მსოფლიო თასზე საქართველოსთან ფრე ახსოვს და ახლაც იმედიანად არის
  • ყველაფერი, რაც კვირას პარიზში დაგეგმილი ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ

საქართველოს სარაგბო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ეცდება ბორჯღალოსნებთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვოს. ქართველი მორაგბეები პარიზში იმყოფებიან და 17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელთანაც მსოფლიო თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ანგარიშებია გასასწორებელი.

ლამის 20 წელია, საქართველოს ნაკრებს ლობუშთან პრობლემები ნაკლებად ექმნებოდა, თუმცა, გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც მსოფლიო თასის ეგიდით 2023 წლის სექტემბერში ტულუზში შედგა, ბორჯღალოსნებისთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა. საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა, მხოლოდ ფრეს (18:18) დასჯერდა, ის კი არადა, მეტოქეს ბოლო წამებზე ჯარიმა რომ გაეტანა, პორტუგალია მსოფლიო თასების ისტორიაში თავის პირველ გამარჯვებას იზეიმებდა.

ამიტომაა, ქართველ მორაგბეებს განსაკუთრებით რომ უნდათ ლობუშს საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ და მთავარია, ახლა, ეს ზედმეტ მონდომებაში არ გადაუვიდეთ, რაზეც აქცენტი ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც გააკეთა. სხვათა შორის, მას შანსი ექნება რაგბი ევროპის ჩემპიონისთვის კუთვნილი თასი მეთორმეტედ შემართოს, ამ მხრივ რეკორდსმენი კი ვეტერანი ალექსანდრე თოდუაა, რომელიც მე-14 ტიტულისთვის იბრძოლებს. ეს უკანასკნელი გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება და ჩვეულად ფლანგზე დადგება, მეორე გარემარბი კი ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელსაც აქტივში 35 ლელო აქვს.

რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ზოგადად, ორი კვირის წინ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ შემადგენლობაში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში. ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც მუხებთან გარემარბი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მერაბ შარიქაძეს ცენტრში გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ღერძზე კი ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ.

უცვლელია შერკინება. პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური დაიწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს გიორგი ჯავახია შეუწყვილდება, მესამეში კი ილია სპანდერაშვილი, ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია ითამაშებენ.

მარქაფაში გამოჩნდა ფრანგული ნევერის მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომელსაც ბორჯღალოსნების კვართით 15-ჯერ უთამაშია, კოკერილის რაზმში კი პირველადაა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და შეცვლაზე ითამაშებს ბურჯი ბექა გიგაშვილი.

წინა თამაშის შემდეგ თადარიგში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა, 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ, მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ცენტრმა დემურ თაფლაძემ.

მერაბ შარიქაძის თქმით, ფინალში ემოციების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "მთავარია, ემოციებს არ ავყვეთ. პორტუგალიასთან თამაში ჩვენთვის შესაძლოა ზედმეტად პრინციპულიც კი არის და ასეთ დროს ემოციებზე აყოლის საფრთხე არსებობს, რასაც მერე უარყოფითი შედეგი მოაქვს ხოლმე. მნიშვნელოვანია მზადებისას საქმეზე ვიყოთ კონცენტრირებული და მერე უშუალოდ თამაშისას გავაკონტროლოთ ემოციები. ბრაზმა და წარსულში მიღებულმა სიმწარემ არ უნდა გადაგვძლიოს".

ჟოაუ მირა (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "ვიცით, რომ თამაში ძალიან კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, პორტუგალია უკეთ მაშინ გამოიყურება, როდესაც ფავორიტად არ მოიაზრება. ამასთან, პორტუგალიის ნაკრები უკვე აღარ არის იმ დონეზე, როდესაც ვინმესთან მცირე ანგარიშით წაგება უნდა გვახარებდეს. ახლაც, მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ვფიქრობ, რომ ფინალისთვის ჩვენ უფრო გადახალისებული შენადგენლობა გვეყოლება, ვიდრე – საქართველოს, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც სასწორზე ტიტული დევს, ყველა სხვა ფაქტორი უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ, ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ იმ ზეწოლას, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან წინა მატჩების დროს გვქონდა".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი პარიზულ სტად ჟან ბუინზე 17 მარტს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები ტიტულს მე-16-ედ დაისაკუთრებენ. ცნობილია, რომ შეხვედრის არბიტრები ფრანგები იქნებიან. მთავარი რეფერის მოვალეობებს დუალ ტრაინინი შეასრულებს, კიდეებზე კი მას ტომა შერეკე და კრისტოფ ბულტე დაეხმარებიან.

პორტუგალიელთა მზადება საქართველოსთან მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

🏉 საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 26-ჯერ უთამაშია: 18 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. ლობუშს ბორჯღალოსნებთან 2005 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა ოთხივე ფრე ამის შემდეგ დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო ორი 2022 (რაგბი ევროპაზე) და 2023 (მსოფლიო თასზე) წლებში.

🏉 რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება, გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველო პორტუგალიას კი ზედიზედ მეორედ შეხვდება. შარშან ბორჯღალოსნებმა მეტოქე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში 38:11 დაამარცხეს.

🏉 პარიზის 20-ათასიან ჟან ბუინზე ეს გუნდები მეორედ ითამაშებენ. 2020 წელს, ლობუშმა სწორედ საფრანგეთში გვიმასპინძლა, სადაც დიდი პორტუგალიური დიასპორაა, თუმცა, გამარჯვება მაინც საქართველოს ნაკრებს დარჩა – 39:24.

🏉 პორტუგალია ერთადერთია, რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების სეზონში (2003-2008 წლებში ჩემპიონი ორი სეზონის ჯამით ვლინდებოდა) თასი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველო ტიტულს 15-ჯერ ფლობდა, რუმინეთი კი – 5-ჯერ.

🏉 2018 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ტიტული ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, რითაც წინა რეკორდი გაიმეორეს (2011-2016) და თუ 17 მარტს გაიმარჯვეს, საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებენ.

🏉 წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია (28:17), ნიდერლანდები (31:10) და ესპანეთი (38:3) დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ პირველ ტურში ბელგიასთან წაგების (6:10) მერე, პოლონეთსა (54:7) და რუმინეთს (49:24) აჯობა.

🏉 ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 გაანადგურა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 მოუგო.

საქართველო V პორტუგალია

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

სრულად წაკითხვა