PREVIEW | სეზონის მატჩის წინ - კლოპისა და პეპის ბოლო დუელი პრემიერლიგაში

2 months ago 38
  • 📅 10 მარტი | 🏟 ენფილდი | ⌚ 19:45 | 🟠 ლივერპული V მანჩესტერ სიტი
  • ამ დუელის გამარჯვებული პრემიერლიგაში გალიდერდება
  • 'ენფილდზე' მანჩესტერ სიტის თამაში ძალიან უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ინგლისურ მედიაში უკვე უწოდეს კვირის დუელს "სეზონის უდიდესი თამაში" - მატჩი, რომელშიც შესაძლოა, პრემიერლიგაში უკანასკნელად ვიხილოთ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას დუელი. სეზონის ბოლოს ხომ გერმანელი ლივერპულს ტოვებს...

10 მარტს "ენფილდზე" დიდი მატჩია - ლივერპული ჩემპიონ მანჩესტერ სიტის მასპინძლობს. მას მერე, რაც არსენალმა თავისი მატჩი მოიგო, კლოპის გუნდი აღარ არის პირველი, ხოლო პეპის - მეორე. "მეთოფეებს" 64 ქულა აქვთ, ლივერპულს 63, ხოლო სიტის - 62. ცხადია, ჩემპიონი ამ სამიდან ერთ-ერთი იქნება, თუმცა რომელი დიდწილად, შესაძლოა, ამ დაპირისპირებაც იყოს დამოკიდებული. ნებისმიერისთვის უკვე ის ფაზაა, როცა ქულების დაკარგვა დაუშვებელია. 

I წრეში სიტი ჰაალანდმა დააწინაურა

ლივერპულს უფრო მეტი საკადრო პრობლემა აქვს: ვერ ითამაშებენ ალექსანდერ-არნოლდი, ალისონი, დიოგო ჟოტა, გრავენბერხი, ჯონსი, მატიპი და ტიაგო, საეჭვოა კონატეს თამაშიც. მაშინ, როცა სიტის რიგებიდან მხოლოდ გრილიშის თამაშა გამორიცხული, ხოლო დოუკს და ნუნიეშის - საეჭვო. კლოპის გუნდმა პრემიერლიგაში ბოლო 4 თამაში მოიგო, ხოლო პეპის გუნდმა - ბოლო სამი. 

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა - ჰაალანდის გოლს ალექსანდერ-არნოლდმა უპასუხა, რომელიც კვირას მოედანზე არ იქნება. 

იურგენ კლოპი (ლივერპული): "როცა პეპს ვხვდები ვგრძობ, მის უპირატესობას. მან ფეხბურთზე დიდი გავლენა მოახდინა, მოიგო უამრავი ტიტული კარიერის განმავლობაში. არადა, როცა მას ხედავ სათადარიგოთა სკამთან, ისე იქცევა, თითქოს, არასდროს არაფერი მოუგია. მისი მოტივაცია ყველასგან გამორჩეულია. რაც მე მინახავს, ის უდავოდ, ყველასგან გამორჩეული მწვრთნელია. 

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "არა მგონია, კლოპის წასვლის მერე ლივერპული იოლი დასამარცხებელი გახდეს. ლივერპული ყოველთვის ლივერპულია. ტიტულისთვის არსენალიც იბრძვის, რომელიც შარშან ჩვენი მთავარი მეტოქე იყო, ნახეთ, როგორ თამაშობს ლონდონური კლუბი. თუ ლივერპულს მოსაგებად 90 წუთი ესაჭიროება, არსენალს ზოგჯერ 25-იც ჰყოფნის". 

საინტერესო ფაქტები

🟠 პრემიერლიგაში იურგენ კლოპი ურთიერთშეხვედრებში სჯობს ხოსეპ გვარდიოლას - 21 დუელიდან 8 მოიგო, პეპმა კი - 6. 

🟠 ამ გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 225-ჯერ ითამაშეს (1893 წლიდან). ლივერპულმა 108 მატჩი მოიგო, სიტიმ - 60.

🟠 პრემიერლიგაში ამ გუნდების ბოლო 30 დაპირისპირებიდან მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვეს სტუმრებმა. 

🟠 ლივერპულის ბოლო 20 მატჩი პრემიერლიგაში "ენფილდზე" მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ: 13 გამარჯვება, 6 ფრე, 1 მარცხი. ეს წაგება 2021 წლის თებერვალში (1:4) დაფიქსირდა, როცა ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ იყვნენ (პანდემია). 

🟠 ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან სიტიმ მხოლოდ 2 მოიგო (ლივერპული - 3). 

🟠 მოჰამედ სალაჰმა სიტის წინააღმდეგ 20 მატჩში 17 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (11 გოლი, 6 საგოლე პასი)

🟠 კევინ დე ბრუინმა ლივერპულთან ბოლო 15 დაპირისპირებაში 12 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 8 საგოლე პასი). 

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): კელეჰერი - ბრედლი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - მაკ ალისტერი, ენდო, სობოსლაი- სალაჰი, დარვინი, დიასი

მანჩესტერ სიტი (3-2-4-1): ედერსონი - უოკერი, დიაში, აკე - როდრი, სტოუნსი - ფოდენი, სილვა, დე ბრუინი, ალვარესი - ჰაალანდი.

სრულად წაკითხვა