PREVIEW | სრული კონცენტრაცია სერია A-ზე - კვარას 'სან სიროზე' გასატანი აქვს

2 months ago 40
  • 📅 17 მარტი | 🏟 სან სირო | ⌚ 23:45 | ⚽ ინტერი V ნაპოლი
  • ინტერი და ნაპოლი მხოლოდ სერია A-ს შემორჩნენ
  • ნერაძური აშკარა ფავორიტია, ნაპოლის ქულები სჭირდება
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

სერია A-ს 29-ე ტურის მთავარ მატჩში მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი ჩემპიონობისკენ ელვის სისწრაფით მიმავალ ინტერს ესტუმრება. ეს არის მატჩი არა მარტო ბოლო ორი სეზონის საუკეთესო იტალიურ კლუბებს შორის, არამედ იმ გუნდებს შორისაც, რომლებსაც ამ სეზონში, სერია A-ს გარდა, საზრუნავი აღარაფერი დარჩათ.

შუა კვირაში ინტერიც და ნაპოლიც ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ. ორივესთვის ესპანური ბარიერი აღმოჩნდა გადაულახავი: ინტერი ატლეტიკოსთან დამარცხდა, ნაპოლი - ბარსელონასთან. ამგვარად, სრული კონცენტრაცია უკვე სერია A-ზეა მიმართული.

პრინციპში, ინტერს მოდუნების უფლებაც აქვს, რადგან მილანთან 16-ქულიანი უპირატესობა გააჩნია და ძნელი წარმოსადგენია, "სკუდეტოში" ვინმე შეეცილოს. ოღონდ ერთია: სიმონე ინძაგის გუნდს შანსი აქვს 2013/14 წლების სეზონში ანტონიო კონტეს იუვენტუსის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესოს და სერია A-ს ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვოს. მაშინ იუვემ 102 ქულით დაასრულა სეზონი, ინტერს ახლა 75 ქულა აქვს და წინ 10 ტურია. "ნერაძურის" დარჩენილ მატჩებში 1 ფრის უფლება აქვს, თუ რეკორდის მოხსნა უნდა. მხოლოდ 1 წაგებით რეკორდს გაიმეორებს, ხოლო თუ ორ მატჩს ვერ მოიგებს, თუნდაც ორჯერვე ფრე ითამაშოს, რეკორდი ხელუხლებელი და იუვეს საკუთრებაში დარჩება.

"ნერაძურის" 2024 წელს 13-დან 13 მატჩი ჰქონდა მოგებული, სანამ მადრიდში, ატლეტიკოსთან დამარცხდებოდა. თუმცა, სერია A-ში დიდებული სერია ძალაშია - ზედიზედ 10 თამაში აქვს მოგებული. ბოლოს შიდა ასპარეზზე 29 დეკემბერს, სტუმრად ჯენოა ვერ დაამარცხა.

ინტერი ჩემპიონთა ლიგაში ფავორიტი იყო, მაგრამ ატლეტიკოსგან გავარდა

ერთი შეხედვით, ინტერზე მეტად ქულები ახლა ნაპოლის სჭირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად უკვე თითოეული ქულა მისთვის უძვირფასესია. შეიძლება სერია A-ს მეხუთე ადგილოსანიც გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ნაპოლის შანსს გაზრდის, მაგრამ ფრანჩესკო კალცონას გუნდს რთული სიტუაცია აქვს: გარდა იმისა, რომ თავად არასტაბილურია, კონკურენტებიც ძლიერი და თან ბევრი ჰყავს. "აძური" ამჟამად 44 ქულით მე-7 ადგილზეა და მე-5 ადგილს 4 ქულით, ხოლო ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება. მოკლედ, ნაპოლის "ჯუზეპე მეაცაზე" მოსაგებად თამაში მოუწევს. რეაბილიტაცია კი, ჩემპიონთა ლიგის ფიასკოს შემდეგ, ორივე გუნდს სურს.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში გამარჯვება მილანელებს დარჩათ: სერია A-ში ნეაპოლში, 3:0 და იტალიის სუპერთასის ფინალში - 1:0. გასულ სეზონში ნაპოლიმ შინ ინტერს ანგარიშით 3:1 აჯობა, მაგრამ იქამდე სტუმრად წააგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან ვერ გაიტანა, მაგრამ სერია A-ს ბოლო სამ ტურში მოახერხა თავის გამოჩენა (4 გოლი, 1 საგოლე პასი) და ქართველი კარგ ფორმაშია. ხვიჩას არასდროს გაუტანია იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხჯერ და შეიძლება ამ მხრივ, მისთვის გამორჩეული თამაში იყოს. ისე კი, კვარას ინტერთან მაინც და მაინც არ გამოსდის კარგად თამაში: წინა 4 მატჩში მან "ნერაძურისთან" ვერც გოლი და ვერც საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩასთვის "სან სიროზე" თამაშიც ჯერჯერობით არ არის წარმატებული, რადგან საფეხბურთო "ლა სკალაში" ჯერ უგოლოდაა, როგორც მილანის, ისე ინტერის წინააღმდეგ.

ერთი საინტერესო სტატისტიკაც: კვარას ნაპოლის მაისურით 21 მატჩში აქვს გოლი გატანილი, საიდანაც 20 მისმა გუნდმა მოიგო. გამონაკლისია მხოლოდ ბოლო ტურის მატჩი ტორინოსთან, რომელშიც კვარას გოლი ნეაპოლელებს ფრისთვის ეყოთ (1:1).

კვარას ინტერთან ცუდი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია

სიმონე ინძაგის გუნდს ხუან კუადრადო, კარლოს აუგუსტო, სტეფანო სენსი და მარკო არნაუტოვიჩი ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ნაპოლიში ლაზარეთი ცარიელია. მხოლოდ ვიქტორ ოსიმენის საკითხია გასარკვევი, რომელმაც კუნთების პრობლემის გამო ბოლოს ინდივიდუალურად ივარჯიშა. მოედანზე მისი გასვლის ამბავი თამაშის წინ გადაწყდება.

საინტერესო ფაქტები

🟠 2018/19 წლების სეზონიდან ინტერმა ნაპოლისთან სერია A-ში 11-დან 7 მატჩი მოიგო (2 ფრე, 2 წაგება), 5-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში (3:0, 2023 წლის 3 დეკემბერს).

🟠 ბოლო ექვს სეზონში (2018/19 წლების სეზონიდან) ნაპოლიმ სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი ინტერთან წააგო (7).

🟠 ინტერმა ნაპოლისთან სერია A-ში ბოლო 5 საშინაო მატჩი მოიგო (8:2-ზე ბურთების საერთო ბალანსი). 1996-2011 წლებში "ნერაძურიმ" "აძური" შინ ზედიზედ 8-ჯერ დაამარცხა.

🟠 ინტერს სერია A-ში ბოლო 10 მატჩი მოგებული აქვს და მხოლოდ ორჯერ მოახერხა ზედიზედ 11 თამაშის მოგება იტალიის ჩემპიონატში: პირველად 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის თებერვლამდე, როდესაც ზედიზედ 17 მატჩი მოიგო, რაც დღემდე არათუ ინტერის, არამედ, ზოგადად, სერია A-ს რეკორდია. მეორედ კი, 2021 წლის იანვრიდან აპრილამდე ზედიზედ 11 გამარჯვება იზეიმა.

🟠 ნაპოლიმ სერია A-ს ოთხ მატჩში 10 გოლი გაიტანა ფრანჩესკო კალცონას ხელმძღვანელობით (საშუალოდ 2.5 გოლი მატჩში). ეს ერთით მეტია ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით 12 შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობაზე (9 გოლი).

🟠 ინტერი და ნაპოლი არიან გუნდები, რომლებსაც მიმდინარე სეზონში სერია A-ში ყველაზე მეტი დარტყმა აქვთ კარისკენ (428-476) და კარში (154-153). მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელიც ორივეს ყველაზე მაღალი აქვს (59.6-46.4).

🟠 ინტერმა ამ დროისთვის 70 გოლი გაიტანა და მხოლოდ 13 გაუშვა. ტოპ 5 ლიგაში ბურთების მსგავსი ბალანსი არავის აქვს (+57), ხოლო სერია A-ში 28 ტურის შემდეგ ამაზე უკეთესი ბურთების ბალანსი ბოლოს ფიორენტინას ჰქონდა 1958/59 წლების სეზონში (+58).

🟠 ჰაკან ჩალჰანოღლუ გოლის შემთხვევაში, ორმაგ ნიშნულს მიაღწევს კარიერაში მეორედ სეზონის განმავლობაში (2013/14 წლების სეზონში ჰამბურგში 11 გოლი გაიტანა). თურქზე მეტი ზუსტი პასი მიმდინარე სეზონში მხოლოდ მატეო პესინას (1460) და სტანისლავ ლობოტკას (1534) აქვთ. ჩალჰანოღლუს აქტივში 1424 ზუსტი პასია.

🟠 ლაუტარო მარტინესი (23 გოლი) ერთ-ერთია იმ ოთხი ფეხბურთელიდან, რომლებსაც ტოპ 5 ლიგების მიმდინარე სეზონში მინიმუმ 20 გოლი აქვს გატანილი კეინთან (30), გირასისა (21) და მბაპესთან (21) ერთად. ლაუტაროს ერთი გოლი სჭირდება, რათა საკუთარ მოედანზე სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაუხდეს ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში. ეს შედეგი ამ დროისთვის მხოლოდ ერლიგ ჰაალანდს აქვს.

🟠 თებერვლის ბოლო უქმეებიდან (როცა ნაპოლიში კალცონას დებიუტი შედგა), ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტი გოლი სერია A-ში არავის გაუტანია (4-4 გოლი, იგივე შედეგი აქვს პაულო დიბალას ამ პერიოდში). ქართველს შანსი აქვს, სერია A-ში ზედიზედ ოთხ ტურში გოლი პირველად გაიტანოს.

🟠 ინტერის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 5-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ეს გუნდები სერია A-ში აქამდე 155-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 68 მატჩი ინტერმა მოიგო, 46 ნაპოლიმ, ხოლო 41-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ზომერი - ბისეკი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ტურამი, ლაუტარო.
ტრავმა: კუადრადო, სენსი, არნაუტოვიჩი, კარლოს აუგუსტო.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი - ზამბო ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი(?), კვარაცხელია.

სრულად წაკითხვა