PREVIEW | ყველაფერი ან არაფერი! უნდა მოვიგოთ, სხვა ვარიანტი არ განიხილება

2 months ago 37
  • 📅 21 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ლუქსემბურგი
  • როგორი განწყობა უნდა გვქონდეს და რას უნდა ველოდოთ თამაშში
  • ყველაფერი, რაც ეროვნული გუნდის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ცოტა ხნის წინ ეთერში ვსაუბრობდით და ტატო ბაციკაძემ თქვა, მეშინია, როცა ვაანალიზებ, თუ რამდენად დიდია სხვაობა ამ თამაშის მოგებას და მის ვერმოგებას შორისო. საქართველო და ქართული ფეხბურთი მართლა მივიდა იმ ზღვართან, იმ მიჯნასთან, როცა მისთვის ფსონი ასე გამოიყურება - „ყველაფერი ან არაფერი, Zero or Game!”

ევროპის ჩემპიონატის საგზური იმ ფონზე, რომ ახალი თაობის ფეხბურთელები, პირველ რიგში, ხვიჩა, მამარდა და სხვები მართლა უმაღლესი კლასის ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი ამბავი იქნება - ყველაზე დიდი განაცხადი ქართული სპორტის ისტორიაში და ეს იქნება დასაწყისი რაღაც ახლის ჩვენს ფეხბურთში, რადგან ყველას გვჯერა, რომ ეს გუნდი მომავალში მხოლოდ უკეთესი უნდა გახდეს.

მარცხი არის ის, რასაც ვერავინ გავიგებთ და მივიღებთ. საქართველომ ზედიზედ მეორედ მიიღო ძალიან კარგი შანსი ერთა ლიგის წყალობით. ზედიზედ მეორედ გვყავს მისაღები და დაძლევადი მოწინააღმდეგეები, ზედიზედ მეორედ, საგზურის ბედი თბილისში წყდება. ამაშიც გაგვიმართლა.

ამ შანსის მეორედ ვერგამოყენების უფლება არ გვაქვს

ამ მეორე შანსს ამძიმებს წინა წარუმატებლობა, მართლა ტრაგიკული, არგამართლების და ჩვენივე სიბანძის ისტორია. მაკედონიასთან უნდა მოგვეგო და მაინცდამაინც ხვიჩას აღმოაჩნდა კოვიდი. მაინცდამაინც ფეხბურთის მიმართ გადაწყვიტეს ჩინოვნიკებმა, რომ პრინციპულები უნდა ყოფილიყვნენ და მაშინ, როცა გარეთ დემონსტრაციებსა და პოლიტიკურ აქტივობებზე ათასობით ადამიანი თავისუფლად იკრიბებოდა, გულშემატკივარი სტადიონს მიღმა, ხოლო ნაკრები მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ამ თამაშის მერე, სულ რამდენიმე თვეში, ისევ კოვიდის დროს, უკვე ესპანეთი ჩამოვიდა, სტადიონი ნაწილობრივ გაივსო და მე მახსოვს, რომ ამ ამბავს მაშინ კოვიდ-ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება არ გამოუწვევია. თურმე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილა.

მოკლედ, მაშინ შევრცხვით და ის თამაში მოედანზე გასვლამდე წავაგეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ მოგვეგო. ეგ ისტორია ყველას გვახსოვს და მეორედ, ამ შანსის ვერგამოყენების უფლება არ გვაქვს. 

კადრი მაკედონიასთან ფინალის დასრულების შემდეგ

ამჯერადაც, ცუდად დავიწყეთ და ცუდად ვხვდებით ამ გამოწვევას. ხვიჩა კვარაცხელია ისევ არ არის, აუხსნელი და გაუგებარი მიზეზის გამო. ამჯერად ყვითელი ბარათები ვერ დავთვალეთ, თუ ვერ გავარკვიეთ. რაღაცნაირი საშინელებათა ფილმის სცენარივით ამბავია. ეს ყველაფერი წნეხს, ზეწოლას, შიშს მხოლოდ ზრდის. ამ თამაშს ხომ აქვს თავისი ფასი, მაგრამ ეს ფასი ამ გარე ფაქტორების და წინა ისტორიების გამო კიდევ უფრო გაზრდილია.

როცა ვამბობ "ეს თამაში", ბუნებრივია, ვგულისხმობ, მის ორივე რაუნდს და ორივე ეტაპს - როგორც ლუქსემბურგთან ნახევარფინალს, ასევე ფინალურ შეხვედრას. ეს თითქოს ერთი დიდი თამაშია, რომელიც ორი ეტაპისგან, ორი ნაწილისგან შედგება.

თუმცა, თუ წნეხი და ზეწოლა უფრო დიდია, თუ ფსონი კიდევ უფრო აბსოლუტურია, ეს არის პირველი შეხვედრა, ლუქსემბურგთან. იმიტომ, რომ ლუქსემბურგთან ვერმოგებას ამ ქვეყანაში ვერავინ გაიგებს. ისტორიულად ეს ქვეყანა საფეხბურთო რუკაზე თითქოს არ არსებობდა და ახლა, მათთან თბილისში წაგება, როგორი ამბავია?! ეს იქნება იმ ხალხის გამარჯვება, ვინც წლების მანძილზე ამტკიცებდა, რომ სტადიონები სპორტის სხვა სახეობებისთვის უნდა მიგვეცა, ფეხბურთი „გაგვეუქმებინა“ და „ამ სტადიონებზე რაღაცები დაგვეთესა“. ამ ხალხის და ამ ნარატივის გამარჯვება არ შეიძლება. მოკლედ, რაღაცნაირად ამ თამაშებზე, და კიდევ უფრო განსაკუთრებით, ლუქსემბურგთან თამაშზე, მთელი ქართული ფეხბურთის უახლოესი მომავალია დამოკიდებული.

ამიტომ უნდა მოვიგოთ, აუცილებლად და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!

მეტოქეს, შეიძლება, დიდი საფეხბურთო ისტორია არ აქვს და შორიდან საფეხბურთო რუკაზე არცთუ დიდად გამოიყურება, ისე რომ ყველას ლუქსემბურგთან შინაგანი გამარჯვების ვალდებულება გვაქვს, თუმცა რეალობაში მზარდი, კარგად ორგანიზებული, კარგად ნასწავლი და უსიამოვნო მეტოქეა. ევროპის შესარჩევში 10 თამაშში 17 ქულა აიღეს და მხოლოდ სამი მატჩი დათმეს, აქედან ორი პორტუგალიასთან. შესარჩევი, ობიექტურად, ჩვენზე უკეთ ჩაატარეს.

ამ შესარჩევში კიდევ ერთი რამ გამოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ ხარისხობრივი ზრდა საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს გუნდი განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა. ნორვეგია-შოტლანდიასთან ოთხ თამაშში სანიოლის გუნდმა ვერც ერთხელ ვერ მოიგო და ეს იმის წინაპირობაა, რომ შემდეგ შესარჩევებსაც აუცილებელი ფავორიტის სტატუსით არ შევხვდებით. ანუ, დიდ სანაკრებო ტურნირზე გასვლა თუ გვინდა, ეს უნდა მოხდეს აქ და ახლა. ამის შანსი და ასეთი შანსი შეიძლება კიდევ 20-30 წელი არ გვქონდეს.

კვარაცხელიაზე უკვე ვთქვით - მას გარეშე ნაკრების შემტევი პოტენციალი სულ მცირე ნახევრდება. კარგი ამბავი ის არის, რომ ბოლო პერიოდში სტაბილურად გააქვთ ბუდუ ზივზივაძეს და გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრების ორივე ფორვარდი კარგ ფორმაშია.

სავარაუდოდ, სანიოლი არ შეცვლის სათამაშო სქემას და საქართველოს ნაკრები სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს. ჯერ ერთი, ამ ეტაპზე ცვლილებების და ექსპერიმენტების დრო მართლა არ არის. მერე მეორეც: მართალი იყო დინამო ბათუმის უკრაინელი მწვრთნელი, დემჩენკო, როცა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები არცთუ ახალგაზრდა და სწრაფი მოთამაშეები არიან. ამ ინტერვიუს სრულიად უსაფუძვლო და იდიოტური ხმაური მოჰყვა, პროფესიულად ის კაცი მართალი იყო.

ნორვეგიასთან, როგორც კი სანიოლმა, თამაში 4 მცველზე, ანუ 2-ცენტრალურმცველიან სისტემაზე გადააწყო, საქართველოს ნაკრების დაცვაში მაშინვე სივრცე და მომენტები გაჩნდა. რომ არა მამარდაშვილის სეივები, საქართველო იმ შეხვედრაში 1 ქულას ვერ აიღებდა. ამიტომ, სამი მცველი უფრო სტაბილური ამბავია, სივრცეები უფრო ნაკლებად რჩება.

როგორ ვითამაშებთ კვარას გარეშე?

თუ საქართველო 3-5-2 ან 3-4-1-2 სისტემით ითამაშებს, მაშინ ორი მთავარი ინტრიგა რჩება. პირველი ის არის, ვინ შეცვლის კვარას და როგორ გადალაგდება ნაკრების შემტევი ხაზი.

ვარიანტი რამდენიმეა: შესაძლოა, სანიოლმა უფრო ფრთხილი და ბურთის კონტროლზე ორიენტირებული ვარიანტი აირჩიოს, ანუ, გამოკვეთილი ფორვარდის უკან ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი დადგნენ, მათ უკან კიდევ ორი საყრდენი ნახევარმცველი და საქართველოს მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰყავდეს და განლაგებამ 3-4-2-1, დაცვით ფაზაში, 3-6-1 ფორმა მიიღოს. ლუქსემბურგის ნაკრებს ბურთის ფლობა უყვარს და ერთდროულად ორი ნახევარმცველი + ჩაკვე-კიტეიშვილის ტანდემით სანიოლი აქცენტს ბურთის ფლობაზე და მეტოქის უბურთოდ დატოვებაზე გააკეთებს.

კვარას არყოფნაში, ჩაკვეს კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

შესაძლებელია უფრო შემტევი ვარიანტიც. მაგალითად, კიტეიშვილის გამოჩენა ნახევარდაცვაში და მის წინ ორი უფრო შემტევი ნახევარმცველი - ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შემტევ ფაზაში სანიოლის გუნდმა 3-4-1-2 ფორმა მიიღოს და ჩაკვეტაძესთან ერთად ორი გამოკვეთილი ფორვარდი, მიქაუტაძე და ბუდუ ერთად გამოიყენოს. ლუქსემბურგი აუტსაიდერივით, დაცვიდან, საჯარიმოდან არ თამაშობს, პირიქით, ბურთის კონტროლი უყვარს და ორი ფორვარდით იმის რისკი გაჩნდება, რომ საქართველომ ბურთი მეტოქეს დაუთმოს. ასეთ შემთხვევაში, შუა ხაზში, პრესინგში და ბურთის ფლობაში, სანიოლის გუნდს ერთი მოთამაშე დააკლდება.

ბუდუ თუ მიქაუტაძე?

წინა ხაზზე დიდი ინტრიგაა - ვინ დაიწყებს ძირითადში - ბუდუ თუ მიქაუტაძე? ორივე კარგ ფორმაშია, ეს უკვე გითხარით. გადამწყვეტი ალბათ ის იქნება, თუ რა არის ჩვენი გუნდის ტაქტიკური მონახაზისთვის მთავარი - მიქაუტაძის მობილურობა და არასტანდარტულობა, თუ ბუდუს საჯარიმოში თამაშის უნარი. განსხვავებული ფორვარდები არიან - ბუდუ უფრო საჯარიმოს, კლასიკური ცენტრფორვარდია, უფრო ათლეტური, მაღალი და ერთი შეხების. მიქაუტაძეს უფრო მეტად ეხერხება მანევრირება, საჯარიმოს გარეთ გამოსვლა და მომენტის მოძებნა.

მეორე დიდი ინტრიგა შუა ხაზშია. ნახევარმცველების ტრიო თუ დუეტი საქართველოს ნაკრებში მუდამ იცვლება ხოლმე. ეს რგოლი ეროვნული გუნდისთვის ალბათ ყველაზე პრობლემურია. საინტერესოა, ვის ათამაშებს ახლა სანიოლი. მაგალითად, კანკავა ითამაშებს, კვეკვესკირი თუ ქოჩორაშვილი - ეს დიამეტრულად ცვლის სათამაშო სქემას და სტილს.

მეტი ნაკრების თემაზე

ჯაბას ნაკრებში დაბრუნებაზეც უნდა ითქვას. ამ კლასის და გამოცდილების მოთამაშის დაბრუნება მხოლოდ კარგი ამბავია. თუნდაც ემოციურ დონეზე. ასეთ თამაშებს განსაკუთრებული ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი და დატვირთვა მოჰყვება. კანკავას გამოცდილება და ავტორიტეტი ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა.

მეორე საკითხია, ჯაბა რამდენად ითამაშებს. მგონია, რომ თუ გამოიძახა, სანიოლს ის მოედანზეც სჭირდება. ის გუნდში მხოლოდ განწყობისთვის არ არის.

საქართველოს შემადგენლობა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია  - ყველა რგოლში საკმაოდ ბევრი კითხვაა.

გარანტირებული რაც არის, ეს ჩვენი საშინაო უპირატესობაა. სახლში ვთამაშობთ, სავსე სტადიონზე, ძალიან ემოციური, ისტორიის დაწერის მოლოდინებით აღსავსე გულშემატკივრებთან ერთად. მართლა 12 რომ ვიქნებით 11-ის წინააღმდეგ, ამაში ეჭვი არ გვეპარება.

ემოციურად კარგი ამბავია ისიც, რომ ილია თოფურია თავის საჩემპიონო ქამარს ტრიბუნებს ამ მატჩის წინ აჩვენებს. გამარჯვების და ერთიანობის განცდას, ჩემპიონურ განწყობას, თვითრწმენას ეს მხოლოდ წაადგება. ილია ამ ყველაფერთან, პირველ რიგში, გამარჯვებასთან ასოცირდება.

ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევძლოთ. გამარჯვების გარდა სხვა არჩევანი მართლა არ არსებობს - Zero or Game!

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდებიან. წინა ოთხი მატჩიდან 2-ჯერ საქართველომ მოიგო, ერთხელ მეტოქემ და ერთხელაც ფრე (0:0) დაფიქსირდა.

🟠 2001 წლის 15 აგვისტოს საქართველომ ლუქსემბურგს გიორგი დემეტრაძის დუბლით და რატი ალექსიძის გოლით 3:0 აჯობა. იმ მატჩში მოედანზე იყო ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც დღეს ვილი სანიოლის ასისტენტია, ხოლო ლუქსემბურგელთა მხრიდან ითამაშა ლუკ ჰოლტცმა, რომელიც დღეს მეტოქის მთავარი მწვრთნელია.

🟠 2012 წლის 15 აგვისტოს, საქართველომ ლუქსემბურგი ლევან მჭედლიძის და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა (სხვათა შორის, საგოლე პასებიც მათ გააკეთეს). ამ შეხვედრაში ნაკრებს ჯაბა კანკავა კაპიტნობდა, მოედანზე იყო გურამ კაშიაც, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო (მე-14 წუთზე).

🟠 ბოლო დაპირისპირება 2018 წლის 5 ივნისს შედგა და ლუქსემბურგის გამარჯვებით დასრულდა (1:0). ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ, (ისინი ძირითადში იყვნენ), ხოლო შეცვლაზე ითამაშეს ოთარ კიტეიშვილმა, ლაშა დვალმა და ბუდუ ზივზივაძემ. აღსანიშნავია, რომ წინა ოთხივე შეხვედრა ამხანაგური იყო.

🟠 საქართველოს ნაკრებმა 280 მატჩი ითამაშა: 89 გამარჯვება, 59 ფრე, 132 მარცხი. ბურთების შეფარდება: 338:396.

🟠 ლუქსემბურგის ნაკრებს ბოლო ორი მატჩი მოგებული აქვს (ბოსნიასთან და ლიხტენშტაინთან).

🟠 ლუქსემბურგს სტუმრად ბოლო 8 მატჩიდან ერთადერთი წაგება აქვს, ისიც პორტუგალიასთან დიდი ანგარიშით 0:9 (4 მოგება, 3 ფრე).

🟠 საქართველოს ნაკრებს საკუთარ მოედანზე ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული - ესპანეთთან 1:7 (7 მოგება, 3 ფრე).

🟠 საქართველოს ნაკრებში 2021 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჯაბა კანკავა, რომელიც ეროვნულ გუნდში 101-ე მატჩს ჩაატარებს და ლევან კობიაშვილს გადაასწრებს. მასზე წინ მხოლოდ გურამ კაშიაა, რომელიც 111-ე სანაკრებო მატჩის მოლოდინშია.

🟠 გიორგი მიქაუტაძეს შანსი აქვს ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით კაბა კანკავას გაუთანაბრდეს. მიქაუტაძის აქტივში ამჟამად 9 გოლია (22 შეხვედრაში). ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც პოკერი აქვს შესრულებული (ტაილანდთან).

🟠 ამ შეხვედრას გამოტოვებს ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრებმა მის გარეშე ბოლო ორი მატჩიდან 1 მოიგო (მონღოლეთთან) და 1 წააგო (მაროკოსთან). თუმცა, ორივე ეს თამაში ამხანაგური იყო.

🟠 ჟერსონ როდრიგესი, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავის სლოვანში თანაგუნდელები არიან.

🟠 საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის გამოცდილება აქვს. 2020 წელს, ნახევარფინალში ბელარუსი 1:0 დაამარცხა, ფინალში კი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო. ლუქსემბურგი პირველად ითამაშებს ამ ეტაპზე.

🟠 ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საშინაო კედლებში 14 შეხვედრა ჩაატარა და გოლის გატანა მხოლოდ სამ მატჩში ვერ შეძლო - კოსოვოსთან (0:1), საბერძნეთთან (0:2) და ბულგარეთთან (0:0).

🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ლუქსემბურგის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ამ ნაკრებების წინა ოთხ დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ კი, ორივე გუნდმა ვერ გაიტანა...

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კანკავა, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - ზივზივაძე, მიქაუტაძე.

სრულად წაკითხვა