„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა ისნის გამგეობასთან 712-ათასიანი კონტრაქტი გააფორმა.
საუბარია ისნის რაიონში გზების, შიდა კვარტალური ქუჩების, ორმოულებისა და მიმდინარე საგზაო შეკეთებით (მოცულობითი) სამუშაოების ტენდერზე.
„2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო. ეს არის კარგად აწყობილი კორუფციული სქემა, რომელიც წლებია, ჩვენი ბიუჯეტიდან იკვებება. აი, როგორ მუშაობს ეს ბიზნეს-მოდელი: შეწირულობიდან რამდენიმე კვირაში, თვის ბოლოს კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მიიღო. ჯამში, ივლისში გადარიცხული 60 ათასი ლარი 1.4 მილიონიან კონტრაქტებად იქცა“, — აცხადებს TI—საქართველო.
ორგანიზაციის ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, შპს „არსაკიძე-2000“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 49 მილიონი ლარის 108 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 45 მილიონი ლარი, ჯამში 96 ტენდერი მხოლოდ ისნისა და სამგორის გამგეობებზე მოდის.
„ტენდერების მიღმა, კომპანიას სახელმწიფოსგან 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც აქვს მიღებული (მათ შორის, 266 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტი 2025 წლის აგვისტოში ისევ ისნის გამგეობისგან). თავის მხრივ, უსანეთაშვილმა 2017 წლიდან „ოცნებას“ უკვე 516 000 ლარი შესწირა. ის პარტიას ყოველწლიურად კანონით დაშვებულ მაქსიმუმს ურიცხავს. სხვათა შორის, ტრადიციას არც წარსულში არღვევდა – 2012 წელს მან მაშინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა 30 000 ლარი“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციაში.
ისნის გამგეობაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ტენდერიც კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა და გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს შესყიდვების შესახებ არსებული კანონით. აღნიშნული ტენდერიც ჩატარებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც გამოვლინდა სამი პრეტენდენტი, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა“, — ნათქვამია გამგეობის პასუხში.
netgazeti